მონტესუმა და ცხელი შოკოლადი

Approved by Natia Jinjolava


დაზამთრდა, აცივდა და გულმაც ცხელი სასმელებისკენ გაიწია. გამოსაფხიზლებლად და გაყინული ხელების გასათბობად კარგი, მაგარი ჩაიც გამოდგება (რომელსაც სხვათა შორის, კოფეინი ყავაზე ბევრად მეტი აქვს), მაგრამ რამე უფრო მეტად რომანტიული და სულის მაამებელი თუ გსურთ, მაშინ ცხელი შოკოლადი უნდა მოადუღოთ.
შოკოლადს კი ჯერ კიდევ კოლუმბამდელ ჩრდილოეთ ამერიკაში ადუღებდნენ ადგილობრივი ტომები, კერძოდ კი აცტეკები. თუმცა, დღევანდელისგან განსხვავებით მაშნდელი სასმელი შოკოლადი არც ცხელი იყო და არც ტკბილი და ისეთ გვარიან პორცია ალკოჰოლსაც შეიცავდა, რომ ქალებს, ბავშვებს და მოხუვებს ახლოსაც არ აკარებდნენ. შოკოლადის დალევა მხოლოდ ჭეშმარიტი მამაკაცების ხვედრი იყო და ამიტომაც მიართვა მონტესუმა მეორემ 1519 წელს მექსიკის სანაპიროს მიმდგარ ერნანდო კორტესს კაკაოს მარცვლების, ვანილისა და ცხარე წიწაკისგან მოდუღებული სასმელი, რომელიც იქროს თასში ესხა და „ჩოკოლატლი“ ერქვა, რაც აცტეკების ენაზე ქაფიან წყალს ნიშნავდა. თავად მონტესუმა შოკოლადს დღეში რამდენჯერმე მიირთმევდა და თვლიდა რომ ასე გონებას სიბრძნეს და სხეულს პოტენციას მატებდა (სხვათა შორის, ითვლება, რომ აცტეკების ბელადი არც ერთ უჩიოდა და არც მეორეს). სწორედ კორტესმა ჩამოიტანა „გონებისა და სხეულის გამაახალგაზრდავებელი“ სასმელი ევროპაში 1527 წელს, რომლiს რეცეპტიც ჯერ ესპანეთის სამეფოს სახელმწიფო საიდუმლოდ გამოცხადდა (ამ საიდუმლოს გაცემისთვის არც მეტი არც ნაკლები, 80 კაცი დაისაჯა სიკვდილით) და მოგვიანებით კი შაქარიც დაემატა და ჩვენთვის ნაცნობ შოკოლადს დაემსგავსა.

ცხელი შოკოლადი
ცხელი შოკოლადის ძირითადი რეცეპტი ასეთია: 0,5 ლ რძე, 1 ფილა შოკოლადი
პატარა ქვაბით დადგით რძე გაზქურაზე, დუღილამდე, რომ მივა ჩაყარეთ დატეხილი შოკოლადი და მოურიეთ, სანამ შოკოლადი არ გადნება. ცხელი შოკოლადი უნდა იყოს საკმაოდ სქელი და ბლანტი. რაიმე მიზეზით ძალიან თხელი თუ გამოვიდა, ცოტა მეტხანს გააჩერეთ ცეცხლზე და შესქელება აცადეთ. დაასხით თურქული ყავის ჭიქებში და მიირთვით გემრიელად.
ახლა ვარიაციები თემაზე: თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ შოკოლადის სახეობა (შავი თუ რძიანი, მთავარია თხილიანი არ იყოს, თორემ მერე გადწურვა მოგიწევთ). ვისაც უფრო ნაზი და ტკბილი გიყვართ, რძიანი აირჩიეთ. უფრო ცხიმიანი რომ გამოვიდეს რძის პორციის ნახევრის შეცვლა ნაღებით შეიძლება. თავად გამზადებულ სასმელში შეგიძლიათ ჩაამატოთ ვანილი, დარიჩინი, ხსნადი ყავა, ალკოჰოლი (ყავის ლიქიორი ან ბრენდი, რომი). ვისაც უფრო ტკბილი გიყვართ, ხარშვის პროცესში დაუმატეთ შაქარი. ვისაც მწარე სასმელები გიყვართ, აარჩიეთ 80%-იანი შავი შოკოლადის ფილა. ცხელ შოკოლადს ძალიან უხდება სულ ცოტა (დანის წვერზე) დაფქული წითელი წიწაკა... შეგიძლიათ მისი ზედაპირი მორთოთ ათქვეფილი ნაღებით და მოაყაროთ წვრილად დაფხვნილი „პეჩენიე“ ან ნიგოზი.
მოკლედ, ცხელი შოკოლადის გემო და არომატი მთლიანად თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული. მხოლოდ ერთი რამ დაიმახსოვრეთ: ცხელი შოკოლადი მზადდება შოკოლადისა და რძისაგან და უნდა იყოს სქელი! წყალწყალა და კაკაოს ფხვნილისა და რძის ნარევი ჩვეულებრივი კაკაოა.

არსებობს ცხელი შოკოლადის კიდევ ერთი ნაირასხეობა, რომელიც უფრო მეტი რძით მაზდდება და ამიტომ მას სახამებლით ასქელებენ:
ცხელი შოკოლადი 2
ინგრედიენტები: 1 ლ რძე, 250 გრ რძიანი შოკოლადი, 2-3 ჩ/კ სახამებელი
სახამებელი გახსენით 1 ჭ რძეში. დანარჩენი რძე წამოადუღეთ და ჩაყარეთ დატეხილი შოკოლადი და ურიეთ სანამ არ გადნება. ადუღბულ რძეში ჩაამატეთ სახამებლიანი რძე და ადუღეთ (თან ურიეთ) სანამ არ შესქელდება.

და ერთიც ეგზოტიკური რეცეპტი:
ცხელი შოკოლადი ბანანით
ინგრედიენტები: 900 მლ რძე, 2 ცალი ბანანი, 100 გრ შოკოლადი, დარიჩინი დანის წვერზე. 1 ბანანი მოსართავად
ბანანი გაფცქვებით და დატეხეთ, დატეხეთ შოკოლადიც. შოკოლადს და ბანანს დაასხით რძე და დაბალ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე. ურიეთ სანამ შოკოლადი ბოლომდე არ გადნება და მერე გადმოდგით ცეცხლიდან. ცხელი შოკოლადი ჩაასხით ბლენდერში და კარგად ათქვიფეთ (ბანანი რომ ერთგვაროვან მასად იქცეს). გაანაწილეთ ჭიქებში და მორთეთ ცოცხალი ბანანის მეოთხედებით.
გემრიელად მიირთვით!


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment