პახმელიის მკურნალობის უეკლო გზა

Approved by Natia Jinjolava


საუკუნეების მანძილზე გამოცდილი და საყოველთაოდ აღიარებული წესი გვასწავლის: სადაც ალკოჰოლია, პახმელიაც იქვეა ჩასაფრებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ და ძველით ახალ წელს შორის, მთელი ორი კვირის მანძილზე ქართველი კაცების უდიდესი ნაწილი ყოველდღიური და დაუსრულებელი პახმელიის მსხვერპლი ხდება. რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ ახალი წლის მერე, ყველა ერთნაირად აღფრთოვანებული ყვება, როგორ კარგად გაერთნენ ტრადიციული ქართული გაგებით, რომელიც ზოგადად შემდეგი სიტყვებით გამოიხატება: „ძაან მაგარი დრო ვატარეთ, იმდენი ვსვით, არაფერი არ მახსოვს. მეორე დღეს პირველყოფილს ვგავდი“... რასაკვირველია, რადგან არაფერი გახსოვს და წინა დღის დანალევისგან კვდები - ლოგიკურად კარგი დრო გაქვს ნატარები. ადამიანმა კი რა უნდა ინატრო ამაზე მეტი?
ერთი შუასაუკუნოებრივი გადმოცემის თანახმად, ცოფიანი ძაღლის ნაკბენის (და ნებისმიერი სხვა ინფექციისაც) მკურნალობის ერთადერთი უებარი გზა არსებობდა. რეძეში დამბალი პურისგან  სასმელს ამზადებდნენ და ამ სასმელში მკბენელი ძაღლის ბალნის რამდენიმე ღერს აგდებდნენ, მერე სვამდნენ და ღრმად ჯეროდათ, რომ ძაღლის ბეწვი თავისივე გამოწვეულ ავადობას უკალოდ გააქრობდა. სწორედ იგივე მეთოდით მოქმედებენ პახმელიაზე მყოფნიც, როცა ცდილობენ ალკპჰოლით გამოწვეულ პრობლემებს ალკოჰოლითვე უმკურნალონ. სხვათა შორის, ზემოთ მოყოლილი ძაღლის ამბავიც სწორედ იმან გამახსენა, რომ პახმელიის მკურნალობის ამ წესს ევროპაში დღესაც „ძაღლის ბალნის მეთოდს" უწოდებენ. ჩვენთან კი ამ ცნობილი „პანაცეის“ მთავარი იდეა შეყოლაში და წინა დღს ქეიფის მეორე დღეს გაგრძელებაშია, თორემ ალკოჰოლის სულ მცირე დოზა სისხლძარღვებს მართლაც აფართოებს და შესაბამისად, ტკივილსაც ხსნის. როგორც არაერთხელ მითქვამს, ქართველი კაცი ერთხელ თვრება და მერე პახელიაზე გამოდის. ამ ფენომენის არ აღიარების (ამ პატარა წვრილმანის გამო ნამდვილი ქართველი დალევაზე და ქეიფზე უარს როგორ იტყვის?) მთავარი და პირველი ნიშანი ისიცაა, ასეთ მდიდარ მშბლიურ ენაში ამ მოვლენის ზუსტად შესატყვისი სიტყვაც რომ არ გვაქვს. მოგეხენებათ, ნაბახუევი ცოტა სხვა რამეა.
პახმელიის ალკოჰოლით მკურნალობას, რომ კარგი არაფერი მოაქვს, ამისთვის ექიმის დასკვნა სულ არაა საჭირო, მეორე დილას ისევ ნაბახუევზე თავგასიებული გაღვიძებაც კმარა. მაგრამ, იგივე ექიმებს თუ დავუჯერებთ, მისი მკურნალობის ძალიან გემრიელი, ქმედითი, ეფექტური და სრულიად არაალკოჰოლური მეთოდებიც არსებობს.
არსებობს პახმელიის პრევენციის წესებიც: დალევის წინ მიირთვით ცხიმიანი და ნოყიერი საჭმელი. „გაქონილ“ ორგანიზმს ალკოჰოლის შეთვისება უჭირს და ასე უფრო გვიანაც დათვრებით. ცნობილი თამადები, ქეიფამდე მთელ ბრიკეტ კარაქსაც კი ჭამდნენ. ალკოჰოლის ჭიქასა  და ჭიქას შორის წყალიც შველის საქმეს - ჯერ ერთი ალკოჰოლი ზავდება და მეორე, წყლით გაჭყეპილზე იმდენსაც ვეღარ სვამთ და შესაბამისად, ვეღარც თვრებით და პახმელიაც არ იქნება. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ამდენი სითხის გადამკიდე, ალკოჰოლი უფრო სწრაფად გამოდის ორგანიზმიდან. 
ახლა, რაც შეეხება პახმელიის მკურნალობა, პირველი და უცვლელი წესია - რაც შეიძლება მეტი სითხე, ოღონდ წყალი ან მატონიზირებელი უალკოჰოლო (!) სასმელები. „სამკურნალო“ საჭმლის შესანიშნავი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

კვერცხი - ნებისმიერი ფორმით: თოხლო, ტაფამწვარი (გლაზუნია), ერბოკვერცხი ან ომლეტი. იდეალურია ნოყიერი ინგლისური საუზმე ტაფამწვრით, შემწვარი სოსისით, დაბრაწული ბეკონით, ბოსტნეულით და გახუხული პურით. კვერცხში შემავალი ნივთიერებები, ორგანიზმის გაწმენდას და ღვიძლის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს.



ბლინები - თაფლ ან მურაბამოსხმული ტკბილი ბლინები და მაჭკატები (ალადიკები) ორგანიზმში შაქრის დონის დარეგულირებას და ღვიძლის დეტოქსიკაციას აჩქარებს. არ დაგავიწყდეთ წყლის ან წვენის მიყოლება!



ბანანი - ვისაც პახმელიის მკურნალობის ერთადერთ გზად მხოლოდ და მხოლოდ სამელი მიგაჩნიათ, თქვენთვის იდეალურია ბანანის ფიზი ანუ ბანანის და რძის კოქტეილი, რომელიც ორგანიზმში დეტოქაიკაციი დროს დაკარგულ საჭირო ნივთიერებებს აღადგენს. გარდა ამისა, ბანანი ელექტროლიტების დონეს ამაღლებს და მატონიზირებელი სასმელივით მოქმედებს. მთლად გადასარევია, ბანანის კოქტეილში ძროხის რძესთან ერთდ ნუშის რძესაც თუ დაამატებთ - ნუშში შემავალი "ე" ვიტამინი არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია.

ბეკონი - მისი ამინომჟავები პახმელიის საუკეთესო მეგობრები გახლავთ. მაგრამ, გაითვალისიწნეთ, რომ პახმელიის დროს ძალიან ბევრმა ბეკონმა და ზედმეტად ცხიმიანმა საჭმელმა შეიძლება ზიზღის გრძნობა და გულისრევაც გამოიწვიოს. ამიტომ ბეკონის სენდვიჩი ან ბუტერბროდი ბეკონით და ბოსტნეულით საუკეთესო გამოსავალი იქნება. ბრიტანელებს თუ ვენდობით, „ბეკონის მერე თავს მართლაც უკეთესად იგრძნობთ“.

შოკოლადი - ბანანის არ იყოს, შოკოლადიც სავსეა იმ ნივთიერებებით, რომლებიც ალკოჰოლით ინტოკსიკაციის დროს დაკარგეთ. და, თუ მაინცდამაინც „ძაღლის ბალნის მეთოდით" მკურნალობის მომხრე ხართ, კონიაკიანი ან რომიანი შოკოლადის ტორტი შეარჩიეთ და მე არ გაგიმხელთ, რომ ცხობის პროცესში ალკოჰოლი ორთქლდება.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment