30.5.11
მარწყვის სეზონის გახსნა
Approved by
როგორც უკვე ხვდებით და როგორც უკვე შეგაჩვიეთ, ჩვენი კლუბი მარწყვს შეუმჩნევლად გვერდს ვერ აუვლიდა და მორიგი გაფართოებული შეკრებაც გაიმართა (ადგილი, დრო და ხალხი იგივე პლიუს რამდენიმე ახალშემოხეტებული მოხალისე). კარგი დრო რომ ვატარეთ, ამასაც ალბათ უკვე ხვდებით, ამიტომ დეტალებით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე, ანუ მენიუზე გადავალთ. გუშინდელი შეკრების „პურმარილი“ ორი სეზონური კოქტეილისა და ორი ჩვენი საავტორო მუსისგან შედგებოდა.
მარწყვის და შამპანურის კოქტეილი ( იხ. 14 მაისის სტატია)
ლიმონჩელო შამპანურით
(ამ რეცეპტით 5 სტანდარტული კოქტეილის ჭიქა გამოდის. ჩვენ ბევრნი ვიყავით და რამდენიმე პორცია დავამზადეთ. იმედია, არითმეტიკა თქვენც კარგად გეხერხებათ)
1 ბოთლი ნახევრადმშრალი შამპანური, 0,5 ლ ლიქიორი „ლიმონჩელო“, 100 გრ პიტნის ფოთოლი
ლიმონჩელო და პიტნის ფოთლები კარგად დააქუცმაცეთ ბლენდერში, გადაწურეთ წვრილ საცერზე და გაანაწილეთ ჭიქებში. ჭიქა ბოლომდე შეავსეთ ჩაციებული შამპანურით. გამზადებული კოქტეილი შეგიძლიათ მორთოთ ლიმონის ნაჭრით, პიტნის ფოთლით ან სულაც შაქარში ამოავლოთ ჭიქის კიდე.
მარწყვის მუსი
1 კგ გარჩეული და გარეცხილი მარწყვი, 2 ჭ შაქარი და 1 ჭ მანანის ბურღული
მარწყვისა და შაქრისაგან მოადუღეთ ჯემი, ცოტა გააგრილეთ და გაატარეთ ბლენდერში და დააბრუნეთ ცეცხლზე. დუღილს რომ დაიწყებს, ფრთხილად ჩაურიეთ მანანის ბურღული და მორევა-მორევით ხარშეთ დაახლოებით 10 წუთის მანძილზე. ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და ცოტათი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. ჯერ კიდევ თბილი მასა (ბოლომდე ნუ გააციებთ. ქვაბზე ხელის დადებისას სითბო უნდა იგრძნოთ) გაციებამდე თქვიფეთ მიქსერით (დაახლოებით 15-20 წუთი), გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. გაციებული მუსი შეგიძლიათ მორთოთ მარწყვებით.
მსგავსი მუსი ნებისმიერი ხილის პიურისა და მურაბისგანაც მზადდება. ხილი თუ სურნელოვანი არ აღმოჩნდა, დაუმატეთ ვანილი.
მარწყვის საფირმო მუსი „Coffee Cake Club”
1 კგ გარჩეული, დარეცხილი და გამშრალი მარწყვი, 1 ლ არაჟანი, 1,5 ჭ შაქარი, ვანილი გემოვნებით, 500 გრ მარწყვის კონფიტიური, 200 მლ შესქელებული რძე, 1 დიდი შეკვრა „პეჩენიე იუბილეინოე“, 10 გ ჟელატინი. რამდენიმე ცალი მთელ-მთელი მარწყვი და პიტნის ფოთლები მოსართავად
ჟელატინს დაასხით 6 ს/კ წყალი და დადგით დასალბობად. დააქუცმაცეთ „იუბილეინოე“ (ბლენდერით, ხორცსაკეპი მანქანით ან სულაც ცომის საბრტყელებლით), აურიეთ შესქელებულ რძეში და ურიეთ, სანამ ცომისებურ მასას არ მიიღებთ. აიღეთ დეკორატიული ჭურჭელი მუსისთვის და ფსკერზე ჩატკეპნეთ „პეჩენიის“ ცომი. ზემოდან გადაუსვით მარწყვის ჯემის სქელი ფენა. დარბილებული ჟელატინი გაადნეთ ცეცხლზე. არაჟანი ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად და ჩაურიეთ უკვე შეგრილებული ჟელატინი. არაჟნის კრემის ნახევარი ჩაასხით ფორმაში. ზემოდან დააყარეთ შუაზე გაჭრილი მარწყვი. დაასხით კრემის დარჩენილი ნახევარი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. არაჟნის კრემი რომ შესქელდება, მორთეთ მარწყვებით და პიტნის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით და ამ კულინარიული შედევრის ავტორებიც ტკბილად გაგვიხსენეთ!
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
3 კომენტარი.:
ვიმედოვნებ ისეთი გემო ექნება, როგორი მიმზიდველიც არის. :))))
ნამდვილად ძალიან გემრელია :)))კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩვენს ბლოგში :)
გემრიელია, გემრიელი! თანაც, ამ ორივე მუსის "მომხიბვლელობა" ის არის, რომ მათ პირველად რეცეპტებზე დამოკიდებული არ ხართ, თავისუფლად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ინგრედიენტები და თქვენი გემოვნებისამებრ ექსპერიმენტები ჩაატაროთ. მარწყვის მუსი მანამდეც მრავალნაცადი დესერტი იყო, აი, "საფირმო მუსი" კი სწორედ ამ შეკრებისთვის, "ექსპრომტად" მოვამზადეთ. მას მერე არაერთხელ გავაკეთეთ მისი სხვადასხვა ვარიანტი და დამიჯერეთ, ყველა კარგი გამოვიდა. სცადეთ და თქვენი აზრიც გვითხარით!
Post a Comment