Vacherin Glacé - ნაყინის და ბეზეს დესერტი საფრანგეთიდან

Approved by Natia Jinjolava



მოგეხსენებათ, ცხელი ზაფხულის დადგომასთან ერთად გული ცივი და მსუბუქი დესერტებისკენ მიგვიწევს, მაგრამ ხანდახან საზაფხულო და გამაგრილებელთან ერთად რაღაც კრემიანი და უფრო პომპეზურიც მოგვინდება ხოლმე. ასეთი შემთხვევისთვის ყველაზე შესაფერისად ისევ და ისევ ფრანგული კლასიკა Vacherin Glacé მივიჩნიე - ბეზეს ტორტი ვანილის ნაყინით და კენკრით. მისი უთვალავი ვარიაციებიდან კი კვლავაც ანტუან-მარი კარემის მიმდევარი ერიკ ლანლარდის ვერსიაზე შევაჩერე ჩემი არჩევანი.



Vacherin Glacé
ბეზესთვის: 4 კვერცხის ცილა, 200 გრ შაქარი, 1 ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი, ½ ს/კ სიმინდი ფქვილი
გულსართისთვის: 240 მლ ცხიმიანი ნაღები, 20 გრ შაქარი, 500 მლ უმაღლესი ხარისხის ვანილის ნაყინი, 400 გრ ჟოლო, სეზონური კენკრა ტორტის მოსართავად
პირველ რიგში (სასურველია, რამდენიმე დღით ადრე), ბეზე უნდა გამოვაცხოთ. ამისთვის გავახუროთ ღუმელი 130°C-მდე. საცხობ ფირფიტაზე პერგამენტის ქაღალდი დავაფინოთ და ქაღალდზე 18 სმ სიფართის გული შემოვხაზოთ ფანქრით.
ფართო ჯამში ჩავასხათ კვერცხის ცილები და ვთქვიფოთ, სანამ ბეზე ფორმის შენარჩუნებას არ დაიწყებს. მერე დავიწყოთ შაქრის დამატება თითო-თითო კოვზობით. თქვეფა გავაგრძელოთ ბეზეს საბოლოოდ გამაგრებამდე. თავზე ძმარი და სიმინდის ფქვილი მოვაფრქვიოთ და ფრთხილად გადავურიოთ. ბეზე საკონდიტრო ტომსიკაში ჩავასხათ და პერგამენტზე დახატული გული შევავსოთ ბეზეთი. ერთ ფენას რომ მოვრჩებით, ზემოდან ბეზეს მეორე ფენა დავასვათ და ასე გავაგრძელოთ სანამ ბეზე არ გაგვითავდება. შევდგათ ღუმელში დაახლოებით საათნახევრით, სანამ ბეზე გარედან არ გაშრება და ფერს არ შეიცვლის. მერე ცეცხლი გამოვრთოთ, ღუმელის კარი ოდნავ შევაღოთ და ბეზე ღუმელშივე გავაგრილოთ (საურველია, დავტოვოთ მთელი ღამით). ასე ბეზე გარედან მყარი იქნება, შეიგნით კი ზეფირის კონსისტენციის დარჩება.
გამომცხვარი ბეზე ლანგარზე მოვათავსოთ. დარბილებული ნაყინი (ამისთვის მაცივრიდან 40 წუთით -1 საათით ადრე გამოვიღოთ) მსუბუქად გავთქვიფოთ და ბეზეს თავზე კრემივით გადავუსვათ და საყინულეში შევდგათ (საურველია, კვლავაც მთელი ღამით). ჟოლო დავჭყლიტოთ და პიურე თავზე გადავუსვათ ნაყინს. ნაღები და შაქარი ავთქვიფოთ, ჩავასხათ საკონდიტრო ტომსიკაში და ამ კრემით მოვრთოთ ბეზეს ტორტის გვერდები.  ტორტი შევაბრუნოთ საყინულეში.
ნაყინის და ბეზეს ტორტი საყინულედან ჭამამდე ერთი საათით ადრე გამოვიღოთ,  სეზონური კენკრით მოვრთოთ და მივირთვათ!




საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინი

0 კომენტარი.:

Post a Comment