24.7.12
Un homme, une femme et … Ford
Approved by
ამას წინათ საკუთარ ფილომეთეკაში კლოდ ლელუშის ლეგენდარულ
„მამაკაცს და ქალს“ გადავაწყდი და ფილმის შექმნის ისტორია გამახსენდა, რომელსაც ჩანაფიქრიდან
გამომდინარე ალბათ „მამაკაცი, ქალი და ავტომანქანა ფორდი“ უნდა რქმეოდა. დიახ, დიახ,
რომ არა ჰენრი ფორდი და მისი სურვილი ამერიკის მერე ევროპის საავტომობილო ბაზრის დაპყრობისა,
ალბათ ეს მშვენიერი რომანტიკული მელოდრამა არ შეიქმნებოდა. ჰენრი ფორდს მაინცდამაინც
ლამაზი და მაინცდამაინც ევროპაში გადაღებული ფილმი უნდოდა თავისი უახლესი მოდელების
Mustang-ის
და GT40-ის გასარეკლამებლად.
ფილმის მთავარი გმირი სახელგანთმული პროფესიონალი მრბოლელი
ჟან ლუი დიუროკი, რომელსაც მართალია ყოფილი, მაგრამ პროფესიონალი პილოტი ჟან ლუი ტრენტინიანი ასახიერებს,
ფორდ მუსტანგით 1966 წლის მონტე-კარლოს რალის გამარჯვებული ხდება, რეალობაში კი
ჰენრი გრედერმა მუსტანგით მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა და თანაც დისკვალიფიკაციაც
მიიღო. მით უმეტეს, სრული ფანტასტიკის სფეროა
ერთი ადამიანის მონაწილეობა ლე-მანის 24 საათიან რბოლაშიც და მონტე-კარლოს რალიშიც.
მსოფლიოში დღემდე არ დაბადებულა უნივერსალური მრბოლელი, რომელიც წარმატებული წრიული
და რალის მრბოლელის ტალანტის ერთდროულად შეთავსება. ასეთ "არასპორტულ" გადახვევებს მხოლოდ ფილმის გმირის რომანტიკული იმიჯი ან იქნებ, ფორდის ავტომობილების რეკლამა მოითხოვდა? ან თუნდაც, დიუროკის მონტე-კარლოდან პარიზში ერთღამიანი გადარბენი გავიხსენოთ. ერთი ადამიანისათვის ალპებზე გამავალი 900 კილომეტრზე მეტი მანძილის ერთ ღამეში დაძლევა 1966 წელს კი არა, დღესაც წარმოუდგენლად ძნელად მეჩვენება.
სხვათა შორი, 1966 წელს მონტე კარლოს რალიზე საკმაოდ
საინტერესო ფაქტი მოხდა: პირველი სამი საპრიზო ადგილი Mini Cooper-ებმა დაიკავეს. მაგრამ 8 საათიანი
შემოწმების შემდეგ, მსაჯებმა ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს სამივე
გამარჯვებულის დისკვალიფიკაციის თაობაზე, ბამპერზე დამონტაჟებული 4 დამატებითი ფარის
გამო, რაც თურმე საფრანგეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგებოდა. შესაბამისად, პირველი
ადგილი მეოთხეზე გასულმა Lotus Cortina-დაიკავა,
რაც რეალურად გადაკეთებული Ford
Cortina გახლდა, მაგრამ ჰენრი ფორდის საუბედუროდ - დამატებითი
ფარები მასაც აღმოუჩინეს. ასე გახდა მეხუთე ადგილზე გაული Citroen DS მონტე-კარლოს
რალის გამარჯვებული, რალის რომელიც მსაჯების ახირებების წყალობით ავტოსპორტის ისტორიაში „მონტე-ფიასკოს“
სახელით შევიდა.
ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია - ჟან ლუი ტრენტინიანისა და
ანუკ ემეს ულამაზესი წყვილის შემხედვარე, ცოტას თუ ახსოვს საავტომობილო ლაფსუსები, ან
ჰენრი ფორდისა და ენცო ფერარის შუღლი ან 1966 წლის მონტე-კარლოს რალის გამარჯვებული
...
სხვათა შორის, ზუსტად 1966 წელს, ლე- მანზე ფორდმა როგორც
იქნა დაჯაბნა ფერარი და მომდევნო სამი წელი ლიდერობდა კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი
ფილმის გამოსვლის მერე მოხდა...
ავტომანქანების კინოპიარი ანუ ავტომობილის პროდაქტ
პლეისმენტი კინოში 1964 წელს ალბერტ ბროკოლიმ შემოიღო და შედეგიანადაც დანერგა
პირველივე ფილმში, სადაც Aston Martin DB5-ზე ამხედრებული აგენტი 007 წარმატებულად
მუსრავს საზოგადოების ბოროტ და უღირს ელემენტებს. მაგრამ ამაზე სხვა დროს, თორემ ხომ
იცით, მოკლედ წერა არ მეხერხება და...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment