კაფა, თხები და ბრაზილია

Approved by Mary Poppins

სხვადასხვა ჯიშისა და ჯურის ყავის რეცეპტების გამოქვეყნებამ ყავის წარმოშობის (რასაკვირველია სასმელს ვგულიხმობ და არა მცენარეს) ისტორიამდე მიმიყვანა. გულწრფელად გეტყვით, დიდს არაფერ ველოდი - აბა, განა რა „ბიოგრაფია“ უნდა ქონოდა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გავრცელებულ ამ პოპულარულ სასმელს. არადა, აღმოჩნდა რომ ფრიად მჩქეფარე და მოვლენებით სავსე წარსულიან სამელთან გვქონია საქმე.
თავად ყავის პირველი დაგემოვნების ლეგენდაც კი სახალისოა, აღარ ვლაპარაკობ მისი ნერგებისა და ჯიშების მრავალგზის მოპარვა, გატაცება, ფარულად გაშენების ფაქტებზე. თურმე, ნუ იტყვით და შორეულ ეთიოპიაში, ხარობდა ერთი ხე, სახელად „კაფფა“. ჰოდა, ერთმა გონიერმა თხის მწყემსმა შენიშნა, რომ მისი სამწყსო (ანუ თხები) ამ ხის ნაყოფის დაგემოვნების შემდეგ ერთიორად აქტიურდებოდა და მხიარულდებოდა, თვითონაც გასინჯა და ენერგიის მძაფრი მომატება იგრძნო. ასე აღმოაჩინეს ყავის მატონიზირებული თვისებები დაახლოებით სამი ათასი წლი წინ, მისი კულტივაცია კი მე-7 სუკუნეში დაიწყეს იემენში.
მიუხედავად იმისა, რომ აღარავინ დავობს იმაზე, რომ ყავა აუმჯობესებს რეაქციას, ამაღლებს ფიზიკურ აქტივობას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, აღაგზნებს ტვინს, ამცირებს დაღლიობის შეგრძნებას, ააქტიურებს სუნთქვის ცენტრს, ამცირებს ნარკოტიკული და საძილე საშუალებების მოქმედებას და კიდევ ვინ მოთვლის რას, 500 წლის წინ მექაში მუსლიმთა სასულიერო პირებმა ყავა შეაჩვენეს მართლმორწმუნეთა ლოცვისგან მოცდენის გამო. „... ადამიანები ყავის დალევის მერე, უკმაყოფილობას გამოხატავენ და ბევრს ყბედობენ პოლიტიკაზე“- სწორედ ასე წერია ოფიციალურ ფირმანში. თურქეთში სულთანი მუჰამედ მეოთხის მმართველობის დროს ყავის მოყვარულებს ყავის მარცვლების ტომარაში ამწყვდევდნენ და პირდაპირ ზღვაში ისროდნენ და თანაც, ეს არ იყო ყავის სმისთვის ყველაზე მძიმე სასჯელი! მოგვიანებით, სულთანი სულეიმან მეორე ყავის ბუნტის მერე იძულებული გახდა მოეხსნა ყავის სმაზე „მშრალი კანონი“ და ყოველგვარი კარძალვები. 
ყავას უკეთესი დღე ევროპაშიც არ ადგა - ხან „თურქთა შავ სისხლს“ ეძახდნენ და ხანაც „ჭვარტლის სასმელს“, სანამ XVI საუკუნეში რომის პაპმა კლიმენტ მერვემ არ ბრძანა, მანახეთ ერთი რაა ასეთიო. საბედნიეროდ, პაპს ყავა მოეწონა და სამელის ბედი ევრიპაში მშვიდობიანად გადაწყდა. საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტემ ყავის მხარდამჭერი ბრძანებაც კი გამოსცა. შვედეთის მეფე გუსტავ მესამე უფრო შორს წავიდა და ყავის საწაულმოქმედი ძალის გამოცდა გადაწყვიტა: ექსპერიმენტითვის სიკვდილმისჯილი ტყუპები შეარჩია და ერთს დღეში სამჯერ დიდი ჭიქით ყავას ასმევდნენ, მეორეს ჩაის. მართალია, მეფე ტესტირების შედეგს ვერ მოესწრო, მალევე მოკლეს. მაგრამ, ზუსტადაა ცნობილი, რომ ძალიან დიდი ხნის მერე პირველი ჩაის მსმელი ტყუპი მოკვდა 83 წლის ასაკში. თუმცა, რამდენად იყო მისი დღეგრძელობა ჩაის დაყენების წესზე დამოკიდებული - დღემდე უცნობია.

არანაკლებ დრამატულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ყავის ხის მოშენების ისტორია. პირველ ყავი პლანტაციებს არაბები თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ და ცივ ნიავთან ერთად უცხოელებსაც არ აკარებდნენ. მაგრამ, ერთი ჰოლანდიური სავაჭრო კომპანიის წარმომადგენლებმა იმ პერიოდის ევროპელებისთვი დამახასიათებელი გამჭრიახობა გამოიჩინეს,  რამდენიმე ნერგი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მოიპარეს და იავასა და ცეილონზე დარგეს. ჰოლანდიელებს არც სხვები ჩამორჩნენ და ყოველ ახალა კოლონიაში თავისი ყავის პლანტაცია გააშენეს. მაგრამ მთლად ასე მარტივადაც არ ყოფილა საქმე, ქურდობას თაქვისი სასჯელიც მოსდევდა. მაგალითად, ცეილონზე ინგლისელების ყავის ბაღებს რაღაც ხის სოკო შეესია და 50 წლი განმავლობაში ბოლო ხისძირამდე გაანადგურა.
დიდი ჯაფა და ოფლისღვრა დაუჯდათ ყავის ხის გახარება ფრანგებს. ყავის პირველი ნერგი ამსტერდამის მაგისტრატმა მიართვა ლუდოვიკო მეთოთხმეტეს 1714 წელს. ხემ კი გაიხარა, მაგრამ ბერწი (უნაყოფო) აღმოჩნდა და ფრანგები იძულებული გახდნენ ხეები ამსტერდამის ბოტანიკური ბაღიდან მოეტაცათ. ნაქურდალიდან ერთადერთი გახარებული ძირი, 1723 წელს მეფის დავალებით კაპიტანმა დე კლიემ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩაიტანა  კუნძულ მარტინიკაზე და ასე ჩაეყარა საფუძველი სახელგანთქმულ პლანტაციებს იამაიკაზე, ჰაიტიზე, პუერტო–რიკოსა და კუბაზე. თუმცა, დე კლიეს თავგანწირვას ფუჭად არ ჩაუვლია და მადლიერმა მარტინიკელებმა ძეგლიც კი დაუდგეს კუნძულზე.
ყავის ინდუსტრიაში გადატრიალება პორტუგალიელებმა მოახდინეს, რომლებმაც ყავის ნერგები არც მეტი არც ნაკლები ბრაზილიაში წაიღეს. მერე რაც მოხდა ყველამ ვიცით – მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის მსოფლიოს ყავის წარმოებისა და ექსპორტის 90% სწორედ ბრაზილიაზე მოდიოდა. მარტინიკელებს არც ბრაზილიელები ჩამორჩნენ და სან პაოლოში, მთავარ მოედანზე პორტუგალიელებს არა, მაგრამ ყავის ხეს კი დაუდგეს ბრინჯაოს ქანდაკება.
ასეთია ყავის მოშოენებისა და გავრცელების მოკლე ისტორია, მის ჯიშებსა და მომზადების მეთოდებზე კი სხვა დროს ... სულ მალე...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment