სააღდგომო ხაჭოს პასკა

Approved by Natia Jinjolava


სააღდგომო პასკის ძველებური ვარიანტი ხაჭოსგან მზადდება და სულ არ ცხვება. თუმცა, მისი  ორი ვარიანტი არსებობს: უმი, რომლის რეცეპტიც შარშან უკვე შემოგთავაზეთ (და რომელიც უფრო მარტივად მოსამზადებელია) და მოხარშული. ორივენაირ პასკას საგანგებო პასკის ფორმაში ამზადებენ, რომელსაც კონუსისებური ფორმა აქვს და რომელშიც ხაჭო იწურება. მაგრამ უმი პასკის მომზადებისას, ხაჭო შეგიძლიათ დოლბანდის ტომსიკაში მოათავსოთ, სადმე ჩამოკიდოთ მთელი ღამით, დაწუროთ და მხოლოდ შემდეგ მოამზადოთ პასკა, ან მშრალი ხაჭო შეიძინოთ, რომელსაც დაწურვა სულ არ ჭირდება (რაც საგანგებო ფორმის აუცილებლობას გამორიცხავს), მოხარშული კი მომზადების პროცესში თხევადი ხდება და მხოლოდ მოხარშვის მერე იწურება, ამიტომ მისი ფორმის გარეშე მომზადება შეუძლებელია. თუმცა, პასკის ფორმის ნაცვლად კონუსის ფორმის თუშფალანგი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუშფალანგში დოლბანდს ამოაფენთ, ხაჭოს მასას ჩატენით, სიმძიმეს დაადებთ და დასაწურად დაკიდებთ, ან ქვაბში ჩააყუდებთ.

სამეფო პასკა
2 კგ ხაჭო, 10 კვერცხი, 400 გრ კარაქი, 800 მლ არაჟანი, 600-700 გრ შაქარი, 100 გრ დაჭრილი ნუში ან ნიგოზი, 150 გრ ქიშმიში, 1 პაკეტი ვანილის შაქარი
ხაჭო გავატაროთ საცერში (შეგიძლიათ თამამად დააბლენდეროთ), დავუმატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი და კარგად გადავურიოთ. ხაჭოიანი ქვაბი შემოვდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და მორევა-მორევით ადუღებამდე მივიყვანოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ასევე მორევა-მორევით გავაგრილოთ. უკვე გაცივებულ მსასაში ჩავყაროთ შაქარი, დამდუღრული და გადაწურული ქიშმიში, ნუში და ვანილის შაქარი. კარგად მოვურიოთ. ამ მასით ამოვავსოთ სველ და კარგად გაწურულ დოლბანდჩაფენილი პასკის ფორმა (ან კონუსის ფორმის თუშფალანგი), კარგად დავტკეპნოთ, თავზე თეფში დავაფაროთ და რაიმე მძიმე შემოვადგათ. პასკის ფორმა შესაბამისი ზომის ქვაბში წვერით დაბლა ჩავაყუდოთ (კარგად რომ დაიწუროს) და  ერთი დღე-ღამით შედგათ მაცივარში. ჭამის წინ მზა პასკა ფორმიდან გადმოვაყირაოთ, დოლბანდი მოვაშოროთ და მივირთვათ.

ყოველი შემთხვევისთვის, მარტივი უმი პასკის რეცეპტიც
პასკა ბოიარულად
1 კგ ხაჭო, 2 კვერცხის გული, 300 გრ კარაქი, 500 გრ შაქარი, 500 მლ ცხიმიანი ნაღები, 100 გრ ფორთოხლის ცუკატები, ვანილის შაქარი
ხაჭო გავატაროთ საცერში (შეგიძლიათ თამამად დააბლენდეროთ). ნაღები ავთქვიფოთ.   დარბილებული კარაქი შაქართან და კვერცხის გულებთან ერთად კარგად ავთქვიფოთ. კარაქის მასა დავუმატოთ ხაჭოს და ფრთხილად გადავურიოთ ათქვეფილი ნაღებიც ვანილის შაქართან ერთად. ცუკატები დავჭრათ პატარა კუბიკებად და ისიც ხაჭოში გადავურიოთ. დოლბანდის ნაჭერი დავასველოთ, კარგად გადავწუროთ და ამოვაფინოთ პასკის ფორმაში. ფორმაში ჩავტენოთ ხაჭოს მასა, კარგად დავტკეპნოთ. თავზე თეფში დავაფაროთ და რაიმე მძიმე შემოვადგათ. პასკის ფორმა შესაბამისი ზომის ქვაბში წვერით დაბლა ჩავაყუდოთ (კარგად რომ დაიწუროს) და  ერთი დღე-ღამით შედგათ მაცივარში. ჭამის წინ მზა პასკა ფორმიდან გადმოვაყირაოთ, დოლბანდი მოვაშოროთ და მივირთვათ.

კონუსის ფორმის თუშფალანგი
ჰო, ხაჭოს რაოდენობა ნუ შეგაშფოთებთ, ყოველ წელს 4-5 კილოს ვაკეთებ და ხანდახან მეორეჯერ გაკეთება მიწევს. თან მე მაგალითად ინგრედიენტებს ჩემს ნებაზე ვცვლი, შაქრის ოდენობას ვამცირებ და ცუკატებისას ვზრდი: მაგალითად თითო თითო პეშვ შავ, ყავისფერ და ყვითელ ქიშმიშს და დაჭრილ კურაგას ვამატებ. ალუბლის, ფორთოხლის და მარწყვის ცუკატებსაც იგივე ოდენობით. შეგიძლიათ თითო მუჭი ნიგოზი, ნუში და ბუსტუღიც (ფსტის კაკალი) არ დაიშუროთ და ძალიან წვრილადაც ნუ დაჭრით, სასიამოვნოა დიდი ნატეხების გაკნატუნებაც. გაგიკვირდებათ და ერთ წელს გარჩეული მზესუმზირა დავუმატე და საოცრად მოუხდა! მოკლედ, ყველაფერი თქვენს ნება-სურვილზე და სამზარეულოს კარადის შიგთავსზეა დამოკიდებული.
გარდა ამისა, უმი პასკის შემთხვევაში, მაქსიმალურად მშრალ ხაჭოს ვყიდულობ (ნიკორას აქვს ხოლმე ასაწონი) და გაწურვაც არ უნდა, ვაბლენდერებ და კრემივით გამოდის. კარაქის ოდენობასაც ხაჭოს ცხიმიანობის მიხედვით ვსაზღვრავ. ერთადერთი, შეეცადეთ ხაჭოს მჟავე გემო არ ქონდეს. და შეგიძიათ კვერცხიც არ დაუმატოთ. 
მაგრამ ეს ყველაფერი უმ პასკას ეხება, მოხარშულის რეცეპტი იმდენად რთულია, მის შეცვლას ნამდვილად არ გირჩევთ. პირადად მე, ორჯერ გავაკეთე - ძალიან გემრიელია! მაგრამ ვერასდროს ბოლომდე ვერ გავწურე (ფორმის უქონლობის გამო), მაგრამ მის ჯამიდან ჭამაზე არავის არასდროს უთქვამს უარი.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

2 კომენტარი.:

  1. Mao

    მოხარშულ პასკაზე გიწერიათ კვერცხი და არ იყენებთ? ინგრედიენტებში არის და ომზადებაში არა.

  1. Natia Jinjolava

    მადლობა, რომ შეამჩნიეთ. ტექნიკური შეცდომა გაგვეპარა - თავიდანვე უნდა ჩაამატოთ ხაჭოში არაჟანთან და კარაქთან ერთად. ჩავასწორებთ ტექსტშიც.

Post a Comment