10.1.13
სტივენ კინგის სტილში შერჩეული საჩუქრები
Approved by
საჩუქრები ვის არ უხარია, მაგრამ მესაჩუქრე და ხანდახან მომთხოვნიც, ყოველთვის როდი ფიქრობს შესაძლო შედეგებზე.
პატარა გაძევებული "როჯერი" |
ამ ახალ წელს ჩემს ახლობელს შეყვარებულმა მეფური საჩუქარი გაუკეთა. აქაოდა, კურდღლის წელი მოდისო, სოფლიდან ნაცარა ბაჭია ჩამოუყვანა. თავიდან ყველას გაუხარდა, კურდღელი ნაძვისხის ქვეშ დააბრძანეს და თავს ევლებოდნენ. დაფაცურდნენ, ინტერნეტს მივარდნენ და ბევრი აღმოჩენაც გააკეთეს: თურმე ბაჭიებს კომბოსტო არ ეჭმევათ, კარტოფილი წამლავთ, ჭარხალი კურდღელსაც და პატრონებსაც ბევრ უსიამოვნო სიურპრიზს უმზადებს და ასე შემდეგ... როგორც გაირკვა, კურდღელი მთელი დღე გაუჩერებლად იცმუცნება და მერე მთელი დღე დაუზარლად იცურცლება. მოკლედ, საჩუქრით აღფრთოვანებამ ერთ საათს გასტანა. მერე კურდღელი ოთახში ფეხის გასაშლელად გამოუშვეს, ხუთი წუთით თვალი მოარიდეს და შედეგად, დაღრღნილი ჩიჩილაკი მიიღეს. საფრთხე დაემუქრა სახლში არსებულ სადენებს, უყურადღებოდ დატოვებულ წიგნებს და ყველაფერს, რაზეც კურდღელს კბილი მიუწვდებოდა. ორი დღის წვალების შემდეგ, ოჯახმა გადაწყვიტა ახალშეძენილი წევრი მშობლიურ სანახებს დაუბრუნოს.
ცხოველების ჩუქებასთან დაკავშირებით სხვა, დიდი ხნის წინანდელი ისტორიაც მახსენდება, რომელმაც დედაჩემს დღემდე მყარი კომპლექსი დაუტოვა. ჩემმა (იმ პერიოდში ახალმა) სიძემ სიდედრის წინაშე თავის გამოჩენა მოინდომა და თავის ჭკუით დიდი პატივი სცა: ცხოვრებაში პირველად სათევზაოდ წავიდა და კაცმა არ იცის, თავისი თუ სხვისი ხელით დაჭერილი ხუთი ფერხორციანი თევზი ცოცხლად მოუყვანა. თევზების ჯალათობაზე ყველამ ცივი უარი განაცხადა. ხანგრძლივი ოჯახური თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ თევზები აბაზანაში დაგვებინავებინა. აღარ მოვყვები, ის ორი დღე ოჯახმა აბაზანის გარეშე როგორ გავატარეთ და მეორე დღის ბოლოს ყველა ჩვენგანი გულში სიძეს როგორ „ლოცავდა“ და ჩუმად ნატრობდა, თევზები გულაღმა ამოტრიალებული ენახა... არც იმას მოვყვები, მესამე დღეს დატანჯულებმა თევზებისთვის საბედისწერო გადაწყვეტილება როგორ მივიღეთ და აბაზანა წყლისგან დავცალეთ. კარგად რომ დავრწმუნდით, რომ თევზებმა სული განუტევეს, თვალცრემლიანმა დედაჩემმა მათი შეწვა დააპირა. დანა რომ მოიმარჯვა, პირველივე თევზი ხელებში აუფართხალდა... მას მერე რამდენი წელი გავიდა, მაგრამ დედაჩემი დღესაც მხოლოდ თევზის გაყინულ ფილეს ყიდულობს...
აი, კიდევ: ჩემი მეგობარი საცხოვრებლად ახალ ბინაში გადავიდა, სადაც მხოლოდ საწოლი, ტელევიზორი და სარეცხი მანქანა ედგა. მეგობრებს ყოველ მისვლაზე თითო თეფში, ჭიქა და სხვა საყოფაცხოვრებო წვრილმანები მიგვქონდა. მეგობრის ძმას ცოლი ახალშერთული ჰყავდა და რძალმა მულისთვის სიყვარულის დამტკიცება და ბინის მოწყობაში თავისი წვლილის შეტანა გადაწყვიტა. ერთხელაც ქმარს ორი უზარმაზარი ყუთი ზურგზე აჰკიდა და მულს ძღვენით მიადგა. ყუთში იხტიოსაოცრება იდო: ორსართულიან ბროლის ლარნაკზე სხვადასხვა ზომის თხუთმეტი ლურჯი დელფინი სამ სხვადასხვა ქარსმოტანილ ცუნამის თავგანწირულად ებრძოდა. ლარნაკი თავისი ორიგინალობით მნახველს პირდაღებულს ტოვებდა, მაგრამ ვერსად ვერ ეტეოდა, სამზარეულოს კარიც კი მისთვის ვიწრო აღმოჩნდა. დიდი ხნის ბჭობის მერე, ლარნაკი სასტუმრო ოთახის შუაგულში დაასვენეს და სტუმრები დღესაც გარშემო ისე ვუვლით, როგორც შაჰის ცოლები ჰარამხანაში დადგმულ შადრევანს.
კიდევ ერთი უცნაური საჩუქარი მახსენდება საკუთარი ბიოგრაფიიდან: ერთხელ ჩემი მეგობარი ბიჭი კარზე თაიგულით ხელდამშვენებული მომადგა, თან ყვავილებს ნეტარებით ყნოსავდა. საგულდაგულოდ შერჩეული, მაგრამ სიბნელეში ნაყიდი ყვავილები ხელოვნური აღმოჩნდა...
ჩემს ზემოხსენებულ მეგობარს, „ლარნაკი-დელფინარიუმის“ პატრონს, რომელსაც ყურები გახვრეტილი არა აქვს, სისტემატიურად ჩუქნიან საყურეებს; მეორეს, არამწეველს - სანთებელებს; მესამეს, რომელიც ალკოჰოლს არ ეკარება და ექიმების მკაცრი გაფრთხილებით, კიდევ დიდხანს ვერ გაეკარება, ამაყად ამარაგებენ სასმელით...
ნაამბობის მორალი: საჩუქარის არჩევისას გაიხსენეთ, რომ საჩუქარი მხოლოდ მოვალეობის მოხდა არ არის, მისი მიტანით ადამიანი (მით უმეტეს, ახლობელი) არ უნდა დასაჯოთ და საზრუნავი არ უნდა გაუჩინოთ, სათუთად შერჩეული ძღვენის ყოველ დანახვაზე, „მადლიერმა პატივნაცემმა“ გულში და ხანდახან ხმამაღლადაც „ლოცვა-კურთხევით“ რომ არ გაგიხსენოთ.
კეთილი სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
0 კომენტარი.:
Post a Comment