21.11.11
Thanksgiving ანუ მადლიერების დღე და ბობი ფლეის შემწვარი ინდაური
Approved by
ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიას და მადლიერების დღის შექმნის ირგვლივ არსებული მითების მოყოლას არ დავიწყებ (ყოველ შემთხვევაში დღეს), უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ ჩრდილოეთ ამერიკელები ყოველი წლის შემოდგომაზე ამ თარიღს ინდაურით, გოგრის ნამცხვრითა და ოჯახური სადილით აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გონია (მათ შორის ამერიკელებსაც) რომ „ინდაურის დღე“ ინდიელებთან შერიგების ნიშნად დააწესეს, სინამდვილეში იგი მოსავლის დაბინავებისა და ღვთისთვის მადლობის გადახდას ემსახურებოდა. ისიც მცდარია, რომ პირველად ეს დღე 1621 წელს პლიმუტის პლანტაციებში აღინიშნა. ისტორიული სარწმუნო წყაროები ირწმუნებიან, რომ მადლიერების დღეს კანადაში ჯერ კიდევ 1578 და ფლორიდაზე 1565 წელს ზეიმობდნენ. მხოლოდ სამოქალაქო ომის შემდეგ, 1864 წელს დააწესა აბრაამ ლინკოლნმა მადლიერებს დღის თარიღად ყოველი წლის ნოემბრის ბოლო ხუთშაბათი, რაც 1939 წელს თეოდორ რუზველტს არ მოეწონა და ყოველი ნოემბრის ბოლოს წინა ხუთშაბათს გადმოიტანა. ამის მერე კარგა ხანს ამერიკის 50 შტატიდან 23 ამ დღეს ნოემბრის ბოლოს წინა ხუთშაბათს ზეიმობდა, 22 კი ბოლო ხუთშაბათს. ამ გაუებრობას კი ბოლო სენატმა 1941 წელს მოუღო და ოფიციალურ თარიღად ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათი დაადგინა.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, თავად ამერიკელებს ღრმად სჯერათ რომ ამ დღეს ადგილობრივმა ინდიელებმა რაც კი ჩაიდინეს აპატიეს და უფრო მეტიც, მათი გაკულტურებისთვის მადლობაც გადაუხადეს და საკუთარი „სიდიადით“ კმაყოფილები ინდიელების საყვარელ ფრინველს აშიშხინებენ და მერე გემრიელად მიირთმევენ.
ინდაურის შეწვის საუკეთესო სპეციალისტად კი თავად ამერიკელები გაამერიკელებულ ირლანდიელ მზარეულს, ნიუ-იორკის სახელგანთქმული რესტორნების, Bar Americain-ისა და Mesa Grill-ის მფლობელ ბობი ფლეის მიიჩნევენ. ამიტომ გადავწყიტე შემწვარი ინდაურის რეცეპტი დღეს მისი რესტორნის მადლიერების დღის მენიუდან შემოგთავაზოთ. სცადეთ, გააკეთეთ, მიირთვით და იგრძენით თავი ძირძველ ამერიკელ პილიგრიმად.
Herb Roasted Turkey - შემწვარი ინდაური მწვანილებით
(8 ულუფა)
ინგრედიენტები: 1 (დაახლოებით 8 კილოგრამიანი) გასუფთავებული, გარეცხილი და გამშრალებული ინდაური, 10 ს/კ დარბილებული კარაქი, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი სალბის ფოთლები, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი როზმარინი, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ქონდარა, კოშერული მარილი და ახალდაფქული პილპილი, 6 ჭ ქათმის ბულიონი, 3 დიდი სტაფილო (2,5 სმ-ს სიგრძის ნაჭრებად დაჭრილი), 3 ღერი ბოლქვიანი ნიახური, (2,5 სმ-ს სიგრძის ნაჭრებად დაჭრილი), ოთხად გაჭრილი 2 დიდი ხახვი
ინდაური მაცივრიდან გამოვიღოთ და სანამ მის მომზადებას შევუდგებით, 1 საათი გავაჩეროთ. ბლენდერში ერთმანეთში ავურიოთ კარაქი, ოხრახუში, სალბი, როზმარინი და ქონდარა. მიღებულ კრემს დავუმატოთ მარილი და პილპილი. ღუმელი 220°C-მდე გავახუროთ. 4 ჭ ბულიონი საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ და საშუალო ცეცხლზე შევაცხელოთ. ინდაურის შიგნითა მხარეს მარილი მოვაყაროთ და მერე ნიახურის, სტაფილოსა და ხახვის ნარევის ნახევრით ამოვტენოთ. ინდაური გარედან კარგად გავპოხოთ მწვანილებიანი კარაქით და მოვაყაროთ ბლომად მარილი და პილპილი. დარჩენილი ბოსტნეული ინდაურის შესაწვავ ტაფაზე დავყაროთ და ამ ბოსტნეულზე ინდაური მოვათავსოთ. დარჩენილი ორი ჭიქა ბულიონი ტაფაზე დავასხათ და ღუმელში შევდგათ. დაახლოებით 45 წუთი გავაჩეროთ, სანამ ინდაური მოოქროსფრო-ყავისფრად არ დაიბრაწება. ღუმელის ტემპერატურა 180°C-მდე შევამციროთ და ინდაური ღუმელში კიდევ 2,5 საათი გავაჩეროთ. ყოველ 15 წუთში ერთხელ ცხელი ბულიონი მოვასხათ ხოლმე (აი, ქვაბში ცალკე რომ გავაცხელეთ ის), ხორცის გამოშრობა რომ ავიცილოთ თავიდან. ხორცის საზომი თერმომეტრი თუ გაქვთ, ინდაურში ჩარჭობილი თერმომეტრი ხორცის შიდა ტემოერატურას 70°C-ს რომ გიჩვენებთ, ინდაური მზად იქნება. გამზადებული ინდაური ღუმელიდან გამოვიღოთ, დაფაზე გადავიტანოთ და ალუმინის ფოლგის ნაჭერი გადავაფაროთ. სანამ დავჭრით, ნახევარი საათი მაინც დავასვენოთ. ინდაურის შენაწვავ ტაფაზე დარჩენილი სითხე პატარა ქვაბში გადავწუროთ და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ შესქელებამდე. დაჭრილ ინდაურს მისივე წვენის სოუსი მოვაწუწოთ.
ინდაურს ამერიკელები, როგორც წესი შტოშის (cranberry, клюква) სოუსს ატანენ, მაგრამ ბობი ფლეი აქაც ორიგინალურია და ინდაურთან მოტკბო-მომჟავო ჩატნის გვთავაზობს:
Cranberry, Fig and Pinot Noir Chutney - ჩატნი შტოშით, ლეღვითა და პინო ნუარით
ინგრედიენტები: 1 ½ ჭ ღვინო „პინო ნუარი“, 12 ცალი ლეღვის ჩირი (წვრილად დაჭრილი), ¾ ჭ შაქარი, ფორთოხლის კანის 3 ანათალი, 1 საშუალო ზომის (5 სმ) ჯანჯაფილის ფესვი, გათლილი და გახეხილი, 4 ჭ გაყინული შტოში, კოშერული მარილი და ახალდაფქული პილპილი
პატარა ქვაბში ღვინო დუღილამდე მივიყვანოთ. გადავდგათ ცეცხლიდან და ჩავაყაროთ ლეღვი და დასალბობად დაახლოებით 30 წუთით დავტოვოთ. გადავწუროთ, ლეღვი შევაშროთ და ღვინო ცალკე შევინახოთ. ერთმანეთში ავურიოთ შაქარი და 1 ½ ჭ წყალი, გადანახული ღვინო, ფორთოხლის ქერქი, ჯანჯაფილი და მაღალ ცეცხლზე ავადუღოთ. ვადუღოთ შაქრის ბოლომდე გალღობამდე - დაახლოებით 2 წუთი. დავუმატოთ შტოშის ნახევარი და ვხარშოთ, თან კოვზით ვურიოთ და კენკრა ვჭყლიტოთ, სანამ ყველას არ დავხეთქავთ (დაახლოებით 10 წუთი). მერე დარჩენილი მთელ-მთელი შტოში და დამბალი ლეღვის ჩირი დავუმატოთ და კიდევ 5 წუთი ვხარშოთ. დავუმატოთ ძალიან ცოტა მარილი და პილპილი. გამზადებული ჩატნიდან ფორთოხლის კანი ამოვიღოთ და ჩატნი კი სასოუსეში გადავიტანოთ. მივირთვათ ოთახის ტემპერატურის ან ჩაციებული. ჩატნის მომზადება წინა დღესაც შეიძლება.
გემრიელად მიირთვით!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment