დიეტა ცხელი სუპის მოყვარულთათვის

Approved by Natia Jinjolava



ხშირდა გამიგონია ხოლმე, როგორ ამბობენ, რომ „აი, შვებულებაში გავალ და დიეტაზე დავდგები“... „აი, ზღავაზე რომ წავალ დიეტაზე დავდგები“... დიეტაზე უნდა ვიდგეთ სახლში და ჩვეულებრივ დღეებში. გუნება თუ გავიფუჭეთ და რაც გვინდა არ ვჭამეთ ან არ ვაკეთეთ, რაღა დასვენება და გართობა გამოდის. ამიტომ დიეტა და სავარჯიშოდ სირბილი მხოლოდ შვებულებამდე, დღესაწაულებამდე ან მათ მერე. შვებულება კი იმის შვებულებაა, რომ ბოლომდე ვისიამოვნოთ და  საკუთარ თავს არაფერზე ვუთხრათ უარი.
დასვენება ერთია, მაგრამ დიეტა ყველაზე აქტუალური, ზღვი სეზონს თუ არ ჩავთვლით, ჩვენებური ახალი წლის ორკვირიანი გადაბმული ღრეობის შემდეგ ხდება. ჭამა ჭამად და ამას დამატებული განუსაზღვრელი ოდენობის გოზინაყი და ჩურჩხელა. ამ უკანასკნელს (ჩურჩხელას) კი ქართველ მეომრებს ძველ დროში ომში ატანდენ თავისი ნოყიერებისა და მაღალკალორიულობის გამო. თავად წარმოიდგინეთ: ერთად კონცენტრირებული ყურძნის წვენი, ხორბლის ფქვილი, შაქარი და ნიგოზი. ვერაფერს იტყვი, ნამდვილი ბომბაა.
ასე რომ, ახლა ზამთრის დიეტის ანუ გასახდომი სუპების დრო დადგა. ამ დიეტის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმი მიზანმიმართულად და ზედმეტი სტრესის გარეშე, ნელ-ნელა, მაგრამ შედეგიანად ხდება. თანაც ვისაც სუსვნა ჩემსავით გიყვართ, შეგიძლიათ საკმაოდ გემრიელი სუპი დღე-ღამი ნებისმიერ დროს, განუსაზღვრელი ოდენობით და რამდენჯერაც გნებავთ იმდენჯერ ჭამოთ. სუპის დიეტის ეფექტურობა კი მისი ე.წ. უარყოფითი კალორიულობითაა გამოწვეული, რაც იმას ნიშნავს რომ ბოსტნეულის სუპის მონელებაზე ორგანიზმი, სუპში არსებულზე ბევრად მეტ კალორიას ხარჯავს. ბოსტნეულის დიდი ნაწილი სწორედ უარყოფითი კალორიულობით ხასიათდება და ამიტომ ზაფხულში სუპის სალათით ჩანაცვლება შეგიძლიათ (ოღონდ, რასაკვირველია მაიონეზის გაზერშე). ზამთარში კი მარტო სალათზე ჯდომა და ბალახის ცოხნა ცოტა არ იყოს მოსაწყენია და ექიმებმა გამოსავალს დიეტური უპებში მიაგნეს. სუპს გარდა იმისა, რომ ძღომაზე ჭამ, ორგანიზმი პარალელურად ყველა აუციელებელ მინერალს და ვიტამინსაც ღებულობს.
ასეთი სუპების შემადგენლობაში სამი ტიპის ბოსტნეული შედის:
1. რომლებიც ხელს უწყობენ დაგროვებული ცხიმის წვას: ავოკადო, ნებისმიერი ჯიშის კომბოსტო და სანელებლები (ჯანჯაფილი (იმბირი), წიწაკა, ხახვი, ნიორი);
2. რომლებიც ხელს უშლიან ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას: ლობიო, მუხუდო, ბარდა, სტაფილო და ვაშლი;
3. დაბალკალორიული ბოსტნეული: კომბოსტო, კიტრი, პამიდორი.
ბოსტნეულის დიეტა შვიდდღიანია და მისი გამეორება ყოველი 2-3 დღის შემდეგ შეიძლება. შეგიძლიათ ჭამოთ მარტო სუპი ან მიატანოთ ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებიც.
1 დღე - ხილი ბანანის და ყურძნის გარდა, სუპი რამდენიც გნებავთ, უშაქრო ყავად  და ჩაი, ნატურალური წვენები
2 დღე - მწვანე ბოსტნეული ნებიმიერი სახით (მოხარშული, მოთუშული, უმი), მწვანილი, სუპი და  მინიმუმ 1,5 ლ წყალი
3 დღე - ხილი და ბოსტნეული კარტოფილის გარდა, სუპი და წყალი
4 დღე - ნებისმიერი ბოსტნეული ნებისმიერ მდგომარეობაში, სუპი და წყალი. 1 ჭ ცხიმმოხდილი რძე
5 დღე - 4-5 პამიდორი, მოხარშული უცხიმო თევზი ან  ქათმი ფილე (500გრ), სუპი და წყალი
6 დღე - მოხარშული საქონლის ხორცი (500გრ), ნებისმიერი ბოსტნეული კარტოფილის გარდა, სუპი და წყალი
7 დღე - ბოსტნეული, ყავისფერი ბრინჯი (შეიძლეა დაუმატოთ სუპს), სუპი, ნატურალური წვენები, წყალი. შეგიძლიათ ჭამოთ ხილიც ყურძნის და ბანანი გარდა.

ახლა კი, დიეტური სუპების რეცეპტები, ასარჩევად:
ხახვის სუპი
1 კგ კომბოსტო, 5-6 ხახვი, 4-6 ცოცხალი ან დაკონსერვებული პამიდორი, 2-3 სტაფილო, 2-3 მწვანე ბულგარული წიწაკა, 2-3 ღერო ნიახური (ჩვენებური ნიახური აიღეთ კონა), ცოტაოდენო ოხრახუში, მარილი და პილპილი
ხახვი შეგიძლიათ მოთუშოთ ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში - სავალდებულო არაა. ბოსტნეული დაჭერით თანაბარ ზომაზე და ჩაყარეთ ქვაბში, ნიახური შეკარით თეთრი ძაფით და ჩააგდეთ ქვაბში, დაუმატეთ მარილი და პილპილი და დაასხით ცივი წყალი. დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. მაღალ ცეცხლზე ადუღეთ 10 წუთი. მერე ცეცხლი დაუწიეთ და ხარშეთ ბოტნეული სანამ არ მოიხარშება. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. შეგიძლიათ შეასუნელოთ თქვენი გემოვნებით - დაუმატოთ ხმელი სუნელები, წიწაკა, ნიორი, ჯანჯაფილი და ა.შ.

თალგამის და ყვავილოვანი კომბოსტოს სუპი
1 მსხვილი სტაფილო, ნახევარი კონა ნიახური გამოკრული ძაფით, 100 გრ თალგამი, ¼ თავი ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ხახვი, ½ ჩ/კ კურკუმა (შეგიძლიათ შეცვალოთ ყვითელი ყვავილით), 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ლ ბოსტნეულის ბულიონი (თამამად გამოიყენეთ კუბიკი), მარილი და პილპილი, ცოტაოდენი მწვანე ხახვი
ქვაბში ჩავასხათ ზეთი და 2-3 წუთის განმავლობაში ვთუშოთ ერთ ზომაზე დაჭრილი ბოსტნეული. მერე დავუმატოთ კურკუმა და ვთუშოთ კიდევ 1 წუთი. დავასხათ ბულიონი, შევამარილ შევაპილპილოთ და წამოვადუღოთ. დავუწიოთ ცეცხლი და ვხარშოთ 20 წუთი. თეფშზე დასხმულს მოვაყაროთ ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

პამიდვრის სუპი ნაღებით
400 გრ დაკონსერვებული ბულგარული წიწაკა, 1 ლ პამიდვრის წვენი, 4 გადამწიფებული პამიდორი,  300 მლ ქათმის ბულიონი, 450 მლ ფორთოხლის ახალდაწურული წვენი, 2 ჩ/კ შაქარი, 3 ტოტი როზმარინი, მარილი და პილპილი
როზმარინის ტოტს დავაპუტოთ ფოთლები და ჩავყაროთ ბლენდერში, დავუმატოთ, ბულგარული წიწაკა, პამიდვრის წვენის ნახევარი, შაქარი, პამიდვრები და ვაქციოთ პიურედ. გადმოვასხათ ქვაბში ფორთოხლის წვენთან, ბულიონთან და დარჩენილ პამიდვრის წვენთან ერთად და წამოვადუღოთ. დავუწიოთ ცეცხლი და ვადუღოთ კიდევ 10 წუთი. შევამარილ შევაპილპილოთ.

პამიდვრის სუპი ცნობილი ფრანგული რესტორანი „Le Madeleine“-ის რეცეპტით
4-5 პამიდორი, 500 მლ პამიდვრის წვენი, 2 ს/კ კარაქი, 2 ს/კ ნაღები, 8 რეჰანის ფოთოლი, მარილი და პილპილი
პამიდვრები და პამიდვრის წვენი მოვათავსოთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დავდგათ 30 წუთით. გადავასხათ ბლენდერში, დავუმატოთ რეჰანის ფოთლები და ვაქციოთ პიურედ. დავაბრუნოთ ცეცხლზე და დავუმატოთ დარჩენილი ინგრედიენტები. მივატანოთ გახუხული პური.  

სტაფილოს კრემ-სუპი
1 ხახვი, 450 გრ სტაფილო, 1 კარტოფილი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 1 ს/კ ხმელი ქინძი დაუფქველი, 1 ლ ბოსტნეულის ან ქათმის ბულიონი, 2 ს/კ ნაკლებადცხიმიანი ნაღები ან არაჟანი, 1 ს/კ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი
ქვაბში გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი, დავუმატოთ ქინძის თესლი და წვრილად დაჭრილი ხახვი და ვთუშოთ 5 წუთი. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი და კიდევ 5 წუთი ვთუშოთ. დავასხათ ბულიონი და წამოვადუღოთ. დავუწიოთ ცეცხლი და ვხარშოთ კიდევ 20 წუთი. შევაგრილოთ და ბლენდერში ვაქვიოთ პიურედ. დავუმატოთ ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი. ჩავასხათ სუფთა ქვაბში და გავაცხელოთ. თეფშზე დასხმული მოვრთოთ ნაღებით და მივირთვათ. შეგვიძლია მოვაყაროთ მწვანილი.

სტაფილოს სუპი
1 ხახვი, 450 გრ სტაფილო, ნახევარი კონა ნიახური ერთად გამოკრული, 30 გრ ჯანჯაფილის ფესვი (იმბირი), 2 ს/კ კარი, 1 ს/კ ზეითუნი ზეთი, 1 ლ ბულიონი, 4 ს/კ ნაკლებადცხიმიანი მაწონი, წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი და პილპილი
ქვაბში ჩავასხათ ზეითუნის ზეთი და მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დავუმატოთ კარი და გახეხილი ჯანჯაფილი და სტაფილო. ვთუშოთ კიდევ 5 წუთი. დავასხათ ცოტაოდენი ბულიონი და ვთუშოთ სანამ სტაფლო არ დარბილდება. შევაგრილოთ და ბლენდერში ვაქციოთ პიურედ. დავუმატოთ დარჩენილი ბულიონი, მარილი და პილპილი. შევათბოთ და მოვრთოთ მაწვნითა და ქინძის ფოთლებით.

იტალიური მინესტრონე
450 გრ პამიდორი, 2 სტაფილო, ½ ყაბაყი, 1 ღერო პრასი, ნახევარი კონა ნიახური, 1 ხახვი, ½ თავი კომბოსტო, 100 გრ მაკარონი, 1ს/კ ზეითუნის ზეთი, 750 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 2კბილი ნიორი, 1ს/კ როზმარინის ფოთლები, 2 ს/კ წვრილად დაჭრილი რეჰანი, 3 დაფნის ფოთოლი, მარილი და პილპილი
ქვაბში გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი, მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დავუმატოთ ასევე წვრილად დაჭრილი სტაფილო, პრასის თეთრი ნაწილი, ნიორი, როზმარინის ფოთლები, დაფნის ფოთლები და ვთუშოთ კიდევ 5 წუთი. დავუმატოთ კუბიკებად დაჭრილი პამიდორი და ვთუშოთ 1-2 წუთი. დავასხათ ბულიონი, დავუმატთ კომბოსტო და ყაბაყი, წამოვადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლი და თავდახურული ვხარშოთ 5 წუთი. მერე დავუმატოთ მაკარონი და ვხარშოთ მაკარონის გამზადებამდე. დავუმატოთ მარილი და პილპილი.

ხახვის სუპი მეორენაირად
400 გრ სტაფილო, 1 ½ კგ ხახვი, 1 ¼ კგ ყაბაყი, რამდენიმე ღერო ნიახური, 2 კბილი ნიორი, 800 გრ დაკონსერვებული პამიდორი, 400 გრ კომბოსტო, 300 გრ მწვანე ლობიო, 6 ჭ წყალი, 2 კონა ისპანახი, ქათმის ბულიონი
ქვაბში გავაცხელოთ ზეთი და ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი სტაფილო, ხახვი, ნიორი და ვთუშოთ 8 წუთის განმავლობაში. ჩავასხათ დაკონსერვებული პამიდორი. დავუმატოთ კომბოსტო, პარკი ლობიო, წყალი, 1 ჩ/კ მარილი, ¼ ჩ/კ დაფქული პილპილი, ქათმის ბულიონი რამდენიც გვინდა და ავუწიოთ ცეცხლს. მორევა-მორევით წამოვადუღოთ. მერე ჩავუწიოთ ცეცხლი და ვხარშოთ 10 წუთი. ისევ ავუწიოთ ცეცხლს და დავუმატოთ რგოლებად დაჭრილი ყაბაყი, ისპანახი და ისევ წამოვადუღოთ. დავახუროთ თავსახური და ვადუღოთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

კომბოტოს გასახდომი სუპი
1 საშუალო ზომის კომბოსტო, 3 მსხვილი ხახვი, 2 სტაფილო, 1 ბულგარული წიწაკა, 5 მსხვილი პამიდორი, მწვანილი, მარლი და პილპილი
ყველაფერი დავჭრათ, დავასხათ 2,5 ლ წყალი და მოვხაროთ. შევამარილ-შევაპილპილოთ.
(აი, ამ სუპით პირადად მე, 3 დღეში 1-2 კილოს ვიკლებ ხოლმე, მაგრამ სუპის გარდა, სხვას არაფერს ვჭამ.)

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment