7.11.11
სალათა „Сельдь под шубой“
Approved by
სალათა „შუბა“ ვის არ გაუგონია და ვის არ უყვარს, მაინცდამაინც თევზთმოძულე
თუ არ არის, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი შექმნის მეტად რომანტიული და სასაცილო ისტორია.
შორეულ 1918 წელს ერთი ვაჭარი ანასტასი ბოგომილოვი მოსკოვსა და ტვერში გახსნილი საკუთარი
ტრაქტირიების ბედმა ფრიად შეაშფოთა. მოგეხსენებათ როგორი არეული დრო იყო და დასალევად
მოსული ხალხი, ჯერ ყაყანს და მერე ჩხუბს იწყებდა, რომელიც მეტწილად ხელჩართულ ბრძოლაში
იზრდებოდა და შედეგად უამრავი ჭურჭელი, მაგიდები, სკამები და ფანჯრებიც კი, ანუ ბოგომილოვის ქონება ილეწებოდა და ნადგურდებოდა. ამიტომ გონიერმა „ბიზნესმენმა“ შარიანი და მოჩხუბარი ხალხისაგან თავდასაცავად თავის ხელქვეითებს
განსაკუთრებული კერძის მომზადება დაავალა. შედეგად, ახალი 1919 წლის დადგომის ღამეს
მისი კლიენტები მზარეული არისტარხ პროკოფცევის მიერ შექმნილ ახალ სალათას მიირთმევდნენ,
რომელსაც სრულიად რევოლუციური სიმბოლიკით დატვირთული შემადგენლობა ქონდა. ქაშაყის
(პროლეტარიატის სიმბოლო), კარტოფილის (მუშათა კლასის სიმბოლო), ჭარხალისა (ბოლშევიკური
დროშის სისხლის ფერი) და ფრანგული სოუსი „პროვანსალისაგან“ გაკეთებულ კერძს სახელიც
შესაბამისი შეურჩიეს: Ш.У.Б.А. – რაც, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ასე
იშიფრებოდა: „ Шовинизму и Упадку – Бойкот и Анафема“.
კლიენტებს ახალი კერძი ძალიან მოეწონათ, სასმელს სიამოვნებით აყოლებდნენ, მისი ჭკვიანური
შედგენილობის წყალობით ნაკლებად თვრებოდნენ და შედეგად, აღარც ჩხუბობდნენ.
მალე ჯერ პირველი და მერე მეორე მსოფლიო ომები დაიწყო, ბოგომილოვი და პროკპფცევი
დავიწყებას მიეცა, ისევე როგორც სალათის სათაურისა და შემადგენლობის პროლეტარიატული
დატვირთვაც და ამ უბრალოდ გემრიელს და ხელმისაწვდომ კერძს ხალხმა „ქაშაყი შუბის (ანუ
ქურქის) ქვეშ“ დაარქვა.
რეალურად, ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ რევოლუციის შემდგომ რუსეთში გაღლეტილი
პროლეტარიატი ახალი წლის დადგომას საერთოდ აღნიშნავდა, და მით უმეტეს, ტრაქტირებში
ხვდებოდა, მაგრამ ძალიან ლამაზი ლეგენდაა და ნუ გამოვეკიდებით, თორემ იმასაც ამბობენ,
რომ სინამდვილეში „შუბა“ საბჭოთა ადამიანების სუფრაზე მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან
გამოჩნდა და მალე მთელ ქვეყანას მოედო. კლასიკური ვარიანტი თეფშზე ფენა-ფენა დაწყობილი
ქაშაყის, გახეხილი მოხარშული კარტოფილის, სტაფილოს და ჭარხლისაგან შედგებოდა, რომელსაც
თავზე მაიონეზს ასხამდნენ და ოხრახუშის ფოთლებით რთავდნენ. კვერცხი და ხახვი რეცეპტში
მოგვიანებით ჩაამატეს. და კიდევ ერთი, „შუბა“ მით უფრო გემრიელია, რაც უფრო მეტხანს
გავაჩერებთ მაცივარში.
„შუბა“ კლასიკური
300 გრ სტაფილო,
300 გრ კარტოფილი, 300 გრ ჭარხალი, 300 გრ ქაშაყის ფილე, 1 პაკეტი მაიონეზი, ოხრახუშის
რამდენიმე ტოტი მოსართავად
ჭარხალი, კარტოფილი და სტაფილო მოვხარშოთ ცალ-ცალკე (შეგიძლიათ ერთად მოხარშოთ,
მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სტაფილო ყველაზე მალე იხარშება, ჭარხალი კი დანარჩენებს
შეღებავს), გავფცქვნათ, გავაგრილოთ და გავხეხოთ სახეხის მსხვილ მხარეზე. ქაშაყის ფილე
დავჭრათ კუბიკებად. ავიღოთ დიდი თეფში და ქაშაყის პირველი ფენა დავყაროთ, თავზე მოვასხათ
მაიონეზი. შემდეგ დავაფინოთ კარტოფილის ფენა, მოვასხათ მაიონეზი, შემდეგ სტაფილოს ფენა,
იმასაც მოვასხათ მაიონეზი. ბოლოს დავამთავროთ ჭარხლის ფენით. მოვასხათ მაიონეზი და
მოვრთოთ ოხრახუშის ფოთლებით.
„შუბა“ (თანამედროვე
ვარიანტი)
2 ცალი ქაშაყის
ფილე, 2 ცალი კარტოფილი, 2 ცალი სტაფილო, 2 ცალი ჭარხალი, 3 ცალი კვერცხი, 1 ცალი ხახვი,
1 პაკეტი მაიონეზი. წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი მოსართავად
კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო და კვერცხი მოვხარშოთ, გავაგრილოთ, გავფცქვნათ
და გავხეხოთ. ქაშაყის ფილე დავჭრათ კუბიკებად. ავიღოთ დიდი თეფში და პირველ ფენად დვყაროთ
კარტოფილი, მოვასწოროთ და მოვასხათ მაიონეზი, ზემოდან გავანაწილოთ ქაშაყი, მოვასხათ
მაიონეზი და მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, მოვასხათ მაიონეზი და დავაყაროთ გახეხილი კვერცხი.
მოვასხათ მაიონეზი. შემდეგ მოვაყაროთ სტაფილო, მასაც მოვასხათ მაიონეზი. ბოლოს მოვაყაროთ
ჭარხლის ფენა, მასაც მოვასხათ მაიონეზი და მოვრთოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვით.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს - რაც უფრო მეტია მაიონეზი, მით უფრო გემრიელია სალათა.
„შუბა“ არაჟნით
2 ცალი ქაშაყის
ფილე, 1 ხახვი, 3-4 საშუალო ზომის კარტოფილი, 3 კვერცხი, 2 საშუალო ზომის სტაფილო,
2 საშუალო ჭარხალი, 150 მლ მაიონეზი, 150 მლ არაჟანი, ოხრახუშის ფოთლები
მოვხარშოთ სტაფილო და კარტოფილი მარილიან წყალში. ჭარხალი მოვხარშოთ ცალკე
და სახარშ წყალს მარილის ნაცვლად ლიმონის წვენი ან ცოტაოდენი ძმარი დავუმატოთ. მოვხარშოთ
კვერცხი და დავჭრათ წვრილად. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და 2 წუთით მდუღარე წყალში ჩავყაროთ
(სიმწარე რომ გაუვიდეს). არაჟანი და მაიონეზი ერთმანეთში ავურიოთ. მოხარშული ბოსტნეული
გავფცქვნათ და გავხეხოთ. ავიღოთ ჯამი და პროდუქტების ფენა-ფენა ჩალაგება დავიწყოთ ისე,
რომ თითოსგან 2 ფენა გამოგვივიდეს. ფენები ასეთი თანმიმდევრობით დავალაგოთ: ხახვი,
ქაშაყი, კარტოფილი, მაიონეზი და არაჟანი, კვერცხი, სტაფილო, ჭარხალი, მაიონეზი და არაჟანი
და იგივე გავიმეოროთ კიდევ ერთხელ. მოვრთოთ ოხრახუშის ფოთლებით.
ერთი რჩევა: გახეხილი ჭარხალი და დაჭრილი ხახვი კიდევ უფრო გემრიელი იქნება
სალათაში გამოყენებამდე ნახევარი საათით მარილის, შაქრისა და ლიმონის წვენის მარინადში
თუ ჩავდებთ.
„შუბა“ ვაშლით
300 გრ ქაშაყის
ფილე, 300 გრ კარტოფილი, 300 გრ სტაფილო, 300 გრ ჭარხალი, 300 გრ ვაშლი, 150 გრ ხახვი,
1 პაკეტი მაიონეზი
სტაფილო და კარტოფილი მოვხარშოთ. ცალკე მოვხარშოთ ჭარხალი. მოხარშული
ბოსტნეული გავაციოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად. ხახვი თუ მწარეა,
დავასხათ მდუღარე წყალო და 10 წუთი გავაჩეროთ. ქაშაყის ფილე დავჭრათ კუბიკებად. ვაშლი
გავხეხოთ. გრძელ და ვიწრო (სასურველია მართკუთხედი ფორმის) თეფშზე თანაბრად გავშალოთ
გახეხილი კარტოფილი და გადავუსვათ მაიონეზი. ზემოდან მოვაყაროთ ქაშაყი და გადავუსვათ
მაიონეზი. მოვაყაროთ ხახვი, მერე სტაფილო და გადავუსვათ მაიონეზი. მერე ვაშლი, ისევ
მაიონეზი და ბოლოს ჭარხალი. მოვასწოროთ და მოვრთოთ მაიონეზით.
კოქტეილი „შუბა“
ნახევარი ქაშაყის
ფილე, პატარა თავი ხახვი და ცოტაოდენი ოხრახუში, 2 მოხარშული კარტოფილი, 1 მოხარშული
დიდი სტაფილო, 1 მოხარშული ჭარხალი, მაიონეზი, 100 მლ ნაღები, კამის ფოთლები მოსართავად
ნაღები და ქაშაყის ფილე ბლენდერში ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე ვთქვიფოთ.
გავანაწილოთ სირჩებში. ასევე ბლენდერში დავაქუცმაცოთ ხახვი, ოხრახუში და 1 ჩ/კ წყალი.
სირჩებში გავანაწილოდ მეორე ფენად. მოხარშული კარტოფილი, ნაღები, მარილი და პილპილიც
ავთქვიფოთ და გავანაწილოდ მესამე ფენად. მეოთხე ფენად გავანაწილოთ გახეხილი სტაფილო.
გახეხილი ჭარხალი გავანაწილოთ მეხუთე ფენად. ზევიდან მოვასხათ მაიონეზი და მოვრთოთ
კამის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment