პახმელია და მისი ექვსი ტიპი

Approved by Natia Jinjolava


ახალი წლის მერე რა აწუხებს ქართველი კაცები 98,9%-ს? პახმელია.
ასევე, ამ საქმეში გამოცდილ ქართველ კაცებს თუ ვენდობით, ქართველი კაცი სიცოცხლეში ერთხელ თვრება და მერე პახმელიაზე გამოდის. ახალი თუ ძველით ახალი წლის დღეებს რაც შეხება, ჩვენი მამაკაცების უდიდესი ნაწილი მთელი ორი კვირის მანძილზე არ ფხიზლდება და თუ ისე გაუმართლათ, რომ 30-31 დეკემბერი შაბათ-კვირასაც დაემთხვა - ნამდვილი დღესასწაული აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც კულინარიული წიგნის, „პახმელიის სამზარეულოს“ ავტორი მილტონ კროუფორდი წერდა: „პახმელია სამყაროს ახლებულარად დანახვის და მისი ახლებურად დაჭაშნიკების  შესაძლებლობას იძლევაო“, არამგონია ვინმე მარტო ამის გამო ეტანებოდეს ვაზის ნაჟურს. ჩემი უსაყვარლესი ინგლისერი მწერალი პი-ჯეი ვუდჰაუზი კი უფრო შორს წავიდა და  თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში პახმელიის ექვსი ძირითადი ეტაპი ანუ გატეხილი კომპასის, საკერავი მანქანის, კომეტის, ატომური, ცემენტის სადღვების და თავგასიებული ბუას სტადიები გამოყო.
რასაკვირველია, პახმელიის თითოეულ ტიპს თავისი კონკრეტული ნიშნები აქვს: „გატეხილი კომპასის“ ფაზაში მყოფ ადამიანს ორიენტაცია და ჭეშმარიტების შეცნობა უჭირს; „საკერავი მანქანით“ სნეული ტვნში რიტმულ და გამჭოლ მჩხვლეტავ ტკივილს გრძნობს, გეგონება თავში ლურსმნებს აჭედებენო; „კომეტას“ საკუთარ სხეულთან კავშირი და მისი მართვის უნარი აქვს დაკარგული და უწონადობაში დაფრინავს; „ატომურის“ თავის ქალაში, ყურსა და ყურს შორის პერიოდულად ბირთვული აფეთქებები მიმდინარეობს; „ცემენტის სადღვებელას“ გულისრევა ტანჯავს; „თავგასიებული ბუას“ კი ტანში ტეხავს, ზეოთ ჩამოთვლილი ყველა ხუთივე სიმპტომი ერთდროულად აწუხებს, სხეულის ყველა ორას ექვსივე ძვალი ერთნაირად ტკივა და ერთი სიტყვით, კვდება.
სასიხარულო კი ისაა, რომ ექვსივე ტიპის პახმელიის საშველი არსებობს და თანაც ტრადიციული წამლისაგან განხვავებით, საკმაოდ გემრიელიც და სრულიად არაალკოჰოლურიც. მაშ ასე:

პახმელია: გატეხილი კომპასი
საშველი: რაც უფრო ცხარე, მით უკეთესი!
რეცეპტი: Bloody Mary - სიხლიანი მერი
1 ჭიქა
¼ ჭ პამიდვრის წვენი, 3 ს/კ არაყი, 1 ჩ/კ ვორჩესტერის სოუსი, ¾ ჩ/კ ახალგახეხილი პირშუშხა, ½ ჩ/კ ცხარე წიწაკის სოუსი (მაგალითად ტაბასკო), 1 მწიკვი მარილი, 1 მწიკვი ახალდაფქული პილპილი, დაახლოებით 1 ჭ ყინულის კუბიკები, 1 ტოტი ნიახური, 1 ლიმონის ნაჭერი მისატანებლად (აუცილებელი არაა)
350 მლ-იან მაღალ ჭიქაში ჩავასხათ პამიდვრის წვენი, არაყი, ვორჩესტერის სოუსი, დავუმატოთ პირშუშხა, წიწაკიანი სოუსი, მარილი და პილპილი და კარგად მოვურიოთ, ჩავყაროთ ყინულები. გადავასხათ მეორე ჭიქაში, მერე ისევ პირველში დავაბრუნოთ, მერე ისევ მეორეში - ასე გავიმეოროთ 3-4-ჯერ. მერე მოვაწუწოთ ლიმონის წვენი, მოვრთოთ ნიახურის ტოტით და გადავკრათ.
ვარიანტები: მეტი ინტენსიურობისთვის ზემოდან  შებოლილი პაპრიკა მოვაყაროთ.

პახმელია: საკერავი მანქანა
საშველი: კომფორტული საჭმელი
რეცეპტი: ელვის პრესლის ცხელი სენდვიჩი არაქისის კარაქითა და ბანანით
1 სენდვიჩი
2 ს/კ არაქისის კარაქი, 2 ნაჭერი სენდვიჩის თეთრი პური, 1 პატარა და მწიფე ბანანი ჩანგლით დასრესილი, 2 ს/კ კარაქი
ერთ პურის ნაჭერს წავუსვათ არაქისის კარაქი, მეორე ნაჭერს წავუსვათ ბანანის პიურე. პურები ერთმანეთს დავახუროთ. დავაწვეთ მსუბუქად. სქლეძირიან ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი და საშუალო ცეცხლზე დავბრაწოთ სენდვიჩი ორივე მხრიდან გაოქროსფერებამდე. ვჭამოთ ცხელი. 
ვარიენტები: შეგიძლიათ დაუმატოთ დაბრაწული და ხრაშუნა ბეკონი.


პახმელია: კომეტა
საშველი: რაღაც შუშხუნა, გაზიანი და მჟავე
რეცეპტი: იოდას სოდა
1 ჭიქა
3 ლაიმი, 3 ს/კ შაქარი ან მეტი თქვენი გემოვნებით, 1ჭ გაზიანი წყალი,1 ჩამჩა ლაიმის ან ლიმონის შერბეთი

1 ლაიმი გავჭრათ შუაზე. ირივე ნახევარი ჩავწუროთ ჭიქაში. მერე დანარჩენი ლაიმები გამოვწუროთ და ასე გავაგრძელოთ სანამ ¼ ჭ ლაიმის წვენს არ შევაგროვებთ. ჩავყაროთ შაქარი და ვურიოთ ხის კოვზით სანამ შაქარი არ გადნება. დავუმატოთ მინერალური წყალი და ისევ მოვურიოთ. ნაყინის კოვზით ამოვჭრათ ლაიმის შერბეთის ბურთულა და ჩავაგდოთ მაღალ ჭიქაში. ზევიდან დავასხათ ლაიმიანი გაზიანი წყალი და ეგრევე გადავკრათ.


პახმელია: ატომური
საშველი: ნოყიერი საჭმელი
რეცეპტი: ინგლისური საუზმის ტორტილია
3 საშუალო ზომი კარტოფილი გათლილი და თხლად დაჭრილი, ზეითუნის ზეთი, 120 გრ ბეკონის ან პანჩეტას ლენტები, 3 კუპატის ტიპის შესაწვავი სოსისი თითოეული გაჭრილი სამად, სავსე მუჭა სოკო დაჭრილი, 1/2  ხახვი წვრილად დაჭრილი, ½ წითელი ბულგარული წიწაკა ზოლებად დაჭრილი, მწიკვი დაფქული პაპრიკა, 1 ს/კ წვრილად დაჭრილი ქონდარა (სავალდებულო არაა), 6 საშუალო ზომის კვერცხი ათქვეფილი და შემარილებული, მარილი და პილპილი
დაჭრილი კარტოფილი გავრეცხოთ და ვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში დაახლოებით 4 წუთი, გადავწუროთ და გადავდოთ გვერდზე. საშუალო ზომის ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე გავაცხელოთ ცოტაოდენი ზეთი და დავბრაწოთ ბეკონის ლენტები და სოსისები დაახლოებით 6-7 წუთი, შიგადაშიგ ვურიოთ. ბეკონი რომ ხრაშუნა გახდება და სოსისებიც მუქ ყავისფრად დაიბრაწება, დავუმატოთ სოკო და კარტოფილი. ვურიოთ ფრთხილად, კარტოფილი რომ არ დავფშვნათ. ვბრაწოთ 4 წუთის განმალობაში. კარტოფილი შეოქრსოფერდება თუ არა, დავუმატოთ ხახვიც, ორიოდე წუთის შემდეგ კი ბულგარული წიწაკა, პაპრიკა და ქონდარას ფოთლები. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. კიდევ 2 წუთი ვბრაწოთ და თან ვურიოთ. ინგრედიენტები ტაფაზე გავანაწილოთ თანაბრად და ზევიდან დავასხათ ათქვეფილი კვერცხი. ტაფა ვაჯანჯღაროთ და ხის კოვზით ნაზად მოვურიოთ -კვერცხი რომ თანაბრად განაწილდეს. ტაფას დავახუროთ თავსახური. დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 6 წუთი, სანამ კვერცხის ქვედა მხარე კარგად არ შეიკვრება.  

პახმელია: ცემენტის სადღვებელა
საშველი: სათუთი მალამო
რეცეპტი: შვედური მაჭკატები (Swiss Rösti) და თოხლო კვერცხი
550 გრ გახეხილი კარტოფილი, 2 კბილი ნიორი დაჭყლეტილი, მარილი და პილპილი, 1 ½ ს/კ კარაქი, ზეითუნის ზეთი, 4 კვერცხი, 1 ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი
კარტოფილი კარგად გავრეცხოთ და ჩავყაროტთ ცივი, მარილიანი წყლით სავსე დიდი ზომის ქვაბში. შემოვდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 10 წუთი (ბოლომდე არ უნდა მოიხარშოს), გადავწუროთ, გავაგრილოთ 30 წუთის განმავლობაში, მერე გავფცქვნათ და გავხეხოთ. დავუმატოთ მარილი და პილპილი და ნიორი, კარგად მოვურიოთ.
ფართო ტაფაზე გავადნოთ კარაქი და ზეითუნის ზეთი და ტაფა კარგად რომ გაცხელდება მჭადივით დავაჯინოთ კარტოფილი და ვაცხოთ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე დაახლოებით ხუთი წუთი. ქვედა მხარე კარგად რომ შეიკვრება და დაიბრაწება, გადავატრიალოთ და მეტალის ნიჩბის დახმარებით გავყოთ 4 ნაწილად. ნაჭრებს ნიჩბით დავაწვეთ, ტაფაზე დავაბრტყელოთ და ვბრაწოთ კიდევ 5 წუთი მაღალ ცეცხლზე. ისევ გადავატრიალოთ, ცეცხლს დავუწიოთ და ვაცხოთ კიდევ 10-10 წუთი ორივე მხრიდან. ყურადღება მივაქციოთ, არ მიგვეწვას.
კარტოფილის მაჭკატების გამზადებამდე დაახლოებით 5 წუთით ადრე, მარილიანი წყალი ავადუღოთ, ჩავასხათ ძმარი. წყალი წამოდუღდება თუ არა (ნუ ავათქუხთუხებთ), წყალში ჩავახალოთ კვერცხები და ვხარშოთ დაახლოებით 4-5 წუთი.
კარტოფილის მაჭკატი გადავიტანოთ თეფშზე. კვერცხი ამოვიღოთ ქაფქირით და მოვათავსოთ მაჭკატის თავზე. მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ვჭამოთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილიც.

პახმელია: თავგასიებული ბუა
საშველი: ჯანმრთელი საუზმე
რეცეპტი: ტრადიციული იაპონური საუზმე
120 გრ მრგვალი ბრინჯი, 2 ს/კ იაპონური მწნილის ნაკრები (კიტრი, დაიკონი, კომბოსტო)
კარტოფილის და მისო სუპისთვის: 1 ს/კ ბოსტნეულის ბულიონის კუბიკი, 2 ¼ ჭ მდუღარე წყალი, 2 საშუალო ზომის კარტოფილი გათლილი და პატარა კუბიკებად დაჭრილი, 1 ს/კ მისოს პასტა, 1 ტოტი მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი
თევზისთვის:  3 სანტიმეტრიანი კოჭას (იმბირი) ნაჭერი, 1 ტოტი მწვანე ხახვი წვრილად დაჭრილი, წ ჩ/კ სოიოს სოუსი, 500 გრ ორაგულის ფილე
ომლეტისთვის: 3 საშუალო ზომი კვერცხი, 1 ჩ/კ შაქარი, 2 ჩ/კ სოიოს სოუსი, ზეთი
მოხარშეთ ბრინჯი პაკეტზე მითითებული ინტრუქციი მიხედვით.
სუპისთვის: ბულიონი კუბიკი გავხსნათ მდუღარე წყალში, დავუმატოთ კარტოფილი და საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ დაახლოებით 6 წუთი, ან სანამ კარტოფილი არ მოიხარშება. ცოტაოდენი ბულიონი გადმოვასხათ ფიალაში და გავხსნათ მისოს პასტა. ჩავაბრუნოთ ძირითად სუპში. ცეცხლს დავუწიოთ და მოვურიოთ, მისოს რომ შევურევთ მერე აღარ უნდა აგვიდუღდეს. დავუმატოთ ხახვი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
თევზისთვის: გახეხილი კოჭა, ხახვი და სოიოს სოუსი გადავურიოთ ერთმანეთში და მოვასხათ თევზის ფილეს. გავაჩეროთ 15 წუთი. ტეფლონიანი ტაფა ან სამზარეულოს გრილი გავაცხელთ მაქსიმალურად და დავბრაწოთ თევზი საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 5-6 წუთი თითო მხრიდან.
ომლეტისთვის: კვერცხები, სოიოს სოუსი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ. პატარა ტაფაზე გავაცხელთ ზეთი და დავასხათ კვერცხი. ხის კოვზით ვურიოთ სანამ ფაფუკ მასას არ მივიღებთ. კვერცხი ნახევრად რომ გამზადდება, კუთხეები ისე გადავუკეცოთ ცენტრისკენ, რომ პატარა კვადრატი მივიღოთ. დაკეცილი კვერცხი გადავატრიალოთ და ვაცხოთ კიდევ 2 წუთი. გავჭრათ ოთხად.
იაპონური ეტიკეტის თანახმად, ბრინჯის ჯამი დავდგათ ჩვენგან მარცხნივ, მისოს სუპის ჯამი მარჯვნივ. თევზი ცალკე თეფშზე უნდა იყოს, მწნილი კი ჯამში მოვათავსოთ. ომლეტსაც თავისი პატარა თეფში უნდა. და ახლა, თქვენი პახმელია იაპონური ხის ჩხირების ხმარებაზეც გამოსცადეთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment