ესეც ორშაბათი!!!

Approved by Mary Poppins


კარგად აღარ მახსოვს, ოდესღაც სადღაც, მგონი „კოსმოპოლიტანში“ წავიკითხე, რომ ფსიქოლოგების აზრით, შვებულებიდან სამსახურში დაბრუნებას ადამიანისთვის ბევრად უფრო მეტი სტრესი მოაქვს  ვიდრე შვებულებაში საერთოდ გაუსვლელობას. ზოგადად, მუშაობზე რომ არავინ გიჟდება და მთლად ობმოკიდებული პირადი ცხოვრება თუ არ აქვს, სამსახურში სიარულს სახლში ყოფნა ან სადმე გართობა რომ ყველას ურჩევნია ეგ ისედაც ცნობილია, მაგრამ დღესდღეობით ჩვენს ირგვლივ გამეფებული მსგავსი სამსახურის უკიდეგანო სიძულვილის მსგავსი არსად და არაფერი მსმენია.
თითქოს ხელფასებმაც საგრძნობლად მოიმატა, შენობებიც გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკითაც უხვად აღიჭურვა, მაგრამ პარალელურად კატასტროფულად იმატა სამსახურ გულისწასვლამდე მოძულე ადამიანთა რიცხვმაც. უფროსზე და სამსახურზე ადრეც იშვიათი გიჟდებოდა ვინმე, მაგრამ ასეთი ტოტალური ზიზღი არ ყოფილა. რამდენს უხარია თქვენს ირგვლივ დილით სამსახურში წასვლა? ნოლს. რამდენი ამბობს ერთ თბილ სიტყვას მაინც თავის უფროსზე პათოლოგიური მატყუარა ან თმისძირებამდე პადხალიმი თუ არაა? ნოლი. რამდენს ეზიზღება ორშაბათის დადგომმა და რამდენმა შეიძულა კვირა საღამო ორშაბათის წინა დღეობის გამო? თუ ყველამ არა, სრულმა უმრავლესობამ მაინც.
ჩემი ღრმა რწმენით, ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ როგორც ჩემი დის მეზობელი თინა კვეკვეცია იტყოდა, „მიწურის მიწურში რომ უნდა ცხოვრობდნენ და შემთხვევით ზედა სართულებზე მოხვდნენ“ სწორედ  იმათმა დაიკავეს თანამდებობები და ახლა დაუმსახურებლად მოპოვებული სკამები 2 ზომით პატარა ფეხსაცმელივით უჭერთ. რა ქნან? არც საქმის კეთება იციან და ვერც  ტყდებიან თავის უცოდინრიობაში და მერე თავსაც იწვალებენ და სხვასაც უმწარებენ ცხოვრებას. ასე გონიათ, აქაოდა, რაც უფრო მეტ შეურაცხყოფას მივაყენებ ჩემზე მცოდნეს, მით უფრო ჭკვიანი ვეგონებიო. ხვიშტი!
მოკლედ, სტატიის წერა შვებულებაზე დავიწყე და როგორც ყოველთვის, სხვა თემაზე გადავედი. არადა, საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენს ბლოგში ფუტკარივით ჯაფაში გატარებული სამი წლის მანძილზე, ივნისის დასაწყისში, პირველად ავიღე იძულებითი შვებულება და პირველად შევწყვიტე 2 დღეზე მეტი ხნით პოსტების წერა. არა, არავის და არაფერს ვუიძულებივარ (აჰა, სულ ცინცხალი ახალქართულად ჩაკვარჩხული ზმნაც გამოვაცხვე გახარებულ გულზე!), უბრალოდ, მკითხველიც დავინდე და ჩემი თავიც და დასვენება ვცადე. თან, აქვე გამოგიტყდებით, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო (რომელთა შორისაც უპირველესი საკუთარი თავის სიყვარული და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვაა)
რაზეც მეწერება იმაზე ვერ ვწერ! მე კი ღრმად მჯერა, რომ ვიზეც მეწერება იმან წერა–კითხვა არ იცის, მაგრამ ვაიდა, ცნობისმოყვარეობამ სძლიოს და თვითონ თუ დაეზარა სხვას წააკითხოს და მოკლე შინაარსი მოაყოლოს და ... ერთი სიტყვით, ესეც ცალკე თემაა და სხვა დროს.
ახლა კი, ვის და როგორ არ ვიცი და ალბათ/ნამდვილად მართლაც ცუდია დასვენების მერე სამსახურში გასვლა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბლოგში წერას მოწყურებული და სათქმელდაგროვებული ვბრუნდები!!! მომენატრეთ ჩემო წარმოსახვითო თუ რეალურო მკითხველებო! იმდენი ისტორია და იმდენი რეცეპტი დამიგროვდა და ისეთ ეშხში ვარ შესული, კლავიშებზე კაკუნისგან თითები რომ არ გამიცვდეს ალბათ კლავიატურის კალამივით მიწაში დამარხვა მომიწევს. დღეს კი, სულ ესაა. სჯობს გავჩერდე, თორემ ვატყობ, წერამ უკვე ამიტანა...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


0 კომენტარი.:

Post a Comment