სრულიად საზაფხულო დიეტა გაგანია ზამთარში

Approved by Natia Jinjolava


ახალი წლის დღეებში მზრუნველად ამატებულმა კილოგრამებმა ცოტა არ იყოს შემაწუხა და ამას წინათ „ფეისბუქი“ უკიდეგანო სივრცეში შემთხვევით ნაპოვნი და ჩემი აზრით მეტად საინტერესო დიეტას მოვიძიე. რომლის გამომქვეყნებელიც იქვე წერდა რომ ეს დიეტა ძველი თაობის „სუხიშვილებს“ ეკუთვნოდათ და მისი მეშვეობით იკკლებდნენ ჯონცერტის წინ ზედმეტ წონას. დიეტას სიფათზევე ეტყობოდა რომ სედეგიანთან ერთად საკმაოდ „სატიკიც“ უნდა ყოფილიყო და მართლაც ასე აღმოჩნდა. სხვისი არ ვიცი და მე პირადად შიმშილზე მეტად მორალურმა წნეხმა შემაწუხა - რაღაც ძალიან დამთრგუნველი და სევდიანი დიეტაა. ქონზე მეტად ხასიათზე მოქმედებს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქვემოთ დიეტის დღეებში ნაწარმოებ ჩემს ჩანაწერებს გამოვაქვეყნებ და დასკვნაც თავად გამოიტანეთ. თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ საერთოდ ძალიან ცუდად ვიკლევ და დაპირებული 7-დან ჩემი დაკლებული სამი კილო სხვისას მინიმუმ ხუთს ნიშნავს. ასე რომ, ჩემი „მარტვილობის“ წაკითხვის შემდეგ მაინც თუ გარისკავთ, წარმატებას გისურვებთ!

სუხიშვილების დიეტა
1 დღე - 500 გრ არაჟანი და 1 ლ ნაბეღლავი          (60კგ)
-   საკმაოდ ნორმალური და ასატანია. ჩემდა გასაოცრად, თავიდან არაჟანი მეგემრიელა კიდეც. ნაბეღლავს იმის სრული შეგრძნებით ვსვამ, რომ წამალია და აუცილებელი. დღის ბოლოს ნაბეღლავზე გულის რევის სპაზმები მაქვს, იგივე მჭირს ბოლო რამდენიმე ლუკმა არაჟანზეც, რაც შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ ბოლო პორცია ყველაზე დიდი გამოდგა. ვჭამე და ვსვი 3 თუ 4 ეტაპად. შიმშილის შეგრძნება - 0.

2 დღე - 500 გრ არაჟანი და 1 ლ ნაბეღლავი           (59,5კგ)
-   სრული გაუწყლოვანება. სულ მწყურია და სახეზე კანი მექერცლება. ნაბეღლავს ვსვამ მაგრამ ვხვდები რას ფიქრობდა ლენინი ბურჟუაზიაზე. მესამე კოვზ არაჟანს აგერ უკვე 40 წუთია ვლოკავ. ვერ ვიტყვი, რომ არ მსიამოვნებს, მაგრამ ჭამის სურვილიც არ მაქვს, არადა უკვე ოთხის ნახევარია... გულისწავლამდე გამთბარ სახლში ვიყინები და მაციებს - აშკარად არაა ზამთრის დიეტა. არ მშია და თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ყველაფერზე ვიღლები. ტელევიზორში ფილმის სათაურს „Молчание лорны ვკითხულობ როგორც „Молочная диета“-ს. მაგრამ, მიუხედავად იმისა რომ მეგობარი მყავდა სტუმრად და გულიანად ვიჭორავეთ, მერე რამდენიმე მეტად საინტერესო კინოს ვუყურე და ქუჩაშიც კი ვიყავი გასული, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მსგავსი შავ-თეთრი და მოსაწყენი დღე სიცოცხლეში არ მქონია. საერთოდ არ მშია.

3 დღე - 500 გრ არაჟანი და 1 ლ ნაბეღლავი             (59კგ)
-         დილით ზურგის (კონკრეტულად კისრის და ზურგის ხერხემლის გადაბმის ადგილის და ბეჭების) არაადამიანურმა ტკივილმა გამაღვიძა. როგორც ჩანს, დიეტამ ჩემი ირგანიზმის ყველაზე სუსტ წერტილს - ოსტეოქონდროზს მიაგნო და სწორედ იქ დამარტყა. სასტიკად მწყუროდა, მაგრამ ფეხზე წამოდგომის მცდელობა თავბრუსხვევით და ხელ-ფეხის დაბუჟებით დამთავრდა. არ ვიცი შემეშინდა და შიშისგან დაბალი წნევა ნორმალურამდე ამივარდა თუ რა იყო, თავი უკეთ ვიგრძენი, ზურგზე გავწექი და მშვიდად დავიძინე. გაღვიძებულზე თავს უკეთ ვგრძნობ, მაგრამ თავბრუ ისევ მეხვევა და გუშინდელივით ვიყინები. სულ მწყურია. სამაგიეროდ საერთოდ არ მშია. ღრმა ბავშვობაში კატეგორიულად არ ვჭამდი არაჟანს და ახლა მგონი ვხვდები რატომ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში მინერალური წყლის ატანა არ მაქვს და წყურილით რომ ვკვდები მაშინაც არ ვსვამ. მიუხედავად იმისა, რომ არჟნიდ გემო უკანასკნელ ლუკმამდე მსიამოვნებდა, მის დანახვაზე ისეთ ფსიქოლოგიურ ტრავმას ვღებულობ, რომ ალბათ ძალიან დიდი დრო დამჭირდება, სანამ ზიზღის გრძნობას გადავლახავ და ისევ შევჭამ.

4 დღე - 1,5 კგ ნებისმიერი ბოსტნეული და 1 ლ ნაბეღლავი           (58,5კგ)
-         არ ვიცი, მივეჩვიე თუ იმის ბრალია, რომ არაჟნი ჭამა აღარ იწევს... თავს სუსტად, მაგრამ გუშინდელზე ბავრად უკეთ და ბედნიერად ვგრძნობ. ეშმაკობა ვიხმარე და ვიყიდე გოგრა და ყაბაყი და ახლა ღუმელში ვაცხობ. ვერავითარი ძალა ვერ მაიძულებს უმი და ცივი ბოსტნეულის ჭამას - დღესაც მაცივებს.  ცხოვრება მიხარია, უკვე პირველი საათია და არც მშია და არც მიჭამია. ისეთ ეშხში შევედი, მიზნად დასახული 55 კგ აღარ მაკმაყოფილებს და 50-51 კგ რომ ვიყავი იმ პერიოდის სურათებს ვათვალიერებ სულ უფრო და უფრო ხშირად... მაგრამ, არაჟნის და ნაბეღლავის სამი მოწყენილი დღე ფსიქოლოგიურად და მორალურად იმდენად მტკივნეულია, რომ ალბათ უახლოესი 2-3 თვე ამ დიეტის გამეორებაზე არც ვიფიქრებ. უფრო მეტიც, რამდენად გამართლებული და სწორი იქნება, ვინმემ რომ მთხოვოს და ასეთი საზიზღარი დიეტა ჩავაწერინო? ღუმელში გამომცხვარი ყაბაყი ვერ ვჭამე. 2,7კგ-იანი კვახის ნახევარზე ნაკლები მოვხარშე ორთქლზე, რაც საჭილო 1,5 კგ ვერ არის და სიგემრიელისდამიუხედავად, ისიც ვერ ვჭამე. 3 პატარა და მეოთხე დიდი ნაჭრიდან, ყველაზე დიდი ხელუხლებელი დავტოვე.

5 დღე - 1,5 კგ ნებისმიერი ბოსტნეული და 1 ლ ნაბეღლავი             (58კგ)
-         აღარ მწყურია, აღარ მშია. ორგანიზმმა საჭმელი საბოლოოდ დაიკიდა. საკუთარ მკლავებს და ფეხებს სიამაყით ვათვალიერებ. არაჟანი რომ აღარ მაქვს საჭმელი უკვე მარტო ამის გამოა ცხოვრება მშვენიერი. დღეს კვახის მეორე ნახევარი მაქვს - თავს ვიმტვრევ რა ვჭამო ხვალ და იდეაც არ მომდის - არაფერი არ მინდა. აშკარად საზაფხულო დიეტაა. გაგიკვირდებათ - გუშინ სტუმრებს ჩემი უსაყვარლესი პაპრიკიანი ქაბაბები შევუწვი და... სუნი არ მესიამოვნა. სიამოვნებით ვუყურებ კულინარიულ გადაცემებს, მაგრამ ადრე თუ ვიგულიანებდი ნანახიდან რა გამეკეთებინა, ახლა არცერთი არ იწვევს ჩემში გასინჯვის სურვილს - მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას ვღებულობ. ისევ გაყინული ვარ.

6 დღე - 1,5 კგ ნებისმიერი ბოსტნეული და 1 ლ ნაბეღლავი             (57,7კგ )
-      ადამიანები ჭამენ? ჩემი გუშინწიდელი გოგრის სამი ნაჭერი კიდევ მაქვს, მაგრამ მინდა რამე დავამატო. მთელი დღე ისე გავერთე, რომ საღამოს 10 საათამდე ლუკმა ვერ ვჭამე. შიმშილი სულ არ მაწუხებს, მაგრამ ცოტა სისუსტეს ვგრძნობ. მოვიხარშე 2 ცალი კარტოფილი.

7 დღე - 1,5 კგ ნებისმიერი ხილი და 1 ლ ნაბეღლავი                         (57,5კგ)
-      ვინმე თუ მეტყვის რა მბერავს? ისე, შიმშილისგან აფრიკელ ბავშვებსაც ებერებათ მუცელი, თუმცა იმათ ბუზებიც ეხვევა თავზე. მე არ მშია და საჭმელი სულ არ მაღელვებს. 1 ვაშლს 1 საათი ვჭამ და როდის მერე გახდა ვაშლი ასე „приторно“ ტკბილი? იძულების წესით, სანამ ჩემი სტუმრები მწვადს მიირთმევდნენ, როგორც ზრდილობიანი მასპინძელი სუფრას მივუჯექი და  ვჭამე 1 ბანანი - მთელი 90 კალორია! და ორი მანდარინი. მუცელი პროტესტის ნიშნად ბუყბუყებს - ვერ ხვდება რა უნდა უქნა საჭმელს. სითხე რომ არა, ტუალეტის გზა დამავიწყდებოდა.

8 დღე - 1,5 კგ ნებისმიერი ხილი და 1 ლ ნაბეღლავი                         (57,3კგ)
-          არ მშია, არ მწყურია. ხილისგან მუცელი მებერება და მიბუყბუყებს. კინოს ყურებაში ისე გავერთე, რომ მთელი 4 მანდარინი ერთად ვჭამე - აშკარა პროგრესია, როგორც ჩან, ჭამის ინსტინქტი ჯერ კიდევ მაქვს. რა დიეტაზეც უნდა ვიდგე თუ ვიჯდე, დიეტურ საჭმელში ყოველთვის მეცილებიან (განსაკუთრებულად დედაჩემი). ეს ოყო პირველი შემთხვევა, როცა ორიოდე ყლუპ ნაბეღლავს თუ არ ჩავთვლით, არავინ ჩამზიარებია. გუშინ კი ჩემი საგანგებოდ აწყულ-აწონილი კალათიდან მანდარინები მომპარეს... რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ სხვისი ლუკმა ყოველთვის უფრო ტკბილია.

9 დღე - 1,5 კგ ნებისმიერი ხილი და 1 ლ ნაბეღლავი                           (57,1კგ)
-      აჰა, ბოლო დღეც დადგა და ქეციანი 3 არასრული კილო დაპირებული 5-7-ის ნაცვლად. მართალია, იდეაში საბოლოო შედეგი ხვალ უნდა დავაფიქსირო, მაგრამ არამგონია სასწორის ისარი 57-ს ქვევით დაეშვას. კმაყოფილი თუ ვარ? რასაკვირველია! უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, მას მერე რაც ექიმმა გაომიცხადა, რომ ჩემი მომატება ასაკობრივია და დროა პასპორტში ჩავიხედო, 59-ს ქვევით ვერცერთი ვერც ორდღიანი და ვერც ექსთვიანი დიეტის შედეგად ვერ ჩავჩოჩდი, ახლა კი მთელი ექსტრა 2 კილო მაქვს დაკლებული. დიატას აუცილებლად გავიმეორებ, ოღონდ მაისის ბოლოს, რომ დათბება და მარწყვი შემოვა და კიტრი და პამიდვრის ჭამა სიამოვნებას მომანიჭებს. მანამდე კი ჩემს ჩვეულებრივ დიატას გავაგრძელებ - ჭამე ყველაფერი, ოღონდ გემრიელი და ცოტა!

10 დღე - არის, აღსრულდა ოცნება!                                                            (57კგ)
-   დამთავრდა დიეტა და მე ისევ ვერ ვჭამ. გავიღვიძე და ყავაც კი არ მომიდუღებია. რა გირჩიოთ? პირველი დღეების უხასიათობას თუ არ ჩავთვლით, დიეტა სულ არაა ძნელი. შედეგი აქვს. ხილთან ერთად სისხლში შაქარი მოხვდა თუ არა, ხასიათი ეგრევე გამომიკეთდა. რამდენიმე რჩევა: ჯინინიანი თუ არ ხართ და მტკიცე ხასიათით არ გამოირჩევით, დაწყებაც არ ღირს, ტყუილად ნუ იწვალებთ და მეორე - არაა ეს ზამთრის დიეტა, ზაფხულში და სითბოში სრულიად უმტკივნეულო იქნება. ზამთარში, თუნდაც თბილ სახლში ძალიან ძნელია უმი ხილის და ბსიტნეულის ღლაჭუნი. ჰო, კიდევ ერთი, ამ დიეტის პარალელურად ვარჯიში ან ფიზიკური შრომა დაივიწყეთ - იმდენაც ცოტა კალორიას ღებულობს ორგანიზმი, თითოეულის ხარჯვაზე უმკაცრესი კონტროლია დასაწესებელი.

დაპირებული შედეგი მე-10 დღეს:              5-7 კგ
რეალური შედეგი:                                                3 კგ

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. Anonymous

    სალამი
    საუკუნის წინანდელი პოსტია, მაგრამ მაინც დავწერ კომენტარს - თუ ვინმე გადააწყდება, იქნებ გამოადგეს.
    1. ნებისმიერ ბოსტნეულში სინამდვილეში იგულისხმება ნაკლები სახამებლის შემცველი და უჯრედისით მდიდარი უმი ბოსტნეული, თან საკმაო ოდენობით (1.5 კგ) - იმისთვის, რომ კუჭის მოქმედება გაძლიერდეს და კუჭ-ნაწლავი და ორგანიზმი გაიწმინდოს ნარჩენებისგან.
    თქვენ მათ მაგივრად მცირე ოდენობის და თან კარტოფილი და გოგრა მიგიღიათ. ამიტომ შეგინელდათ კუჭის მოქმედება და კლება.
    2. ხილიდან უნდა გამორიცხოთ ყურძენი, ბანანი, კარალიოკი, ლეღვი და მსგავსი მომეტებულად ტკბილი გემოს მქონე ხილი. მიღებისას უნდა დაიცვათ პრინციპი, რომ მეტად მჟავე და შედარებით ტკბილი ხილი ერთმანეთში არ აურიოთ. ესეც მინიმუ 1.5 კგ უნდა იყოს დღეში, კუჭის მოქმედება რომ აქტიური იყოს და კლებაც - ეფექტური.
    3. წყურვილს რაც შეეხება, თუ 1 ლ გაზგასული მინერალური წყლის დალევის მიუხედავად მაინც ძალიან გწყურიათ, დღის განმავლობაში შეგიძლიათ დალიოთ წყალიც. თუ არ იხრჩობით წყურვილისგან, მხოლოდ გაზგასული მინერალურიც საკმარისია.
    4. საკვები უნდა მიიღოთ დილიდანვე - მანამ, სანამ ორგანიზმი გამოიფიტება და მოგშივდებათ ან უღონობას იგრძნობთ.
    5. ფიზიკური აქტივობა, დღის სინათლეზე მინიმუმ 30 წუთით გარეთ გასვლა და მინიმუმ სეირნობა აუცილებელია. სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, ორგანიზმი უფრო ღონიერდება, თბება, ძალას იკრებს, გუნება-განწყობილება მაღლდება.


Post a Comment