16.1.13
ქათამი მწვანე წიწაკით ჩინურად
Approved by
ცხარე სჭმელმა ერთი შემთხვევა გამახსენა, როცა მე და
ჩემმა მეგობარმა უგემრიელესი მაგრამ უცხარესი კერძი გავსინჯეთ თბილისის ერთ-ერთ ჩინურ
რსეტორანში. რა ერქვა ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ იმდენად მომეწონა, რომ სახლში რამდენჯერმე
გავიმეორე. რამდენიმე წლის შემდეგ ინტერნეტში მივაგენი და ჩემდა გასაკვირად აღმოჩნდა,
რომ რეცეპტი პრაქტიკულად ზუსტად გამიმეორებია თუ ერთადერთ საკმაოდ უმნივნელო ინგრედიენტს
არ ჩავთვლით.
მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საზაფხულო კომპონენტებისგან
შედგება, წიწაკის სიჭარბისგან იმდენად გაგახურებთ, რომ მენდეთ, მისი ჭამა ზამთარში
სჯობს და კიდევ ერთი - ჩემს მეგობარს თუ ვენდობით, ბუასილის მსგავსი ავადმყოფობა თუ
გაწუხებთ, სჯობს არ ჭამოთ, თორემ ჭამისას პირს თუ გამოგწვავთ, მეორე დღეს სხვა ადგილს.
ქათამი
მწარე წიწაკით სოიოს სოუსში
500
გრ ქათმის ფილე, 3 მწვანე ბულგარული წიწაკა, 4 მწვანე ცხარე წიწაკა, 1 მსხვილი თავი
ხახვი, მარილი, 2-3 ს/კ სახამებელი, ჯანჯაფილის (იმბირი) ფესვის 3-4 სმ-იანი ნაჭერი,
1 კვერცხის ცილა (მე არ ვუშვები ხოლმე), სოიოს სოუსი, ქათმის ბულიონი (სავალდებულო
არაა), ცოტაოდენი ზეთი.
წიწაკები გავფატროთ და გავაცალოთ თესლი. მერე წიწაკები,
ქათმის ხორცი და ხახვი დავჭრათ თანაბარ პატარა ნაჭრებად. ჯანჯაფილი გავთალოთ და გავხეხოთ. ქათამს მოვაყაროთ
ცოტა მარილი (გაითვალისწინეთ, რომ სოიოს სოუსი მლაშეა), სახამებელი და ამოვგანგლოთ
კვერცხის ცილაში. ტაფაზე გავახუროთ ზეთი და ქათამი დავბრაწოთ კარგად. ხორცი გადმოვიღოთ
ტაფიდან და იმავე ცხიმში (საჭიროები შემთხევაში დავუმატოთ ცოტა) მოვთუშოთ წიწაკა, ჯანჯაფილი
და ხახვი მაღალ ცეცხლზე, თან ვურიოთ. დავუმატოთ ქათმის ხორცი, დავასხათ სოიოს სოუსი
და სულ ცოტა ბულიონი საჭიროების შემთხვევაში. თან ვურიოთ. სოუსი შესქელდება თუ არა,
კერძი მზადაა.
ეს ვარიანტი ძალიან ცხარედ თუ გეჩვენებათ 4 მწვანე ბულგარული
და 2 ცხარე წიწაკა აიღეთ, ან ცხარეს სულ ნუ იხმართ. ოღონდ, ქათმის და წიწაკის კუბიკების ოდენობა
პრაქტიკულად თანაბარი უნდა იყოს.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment