13.7.12
პარასკევი, 13!
Approved by
ცამეტი რიცხვის შიში ხშირი მოვლენაა და მას ფსიქიატრიაში გრძელი და ლამაზი ბერძნული სახელი ჰქვია: „ტრისკაიდეკაფობია“ (ან მეორენაირად, „ტრედეკაფობია“). ეგ არაფერი და, თუ „თარსი რიცხვი“ პარასკევ დღეს ემთხვევა, მასაც ბერძნული, მაგრამ კიდევ უფრო გრძელი და ძნელად გამოსათქმელი სიტყვით მოიხსენიებენ: „პარასკავედეკატრიაფობია“. ახლა ენის მოსატეხი სამედიცინო ტერმინები გვერდზე გადავდოთ და ვნახოთ, ეს ფობიები სათავეს სად იღებს.
ცამეტი რიცხვის ფობიასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს: 1. ცამეტი საიდუმლო სერობის მონაწილეთა რაოდენობაა (ქრისტე და მისი თორმეტი მოსწავლე); 2. კაენს თავისი ძმა თურმე პარასკევ დღეს, ცამეტ რიცხვში (ნეტავ რომელი თვის?) მოუკლავს; 3. კუდიანების შაბაშები პარასკევობით იმართება და მონაწილენიც ცამეტნი არიან.
კიდევ ორი პოპულარული ვერსია ისტორიულ წყაროებზეა დაფუძნებული და ამიტომ უფრო სარწმუნოდ გამოიყურება (მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევებში რეალურად არსებული თარიღების, თუნდაც ჩვენგან რამდენიმე საუკუნით დაშორებულების, კალენდარულად შემოწმება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს): 1. 1066 წლის 13 ოქტომბერს (რაღა თქმა უნდა, პარასკევს) ნორმანების ჰერცოგმა ვილჰელმმა ინგლისის მეფე ჰარალდ II-ს სამეფოს დათმობა მოსთხოვა, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. შემდეგი დღე (აი, ეს აშკარად უკვე შაბათი და 14-ია, რაც ჩვენს ფობიებს უნდა აბათილებდეს) ისტორიაში „ჰასტინგსის ბრძოლის“ სახელით შევიდა და, მართალია, საბრალო ჰარალდი დაიღუპა და მისი გვირგვინიც ვილჰელმ დამპყრობლის ხელში გადავიდა, სამაგიეროდ, სწორედ ამ დღეს დაიწყო ინგლისის ერთი მბრძანებლის დროშის ქვეშ გაერთიანება (მოკლედ, ცამეტი, ვისთვის თარსი და ვისთვის ძალიანაც იღბლიანი გამოდგა). 2. 1307 წლის 13 ოქტომბერს საფრანგეთის მეფე ფილიპე IV-ს ბრძანებით და წმინდა ინკვიზიციის სახელით დაარბიეს და გაანადგურეს ტამპლიერების ორდენი, რომლის დიდძალი ქონება მეფის ხაზინას გადაეცა, ხოლო ერეტიკოსობაში დადანაშაულებული წევრების უმრავლესობა გაასამართლეს, აწამეს და სიკვდილით დასაჯეს (ეს ისტორია შესანიშნავად არის აღწერილი მორის დრიუონის რომანში „რკინის მეფე“).
13 რიცხვის „ნონ გრატად“ გამოცხადებაში ხელი ასტროლოგებმა და ნუმეროლოგებმა შუწყვეს, თუმცა ოცდამეერთე საუკუნეში მცხოვრებლებმაც არ დავაკელით: ამ დღეს დიდ ბრიტანეთში ბევრი ქირურგი ოპერაციების ჩატარებაზე უარს აცხადებს, კინოთეატრებში ადგილი ასეთი ნომრით საერთოდ არ არსებობს; ამერიკაში ზოგ აეროპორტს მეცამეტე საფრენი ბილიკი არ გააჩნია, სასტუმროს - ასეთი ოთახი, ხოლო საავადმყოფოს - პალატა; საფრანგეთში შემთხვევით ცამეტკაციანი სუფრა თუ შეიკრიბა, მაგიდას აუცილებლად კიდევ ერთ სკამს მიუდგამენ.
ცრურწმენების ნაკლებობას საქართველოშიც არ ვუჩივით, ოღონდ აქაურ ცრურწმენას თავისი პარადოქსი აქვს - ჩემი პირადი დაკვირვებით, სწორედ იმ ქალების საფულე გამოირჩევა ქრონიკული უფულობით, ვინც ჩანთას მაგიდაზე არასდროს დებს, აქაოდა, „უფულობა იცისო“. აი, „ფულიანი ჩანთები“ კი მაგიდაზეც და ნემისმიერ სხვა ადგილზეც თამამად განისვენებს. რამდენი ვიცი, ვისაც პარასკევობით (ოჰ, ეს საბრალო პარასკევი, როგორი ათვალწუნებულია!) სახლიდან ნაგავი არ გააქვს, ემანდ „ბარაქაც თან არ გაჰყვესო“ და, რომ კვდებოდე, ფულს არაფრის დიდებით არ გასესხებს.
ვერაფრით ვერ დავადგინე, ორშაბათ დღეს სახლიდან დაუბანელი თავით გასვლას რა ხეირი მოაქვს და პირადი ჰიგიენის დაცვა ბედს და იღბალს ხელს რაში უშლის, ანდა თუნდაც შავი კატის წინ გადარბენა ადამიანის ბედისწერას რატომ განაპირობებს (თუ არ ვცდები, მოსახვევიდან მოულოდნელად გამოვარდნილი მანქანა ბევრად უფრო საშიში უნდა იყოს). აღარაფერს ვიტყვი დაბნეულ მარილზე, გატეხილ სარკესა და ხელიდან ხელში მიწოდებულ დანაზე (თუმცა ამ ცრურწმენების წარმოშობა მესმის - თავის დროზე მარილიც და სარკეც იმდენად ძვირადღირებული სიამოვნება იყო, რომ ასეთი ზარალი, ოჯახურ უსიამოვნებას თუ არა, „დამნაშავის“ ცუდ განწყობას ნამდვილად გამოიწვევდა. აი, დანას რაც შეეხება, გასაგებია, რომ ამ სახიფათო ნივთის მჭრელი პირით მოყვასისთვის მიწოდებას შეიძლება „ლოკალური სისხლისღვრა“ მოჰყვეს).
კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული ცრურწმენა, რომელსაც ხშირად სავალალო შედეგები მოსდევს - ავი თვალის ასარიდებლად, ჩვილი ბავშვის მაჯაზე ძაფით შებმული ან მის ტანსაცმელზე ქინძისთავით დამაგრებული გიშერი. ავი თვალის რა გითხრათ და, ეს გიშერი ხშირ შემთხვევაში დაკისრებულ მისიას ბავშვის კუჭსა თუ ცხვირის ნესტოში აგრძელებს.
კიდევ ერთი მაგალითი, რომლის მომსწრეც ბევრი თქვენგანი იქნება: მაგიდაზე თეფშის გამოცვლა თურმე სარისკო ყოფილა, „ბედის გამოცვლა იცისო“ (არადა, ქალი არ მინახავს, ბედს არ უჩიოდეს და დიდი ეჭვი მაქვს, ზოგიერთი მათგანი, მის გამოცვლაზეც უარს არ იტყოდა, უფრო ყოჩაღებს კანდიდატურაც კი შერჩეული ჰყავთ).
კიდევ ერთი გაუგებარი ცრურწმენა - მაისის თვეში ქორწილის გადახდაზე უარის თქმა. არადა, საქართველოში ეს ხომ საზეიმო სუფრისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია: უკვე დათბა (და ჯერ არ ცხელა), ყვავილებიც ნაირ-ნაირია და ხილიც შემოსულა. მე კი ვხვდები, ამ აბსურდული ტრადიციის სათავეები სად დევს (რუსეთში მაისში არ ქორწინდებიან, «чтоб не маяться»), მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ? სხვათა შორის, ჩემს ნაცნობებში ერთი გამორჩეულად ბედნიერი წყვილი ვიცი, რომელმაც ოცდაორი წლის წინ სწორედ მაისში, თანაც ცამეტ რიცხვში იქორწინა...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი დეიდა პოლი
0 კომენტარი.:
Post a Comment