16.7.12
გურული კაცის ნაამბობი: შაურმა
Approved by
ჩემს
წინა მოთხრობაში იმაზე ვსაუბრობდი, თუ რა სიკეთეები და სასიხარულო მომენტები მოსდევს
ხოლმე ზოგადად სამსახურის დაწყებას. ჩემი სამსახურის ერთ-ერთი დადებითი ფაქტორი კი
ის გახლავს, რომ ბულვართან ახლოსაა და შესვენებისა თუ სხვა დროს გამოჩენილ „ფანჯარას“
უქმად არ ვკარგავ და პატარ-პატარა ვოიაჟებს ვაწყობ. და, არ დაგიმალავთ, მართლაც უდიდეს
სიამოვნებას ვღებულობ ბათუმის ბულვარის თუნდაც ოდნავ სახეშეცვლილი, მაგრამ ძველი და ნაცნობი
ადგილების მონახულებით.
ერთხელაც,
მორიგი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ზღვიდან მონაბერი სასიამოვნო სიგრილით
გათამამებულმა, ბავშვებთან ერთად, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელს მივაშურე. აი, იქ
- ოდითგანვე მოცეკვავე ფანტანები რომ გვაწონებენ თავს. სიამაყით მიმოვათვალიერე არემარე
და ნელი ნაბიჯით სანაპიროსკენ გავეშურეთ.
საეირნო ბილიკის კიბეებზე ავლისას თვალი მოვიჩრდილე,
აქაოდა, ჩამავალი მზის სხივებმა თვალი არ მომჭრა-მეთქი, მაგრამ მზისა და ზღვის დასანახად,
თურმე კიდევ ახალი ბარიერი უნდა გადამელახა. პლიაჟის უდიდესი ნაწილი უზარმაზარი ფიცრული
მოედნით იყო დაფარული, ზღვი გასწვრივ კი, წყლიდან სულ რაღაც 30-40 მეტრში იმოდენა შენობები
იყო წამოჭიმული, რომ იქაურობა ვერც კი იცანი. ამ გრანდიოზულ ნაგებობათა დიზაინსა და
არქიტექტურაზე აღარ ვსაუბრობ - რაღაც ოთკუთხა ფორმის უღიმღამო საწყობები გეგონება,
თუმცა ახლოს რომ მიხვალ, აღმოაჩენ რომ ერთში სასადილოა (სხვას ვერაფერს დაარქმევ),
მეორეში - ვითომ აღმოსავლურ სტილში, უზარმაზარი და გაქონილ-დაჭუჭყიანებული ბალიშებით
მორთული რაღაც საზკვების დაწეებულება. მესამეში - რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, ტანსაცმლის
მაღაზია. ვითომ, ჩამოსული ან ადგილობრივი დამსვენებელი ზედ ზღვაზე იმ იმედით მიდის,
რომ პლიაჟზე იყიდო საცურაო კოსტუმი თუ მხრებზე მოსასხამი.
კარგად
რომ მოვათვალიერე ეს ყოველივე, საეჭვო ჰიგიენის ბალიშებზე კოტრიალ და ნებივრობას ისევ
სასადილო ვამჯობინე და ქოლგიან მაგიდას იმ იმედით მივუჯექი, რომ ცოტა მადასაც დავინაყრებდით
და ცოტა სულიერ-ესთეტიკურ სიამოვნებასაც მივიღებდით. ქართველები საუცხოო სერვისითა და
კომფორტით რომ არ ვართ განებივრებული - ეს ფაქტია, მაგრამ გინდ კაფე დაარქვი, გინდ
ბარი და გინდ სასადილო, იმას მაინც მივეჩვიეთ, რომ მაგიდასთან ოფიციანტი მოვიდეს
და თავაზიანად შემოგთავაზოს მომსახურება. მით უმეტეს, თუ საქმე ეხება ლამის ბარსელონად
ქცეული და უახლოეს მომავალში მსოფლიო კურორტად
გადაქცევაზე პრეტენზიის მქონე ქალაქის ცენტრში, საუკუნოვანი ისტორიის მქონე ბულვარის
ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე, თუნდაც უგემოვნო ინტერიერის მქონე საზკვების დაწესებულებას, სადაც ადამიანს მართლაც უნდა ქონდეს ელემენტარული სიმყუდროვის შეგრძნება. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ დაახლოებით ხუთწუთიანი „მარტოობის“ თუ „უპატრონობის“ შემდეგ გადავწყვიტე
თავად მეაქტიურა და რომელიმე ოფიციანტისთვის მენიშნებინა მათი მომსახურეობისადმი ჩემი
მზადყოფნის შესახებ. როცა ერთნაირ საფირმო მაისურში (რაც ყოველთვის არ ხდება ხოლმე)
გამოწყობილი, იქით-აქეთ მოფუსფუსე დაახლოებით 8-10 გოგონა შევნიშნე, გულუბრყვილოდ ვიფიქრე,
რომ საქმე გამიადვილდებოდა და შემთხვევით ვიღაც უცხო ადამიანისათვის ხელის დაქნევით
უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდი. მაგრამ დაბრკოლებები სწორედ ამის შემდეგ გამომიჩნდა.
აქ
ცოტა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ და აღვნიშნავ, რომ პიროვნულად ნაკლებად პრეტენზიული
ადამიანი ვარ. ასევე, მივეჩვიე იმასაც, რომ ზოგადად მომსახურების სფეროში, ყოველ ფეხის
ნაბიჯზე შეიძლება წააწყდე ადამიანს, რომელმაც უბრალოდ არ იცის რა ევალება და რა უნდა
გააკეთოს. რომელსაც თუნდაც უმნიშვნელოდ არასტანდარტულ ვითარებაში, არ გააჩნია იმის
უნარი, ოდნავ მაინც გადაუხვიოს, ასევე საეჭვო კომპეტენციის მქონე ხელმძღვანელის ინსტრუქტაჟსა
თუ სწავლა-დარიგებას და რაღაც სასარგებლო გააკეთოს. წორედ ასეთი ხალხის შემხედვარე,
ვცდილობ ნერვები ნაკლებად მოვიშალო, რადგანაც მათთან არ ჭრის არც თხოვნა, არც კამათი,
არც ჯანსაღი მსჯელობა და საერთოდ არაფერი.
ყოველივე
ხსენებულის მიუხედავად, ამ ოფიციანტების შემხედვარე, ჩემდა უნებურად, ქვეცნობიერად,
იმაზე დავიწყე ფიქრი, რომელი მათგანი უნდა მომეხმო. შერჩევა დავიწყე არა იმ ნიშნით,
რომელი მთგანი იყო თავისუფალი, არამედ იმით - რომელი როგორ გამოიყურებოდა. ამ ახალგაზრდა
გოგონები გარეგნული იერი ნამდვილად ვერ იყო მოსაწონი. არამც და არამც მხედველობაში
არ მაქვს მათი სახის ნაკვთები ან ანატომიური აგებულება. მომიტევონ ჩემი კრიტიკის ობიექტებმა,
მაგრამ ისე ეცვათ და ისე გამოიყურებოდნენ, რომ მათთან „საქმიანი ურთიერთობის“ ყოველგვარი
ხალისი დამეკარგა. მთლად ლიტერატურულად ვერ აღვწერ, მაგრამ წარმოიდგინეთ ასეთი სურათი:
მოუწესრიგებელი ვარცხნილობა, მზისგან გადარუჯული და ფაქტიურად დამწვარი სახეები (იაფიანი
ქუდებიც კი ვერ გაიმეტეს ამ საცოდავებისთვის), ერთს საგულდაგულოდ დასვრილი თუ სპეციალურად
ასეთი ეფექტის მქონე შეფერილობის ჯინსი ეცვა, მეორეს - მოურიდებლად დამოკლებული კაბა.
მესამეს სამი ზომით პატარა მოტმასნილი შორტი. კიდევ ერთს - შლოპანცები, ვიღაცას - კედები,
სხვას ვითომ საზაფხულო მაღალყელიანი ჩექმები. საუბრის მანერაზე, ტაქტზე და მომსახურების
სფეროსათვის აუცილებელ სხვა თვისებებზე საუბარიც ზედმეტია.
ამ
წარუშლელი შთაბეჭდილებების შემხედვარე, ის იყო უნდა გავცლოდი იქაურობას, რომ როგორც იქნა,
ერთი გოგონა თავისივე ინიციატივით მოგვიახლობდა და .. .. „რას ჭამთ“-ო იკითხა. ეტყობა
სახეებზე შეგვატყო, რომ მშივრები ვიყავით და გამაგრილებელი სამელების გარდა, კერძების
დაგემოვნებასაც ვაპირებდით. მენიუ რომ მოვითხოვე, მაგიდაზე დაგდებულ პატარა ფურცელზე
მიმითითა, რომელიც თავიდან სარეკლამო ბუკლეტი მეგონა და არც დამიხედავს. ახლა კარგად
რომ დავაკვირდი, მასზე 2 სანტიმეტრი დიმეტრის ნახატები აღმოვაჩინე და იქვე, რაღაც წვრილი
წარწერებიც. რაც მთავარია - ფასები თვალსაჩინოდ იყო მითითებული. ჩემი შვილების გასახარად,
ერთ-ერთი გაურკვეველი ნახატის ქვეშ „შაურმა“ ამოვიკითხეთ და მაშინვე დაუფიქრებლად დავუკვეთეთ.
ჩემთვის, შედარებით მსუბუქი სალათის ძებნა მენიუში უშედეგოდ დასრულდა. დანარჩენი კერძებიდან,
2 თუ 3 ფაქტობრივად არ აღმოჩნდა სამზარეულოში. შემდეგ ისევ ვიკითხე - სალათები თუ გაქვთ-მეთქი.
კი, როგორ არა, მაქ წერიაო - მიპასუხა და კვლავაც „მენიუზე“ მიმითითა. დავძაბე მზერა
და მრავალპიქსელიანი გადაწყვეტით მორიგჯერ
დავასკანერე მთელი ბუკლეტი, თუმცა ჰამბურგერის, ჩისბურგერის, კარტოფილი ფრისა და სხვა
რამდენიმე მსგავს დასახელებას შორის ვერანაირი სალათა ვერ აღმოვაჩინე. ამასობაში ოფიციანტიც
სადღაც გაუჩინარდა და მხოლოდ მობერილმა ნიავმა შემომაჩეჩა მისი „მოიფიქრე და მოვალ“.
ბოლოს, როგორც იქნა გავარკვიე რომ ჰქონიათ ე.წ. „მოსკოვსკი სალათა“, კარტოფილითა და
რაღაც სხვა ინგრედიენტებით გაფორმებული. შევუკვეთე, ოღონდ კარტოფილისა და სხვა დანამატების
გარეშე.
მომიტანა
კარტოფილის პიურეზე დალაგებული სალათა - კარტოფილის გარეშე არ ვყიდითო. მცირეოდენი
სჯა-ბაასის შემდეგ, უფროსს ვკითხავო, დამპირდა და შენობაში გაუჩინარდა. კიდევ კარგი,
უფროსი ღვთისნიერი აღმოჩნდა და როგორც იქნა მომართვეს ნანატრი უკარტოფილო სალათა. ბოლოს,
როცა ანგარიში მოიტანეს, რომელშიც უკვე შედიოდა მომახურები 10 პროცენტი, ჩემი კუთვნილი
სამლარიანი ხურდის მისაღებად ისევ ოფიციანტის მოხმობა დამჭირდა - უკვე მივდივარ-მეთქი.
ბოდიშს
კი ვიხდი, რომ 3 ლარის ჩაი ვერ დალიეს იმ საღამოს, მაგრამ მე მეორედ იქ მისვლელი აღარ
ვარ და არა მგონია, სხვასაც გაუჩნდეს ასეთივე სურვილი. მით უმეტეს, რომ მოგვიანებით,
საღამოს დარჩენილი დიდი ნაწილი, მეც და ჩემმა შვილებმაც იქ გავატარეთ, მეფეები თავისი
ფეხით რომ დადიან ხოლმე. მაინც მადლობა, რომ
მსუბუქად გამოვძვერით და რაიმე უარესი არ დაგვემართა.
მაგრამ
არც ესაა საშიში - სამსახურის წყალობით შესანიშნავი საოჯახო დაზღვევა მაქვს. თუმცა, ერთი
თვეა ვერ მივაღწიე მათთან ხელშეკრულების გაფორმება. თურმე მენეჯერი შეუცვლიათ და
„გაურკვეველია ხელშეკრულებაზე ხელისმოწერის უფლები მქონე პირი ვინაობა“. ჰოდა, ახლა
ბიზნეს იდეაც გამიჩნდა: დავაარსო სადაზღვევო კომპანია და დავაწესო ახალი ტიპის სადაზღვევო
შემთხვევა - „სადაზღვევო ხელშეკრულებაზე ხელისმომწერი პირის ვინაობის დაუდგენლობა“.
საუკეთესო სურვილებით, პანტერაფობიასთან მებრძოლი
0 კომენტარი.:
Post a Comment