გურული კაცის ნაამბობი - სტაჟირება ქართულად

Approved by Natia Jinjolava


უამრავ სხვა საკითხთა შორის, რომლებთანაც ასე თუ ისე მიწევს შეხება, ძალზედ საინტერესოდ მეჩვენება ე.წ. სტაჟიორთა თემა. თითქოსდა ერთი შეხედვით არც არაფერია უცნაური ან დამაინტრიგებელი. აბა, რა სჯობია, როცა ახლად გამომცხვარი დიპლომირებული ახალგაზრდა ან თუნდაც უმუშევრად დარჩენილი ადამიანი, ცდილობს ამა თუ იმ ორგანიზაციაში სტაჟირება გაიაროს, გარკვეული   პროფესიული უნარ ჩვევები შეიძინოს და სამსახურის პოვნის შანსებიც გაიზარდოს. მაგრამ სულ სხვა საკითხია - რამდენად ხარისხიანად მიმდინარეობს ეს სტაჟირება და რამდენად შედეგიანად მთავრდება ის სამსახურის მაძიებლისათვის. თორემ თავად დამსაქმებელი (ან შესაძლო დამსაქმებელი) რომ ხეირობს, ეს ფაქტია. რამდენ თქვენგანს გაუვლია ეს სტაჟირება და რეალურად რამდენი დასაქმდა - არსებობს თუ არა საერთოდ ასეთი სტატისტიკა. ვერ დავიკვეხნი, რომ ამ თემაში ძირფესვიანად ჩახედული ვიყო, მაგრამ ჩემი პროფესიული მოღვაწეობის სხვადასვა ეტაპზე თავად მქონია სტაჟიორებთან ინტენსიური შეხება და მათ დაფრთიანება-დაკვალიანებაშიც შემიტანია ჩემი მოკრძალებული წვლილი.
ამჯერად თავს არ მოგაწყენთ მსჯელობით, თუ ვინ როგორ არის მონდომებული და ვის რა მიზნები ამოძრავებს. მხოლოდ მინდა თავად სტაჟიორების შერჩევის თავიებურებებსა და შემდგომი დასაქმებისადმი ზოგად დამოკიდებულებაზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვაკვირდები. დავიწყოთ იმით, რომ თუროგორ იწყება ეს პროცედურა. ესა თუ ის ორგანიზაცია (მნივნელობა არ აქვს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ტიპსა და საქმიანობის სფეროს) ამა თუ იმ ფორმით აცხადებს სრაჟიორთა მიღებას. იქვე გვაცნობენ სტაჟიორთა კანდიდატისათვის აუცილებელ კრიტერიუმებსა და სხვა ტექნიკურ საკითხებს. მაგრამ რაც მთავარია - გვაცდუნებენ სამ თუ ექვსთვიანი სტაჟირების შემდეგ, მაღალანაზღაურებადი დასაქმების პერსპექტივითა და შესაძლებლობით. ამას შემდეგ მოვლენები უფრო საინტერესო ხდება. მხედველობაში მაქვს სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმები. უმეტეს შემთხვევაში, დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთ კრიტერიუმებად გვევლინება: უსიტყვოდ მორჩილება და ე.წ. „შავი სამუშაოს“ უპირობოდ შესრულებისათვის მზადყოფნა - რომ ბევრი ფიქრისა და განსჯი გარეშე შესრულდეს ესა თუ ის აბსურდული ან მიუღებელი მითითება; საკუთარი ავტომანქანის ქონა - რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ სამსახურებრივი ინტერესებისათვის; ფინანსური მდგომარეობა - რომ სამსახურებრივი დავალებების შესრულებისას თავად შეგეძლოთ საკუთარ მანქანაში საწვავის ჩასხმა. სხვა, დამატებით კრიტერიუმად შესაძლოა გამოყენებული იქნეს გარეგნული იერი თუ სხვა საქმიანი და არასაქმიანი თვისებები. გამოცხადებული, ვთქვათ ასი კანდიდატიდან, დაახლოებით ათი მაინც მოიძებნა ისეთი, ყველა ეს მოთხოვნა რომ დააკმაყოფილა და საზეიმო ვითარებაში იწყება მწვერვალებისკენ მათი მსვლელობა. ჩემს მიერ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ ადვილი მისახვედრი იქნება მთელი ამ კამპანიის ჭეშმარიტი არსი და მიზანი. 
როგორც წესი, მრავალთვიანი გადარბენა-გადმორბენისა და გაურკვეველი დავალებების შესრულების შემდეგ, დასაქმების იმედგადაწურული სტაჟიორები და გურულად რომ ვთქვათ „აბდლები“, ჯერ კიდევ საზრდოობენ ისეთი დაპირებებით, როგორიცაა - „მალე დაინიშნები“, „ცოტა ხანში რეორგანიზაცია იწყება და შტატები გამოთავისუფლდება“ და ა.შ. დაახლოებით მომდევნო ერთ თვეში, როცა შემორჩენილი სტაჟიორების სახეზე აშკარა უიმედობა აღიბეჭდება და მათ მიერ დავალებების შესრულებაც უკიდეგანოდ გაიწელება დროსა და სივრცეში, თქვენ გგონიათ რაიმე კატასტროფა მოხდება?! ნურას უკაცრავად! უბრალოდ, წყნარად და აუღელვებლად, მაგრამ იგივენაირი ზარ-ზეიმით გამოცხადდება .. .. სტაჟიორთა მიღების ახალი ეტაპი. ალბათ ლოგიკური იქნება და იკითხავთ - კი მაგრამ, ვის რაში სჭირდება ეს ყველაფერი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაფერი ერთ ბანალურ მიზეზამდე დადის - ფულის ეკონომია. იმათ, ვინც შესაძლოა დააბნია ასეთმა ჩემეულმა დასკვნამ, და შესაძლოა შემოკამათების სურვილიც გაუჩნდა, თავიდანვე ვკითხავ - ორგანიზაციას, რომელსაც გარკვეული პრეტენზია გააჩნია პრესტიჟულობასა და სხვა მსგავს ტიტულებზე, რომელსაც შტატით გათვალისწინებულზე 2-3-ჯერ ნაკლები ადამიანი ყავს დასაქმებული, განა არ შეუძლია მართლა საქმე ასწავლოს ამ სტაჟიორს და მართლა შესანიშნავი მუშაკი გამოზარდოს? შეუძლია, მაგრამ .. .. მაშინ ხელფასი უნდა უხადოს. 
ჰოდა, რატომ უნდა იხადოს ხელფასის თანხა, როცა შეიძლება მთელი შავი სამუშაო მოწადინებულმა და დაიმედებულმა სტაჟიორმა გააკეთოს, ხოლო ისეთი საქმე, რაც მართლა გამოცდილებასა და მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს, „თუ არ გინდა - წადი“-ს პოზიციით დაშინებულმა პერსონალმა შეასრულოს, რომელიც რეალურად 5 ადამიანის საქმეს აკეთებს იგივე ანაზღაურების ფასად. ქედს ვიხრი და ჩემს პატივისცემას გამოვხატავ იმ სამსახურების მიმართ, რომლებსაც შესაძლოა აზრადაც არ მოუვიდეთ ამგვარი აფიორა და მართლაც იყვნენ დაკავებული დასაქმებით. მაგრამ ამგვარი „საშინაო ტრეფიკინგი“ რომ საკმაოდ გავრცელებულია, ესეც ფაქტია და სამწუხარო რეალობა.

საუკეთესო სურვილებით, პანტერაფობიასთან მებრძოლი

0 კომენტარი.:

Post a Comment