შიშები II - რისი ეშინიათ ცნობილ ადამიანებს

Approved by Natia Jinjolava


გუშინდელი სტატიის შემდეგ (შიშებზე), რაღაც ყურები ჩამოვყარე - საკუთარი თავი და დანარჩენი კაცობრიობაც შემეცოდა - გეგონება ცხოვრების რეალური სირთულეები არ გყოფნიდა - განგებამ განგებ მოგონილიც მოიგონა. თავი რომ ცოტა მაინც მენუგეშებინა და სხვისი უბედურების შემხედვარეს საკუთარი მშვიდი ცხოვრებით გამეხარა, გადავწყვიტე გამომერკვია რისი ეშინიათ „ბედის ნებიერა“ ცნობილ ადამიანებს.
მაგრამ სანამ ე.წ. „სელებრითებზე“ გადავალ ნება მომეცით, ცოტა ჩვენნაირ, უბრალო მოკვდავებზეც ვიხალისო და თქვენც გაგახაროთ: სხვა თუ არაფერი იმით მაინც, რომ ასეთი შიშები არ გაქვთ. ავადმყოფს არ დასცინიან, მაგრამ ზოგს ისეთი რაღაცეების ეშინია, ზიხარ და შენთვის გიხარია, ფობია გადამდები რომ არაა. მაგალითად, ქრონოიპოქონდრიით დაავადებულებს ეშინიათ, რომ წარსულში მოხვდებიან, იქ ჩვენს დროში განკურნებად, მაგრამ იმ დროისთვის ჯერ კიდევ უკურნებელ სენს აიკიდებენ, დროის მანქანა კი გაფუჭდება და სამკურნალოდ უკან ვეღარ ჩამოვლენ, ძველ დროში ჩარჩებიან და მედიცინის განუვითარებლობის გამო მოკვდებიან. ამ ფორმის ფობიაშეყრილმა ერთმა კაცმა პენიცილინის მიღების წესებიც კი ისწავლა ძველი დროის დინოზავრებივით გადაშენებული გრიპებისგან თავდასაცავად.
კლასკსფობია ვისაც ჭირს, მათ რენესანსის ხანის ტილოების, რომაული და ბერძნული ქანდაკებების, სამუზეომო ექსპონანტების... ერთი სიტყვით ყველაფერი კლასიკურის ეშინიათ ანტიკური ღმერთების ჩათვლით. თქვენ თუ რომელიმე ერთი ციფრი გეშინიათ, მაშინ ჰიპერ-სპეციფიური ნუმეროფობია გაქვთ! კაცი რომელსაც 211-ის ეშინოდა, ნებისმიერ წიგნში ამ გვერდამდე მივიდოდა თუ არა, სიკვდილის შიში იპყრობდა და პანიკაში ვარდებოდა. ციფერბლატზე 2 საათსა და 11 წუთს თუ დაინახავდა, წუთის გასვლას და 12-ის დადგომას მეორედ მოსვლასავით სუნთქვაშეკრული ელოდა. გარტბრუკსავტოფობია თუ გაქვთ, თქვენ ქანთრის მუსიკის ქვეშ (გარტ ბრუქსი ქანთრის ცნობილი შემსრულებელია) ავტოავარიაში დაღუპვის გეშინიათ. სიგნალოფობიით დაავადებულ ადამიანებს ეშინიათ ყველაფრის, რაც რაიმე ტიპის ხმას გამოსცემს. სხვათა შორის, ერთი ასეთი ადამიანი საქართველოშიც ცხოვრობს. ერთ დრეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმა ქალბატონმა მიმართა და ქვეყნის მასშტაბით ავტომანქანებისთვის დასიგნალების უფლების ჩამორთმევა მოითხოვა. რომ კითხეს, რას გიშავებენო, ასეთი ისტორია მოყვა: „ყოველ საღამოს 8 საათზე წყალს ვაცხელებ, ტაშტში ვასხამ და ფეხებს ვიბანო. როგორც კი დავჯდები და ტაშტში ფეხებს დასათბობად ჩავალაგებ, გარედან ვიღაც მისიგნალებს, მე ფანჯარასთან მივდივარ, ვიხედები, არავინ ჩანს და უკან რომ ვბრუნდები, ფეხის დასაბანი წყალი გაცივებული მხვდებაო“. შეწუხებული ქალი თავის „უბედურებაში“ ბრალს საძაგელ მეზობლებს დებდა, რომელიც სპეციალურად უსიგნალებდნენ, რომ ფეხების დაბანაში შეეშალათ ხელი... მდა...
ახლა ისევ ცნობილ ადამიანებს მივუბრუნდეთ და გავიგოთ ვისი ან რისი შიში უბრთხობთ ან უფრთხობდათ ტკბილ ძილს: ცნობილი ფსიქოლოგს და ფსიქოანალიზის მამამთავარ ზიგმუნდ ფროიდს არა ერთი ფობია ტანჯავდა, მაგრამ ყველაზე მეტად მატარებლების და რკინიგზაზე მგზავრობის ეშინოდა. ავიაკონსტრუქტორმა ჰოვარდ ჰიუზმა ვირუსებისა და მიკროოგრანიზმებისგან თავდასაცავად სიცოცხლის უკანასკნელი წლები სასტუმროს ბნელ ოთახში დედიშობილად გაატარა. მერლინ მონროს თავისი პროფესიისათვის საკმაოდ უჩვეულო შიში - აგორაფობია, ანუ გაშლილი და ღია ადგილების შიში აწუხებდა. ალფრედ ჰიჩკოკი ვერ იტანდა კვერცხებს, თუმცა მის ასისტენტს თუ დავუჯერებთ, ჰიჩკოკი ვერავის და ვერაფერს ვერ იტანდა. ნატალი ვუდს წყლის ეშინოდა და ცურვაც კი არ იცოდა. ექვსგზის ჯეიმს ბონდს, როჯერ მურს არანორმალურად ეშინოდა ცეცხლსასროლი იარაღის, მის კოლეგა შონ კონერის კი დამუხრუჭების დროს დამტვრევის იმდენად ეშინია, რომ შუქნიშანის დანახვაზე ხელები ეყინება და აკანკალებს. უშიშარ და უძლეველ „ნიკოს“ როლის შემსრულებელ სტივენ სიგალს ცხოვრებაში მოწამვლის ეშინია და შედეგად, სანამ კრგად არ დაათვალიერებს, არაფერს არ ჭამს, რესტორნებში კი საკუთარი დანა-ჩანგლით დადის. ბილი ბობ ტორნტონს ანტიკვარიატის ეშინია და დარწმუნებულია, რომ ასეთ ნივთებს თავისი ახალი მფლობელების მოკვლა შეუძლიათ. ჯონი დეპს და პაფ დედის ჯამბაზების და საერთოდ, გრიმით მოხატული სახის ბავშვობიდან ეშინიათ. როგორც ჯონი დეპი ამბობს: „ნიღბის იქით თითქოს სიცარიელეა და სიცარიელე თუ არ არის, მაშინ ეშმაკის სახე უნდა იყოს“.
ანდრე აგასის და ჯასტინ ტიმბერლეიკს პანიკურად ეშინიათ ობობების. ჯონ ბონ ჯოვის ბევრი სხვა მამაკაცივით ყველაზე მეტად გამოლოტების ეშინია. პენელოპა კრუსმა სიგარეტის მოწევას თავი დიდი ხანია დაანება და ახლა სულ იმის შიშშია, რომ ისევ არ დაიწყოს! ორლანდო ბლუმს პატარა გოჭუნების დანახვაზე მიდსი გული, მეტიუ მაკკონეჰის კი გვირაბების და სატრიალო კარებების ეშინია. ჯონ ტრავოლტას და კიანუ რივზს მობილურის ზარის გაგონებაზე უსკდებათ გული და დიდი ხანი პასუხის გაცემასაც ვერ ბედავენ და თან რივზს სიბნელის, ტრავოლტას კი თოჯინების ეშინია...
ვერაფერს იტყვი, ამ ქვეყნად რამდენი ადამიანიცაა, იმდენივე ფობია და წიკია. შუქნიშანათნ შიშისგან აკანკალებულ შონ კონერი ან ბარბის დანახვაზე დაზაფრულ ტრავოლტას რომ წარმოიდგენ, სამსახურის კომპიუტერთან ან სახლში ტელევიზორთან გატარებული შენი თითქოსდა მდორე ცხოვრება ერთგვარ მომხიბვლელობასაც იძენს. ეს ცხოვრება იმდენად პატარა და იმდენად ერთია, რომ მისი შიშებზე გაფლანგვა არ ღირს. აბა, რა გითხრათ? სულიერ სიმშვიდეს და გამძლე ნერვებს გისურვებთ!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment