19.7.12
მოკლედ, მყუდროდ დასვენების მსურველთათვის...
Approved by
მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებასაც საკმაოდ სწრაფად
ვღებულობ და მოულოდნელად მიღებულ მიპატიჟებაზე დაუზარლად ვდგები და სახლიდან ნებისმიერ
დროს და ამინდში უპრობლემოდ გავდივარ ხოლმე, თბილისის დატოვება და დასასვენებლად სადმე
წასვლა ყოველთვის ძალიან მეძნელება. იმიტომ კი არა, რომ მოგზაურობა არ მიყვარს, ან
ახალი და უცნობი ადგილების მეშინია - უბრალოდ, ყველაზე კარგად საკუთარ სახლში და საკუთარ
საწოლზე ვისვენებ. და, არც დაღლილობას ვუჩივი მაინცდამაინც. მე დასვენება არ მჭირდება,
გარეთ ან სხვაგან გასართობად მინდა წავლა.
ერთი სიტყვით, მორიგი საშვებულებო სეზონის დადგომასთან
ერთად, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი საკუთარ შესაძლებლობებს და ახალი და ჩემთვის საინტერესო
შთაბეჭდილებებისთვის განვემზადე.
საკუთარი თავის გართობაზე ზრუნვაში ინტერნეტ სივრცეში
გავინავარდე და არაორდინალური დასვენების მსურველთათვის მეტად საჭირო ინფორმაციას გადავაწყდი.
თურმე, ჟურნალ „Forbes“-ს არ დაზარებია და მოფლიოს ყველაზე უცნაური სასტუმროების სია გამოუქვეყნებია.
მაშ ასე:
ვისაც სურვილი გაქვთ, რომ „შინაური“ მღრღნელის ბედი გაიზიაროთ
და პატარა ზაზუნას ცხოვრებისეული პერიპეტიები საკუთარ თავზე გამოსცადოთ, ნანტში (საფრანგეთი)
ზაზუნას ვილას უნდა ესტუმროთ.
2009 წლის ოქტომბერში არქიტექტორმა იან ფალკერომ და ინტერიერის
დიზაინერმა ფრედერიკ ტაბარიმ სამხრეთ საფრანგეთში სატუმრო „La Villa Hamster“-ი გახსნეს.
სასტუმროს ერთადერთ ნომერში, რომელიც 16 კვადრატულ მეტრს მოიცავს, მისი ავტორების თვალსაზრისით
ყველაფერია იმისთვის, რომ ნებიემიერმა სტუმარმა თავი ჭეშმარიტ ზაზუნად იგრძნოს.
XVIII საუკუნის ქვითნაშენი შენობის ერთ ნაწილში განთავსებულ
სასტუმროში ზაზუნობის მსურველებს ხორბლის კონტეინერი, სასმელი წყლით სავსე რკინის კასრი,
საწოლი (რომლამდეც ჰაერში გამოკიდებული ვიწრო რკინი კიბის გარეშე ვერ მოხვდებით) ელოდებათ.
სრულიად ჩვეულებრივი აბაზანის ზემოთ ხის ძელებია გადებული, რომლებზეც დიზაინერების
ჩანაფიქრით, სურვილის შემთხვევაში, დედიშობილად ცოცვა შეიძლება. სასტუმროს მეპატრონეების მთავარი სიამაყის
საგანი კი 2 მეტრი დიამეტრის რკინის ბორბალი გახლავთ, რომელშიც 2 დამსვენებელი თავიუფლად
ირბენს. სასტუმროში დარჩენის ყველა მსურველს, დამხვდურები ეგრევე ზაზუნის ფორმის
მორგებას და ზემოხენებული ბორბალის დატრიალებას სთაბაზობენ...
უშრომლად და უსაფრთხოდ (ვითომ?) დაივინგის მოყვარულების
ოცნება ფიჯიზე ახდა: მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „Poseidon Undersea Resort“-ის
გახსნა მხლოდ 2010 წლი 15 ოქტომბრისთვის იგეგმებოდა,
2009 წლის სექტემბერში მისი ყველა ნომერი უკვე წინასწარ იყო დაჯავშნული.
სასტუმროს მოხვედრის მსურველებს ნადიში კერძო თვითფრინავის პილოტი
ელოდება და დამსვენებლები კუნძულ პოსეიდონზე გადაყავს, სადაც ოდესღაც მოქმედი ვულკანი
მძვინვარებდა. თავად სასტუმრო 48 ბუნგალოსგან შედგება, მაგრამ მისი ყველაზე საინტერესო
და დამაინტრიგებელი ნაწილი, წყლის ქვეშ, 15 მეტრის სიღრმეზე, 1962 წლის წყალქვეშა სადგურის
ტერიტორიაზე მდებარეობს. დაივინგის მოყვარუულებს, ღია ზღვის ხედებით ტკბობა 10X5 მეტრზე
24 ოთახ-კაფსულასა და ერთიც ფეშენებელური ლუქსის, „ნაუტილუსიდან“ გაუსვლელად შეუძლიათ. ოთახები
საერთო კორიდორს უერთდება, მაგრამ კლიენტის სურვილი შემთხვევაში, თითოეული კაფსულა გამოეყოფა დერეფანს და დამოუკიდებლად ამოდის წყლის ზედაპირზე.
ნუდისტების და სვინგერების სამოთხე იამაიკის მიწაზეა.
სასტუმროების „Hedonism II“-სა და „Hedonism III“-ი სტუმრები სატუმროს ტერიტორიაზე ნახევრად
ან სრულიად დედიშობილები დაიარებიან, გამჭვირვალე ჟაკუზებში ჭყუმპალაობენ და პლიაჟზე
გამართულ კოლექტიურ ორგიებში ხალისით მონაწილეობენ (მემგონი, ნუდისტების კი არა, ქართველი კაცების
სამოთხეა, ყოველ შემთხვევაში, მათი წარმოდგენით მაინც). აქ სექსი ყველასთან შეიძლება,
მომსახურე პერსონალის ჩათვლით - მით უმეტეს, რომ მოახლეები ნომრებს მოკლე ტყავის ბოლოკაბებს,
ტყავი ლიფებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწკეპილები ალაგებენ. რაღა გასაკვირია,
რომ ამ სასტუმროებში ბავშვებიან კლიენტებს არ უშვებენ.
თანამედროვე ხელოვნებისა და მისტერიების მოყვარულებს
გერმანიაში ელიან. „Propeller Island City Lodge“-ი გერმანელი მხატვარი ლარს სტროშენის
ქმნილებაა, რომელმაც სანამ სატუმროს დიზაინით დაკავდებოდა, სახელი ხმოვანი სკულპტურებისა
და აუდიოვიზუალური კონცეფციების შემუშავებით გაითქვა. ბერლინში მდებარე სასტუმრო, რომელიც
ავტორის ჩანაფიქრით, სატუმროზე მეტად მუზეუმია, „დამთვალიერებელს“ ხელოვნების ნიმუშების სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს და 45 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნომრისაგან
შედგება. ასე რომ, ერთიანად დამსვენებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული ღამეს ციცაბო იატაკზე
გაატარებს თუ ჰაერში ჩამოკიდებულ საწოლზე, ან იმ ოთახში, სადაც ავეჯი ჭერიდანაა გადმოკიდებული,
ან სულაც კომფორტულ კუბოსა თუ ლაბირინთში დაკარგულ საძილე ტომარაში მოისვენებს.
თანაც, ოთახების მორთულობა იმდენად მტვრევადი და ნაზი
მასალისგანაა დამზადებული, რომ სტუმარს ნომრის გასაღებთან ერთად ნივთებით სარგებლობისა
და ოთახში ქცევის საგანგებო ინსტრუქცია აძლევენ. მაგალითად, კუბოში გამოძინების მურველს,
უმორჩილესად თხოვენ, რომ მისი თავსახური არ მიაჯახუნოს.
ოთახების ფასი, ზომიდან და ინტერიერიდან გამომდინარე
90-დან 150 დოლარამდე მერყეობს.
ხეზე ყვავის ბუდესავით გაშენებული ფაცხებით დღეს ვისღა
გააკვირვებ, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე დიდი ტყის სატუმრო ჩრდილოეთ ბრაზილიაში, რიო-ნეგროს
(ამაზინის ერთ-ერთი შენაკადის) ნაპირზე მდებარეობს. „Ariau Amazon Towers“ რვა 15 მეტრის
სიმაღლეზე ხეზე გამოკიდებული კოშკისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ერთიანობაში
8 კილომეტრი სიგრძის დაკიდებული ბილიკებითაა დაკავშირებული. კოშკებს კი ირგვლივ უთვალავი
თევზი, თუთიყუში, სხვადასხვა ჯიშის, როგორც სასტუმროს პერსონალი ირწმუნება, მეგობრული
მაიმუნები და თვით ვარდისფერი დელფინებიც კი ახვევია. თანაც, თურმე ცხელი კლიმატისდა
მიუხედავად, იქაური წყლის მაღალი მჟავიანობის გამო კოღოები არ ყოფილან საერთოდ.
მართალია, მე ვერ ვხვდები საკანალიზაციო მილში ღამი
გათევისკენ გული ვის უნდა მიუწევდეს, მაგრამ რადგან ასეთი სატუმროც არსებობს, ე.ი კლიენტებიც
ყავს. მით უმეტეს, სადმე დასაკარგავში კი არა, შუაგულ ევროპაში, უფრო მეტიც - ავსტრიაში,
ვენიდან სულ რაღაც 190 კილომეტრში, ქალაქი ოტენსჰაიმის პარკში. ერთი სიტყვით, ამ სატუმროს
ნომრები ქალაქის კანალიზაციის ქსელისთვის განკუთვნილ ბეტონის მილებშია მოთავსებული.
„Dasparkhotel“-ი მსურველებს ყოველი წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით სთავაზობს, როგორც
ამბობენ, საკმაოდ კომფორტულ და კეთილმოწყობილ „ოთახებს“ დღის განათებით, ორადგილიანი
საწოლით, მაგიდის ნათურითა და პატარა კარადით. აბაზანა და კაფე კი შორიახლო მილებშია
განლაგებული.
საკანალიზაციო მილში „დასვენების“ მთავარი სიამოვნება
კი იმაში მდგომარეობს, რომ ნომერი ზუსტად იმდენი ღირს, რამდენის გადახდაც შეგიძლია.
ანუ, საფასურს კლიენტი თავისი ნება-სურვილით იხდის.
ალბათ არის რაღაც ლოგიკური იმაში, რომ სწორედ ავტრალიელებმა
გახსნეს ციხეში სასტუმრო. მოგეხენებათ, თეთრკანიანების უმრავლესობა ამ კონტინენტზე
სწორედ ციხისა და კატორღის გავლით მოხვდა.
პატარა ავსტრალიური ქალაქის მაუნთ-გამბიეს ციხეში 1866-დან
1995 წლამდე სხვა პატიმრები მხარდამხარ, ძირითადად მოძალადეები და მკვლელები იხდიდნენ
სასჯელს, ახლა კი კამერებში მათი ადგილი საკუთარი ნებით დაიკავეს ტურისტებმა. სასტუმრო
„The Jail“
ერთდროულად 99 დამსვენებელ-პატიმარს ღებულობს და მათთვის ორ, ოთხ და ათადგილიანი გალიები აქვთ გამზადებული.
გარე სამყაროსგან დამალვის მსურველებს კი ერთადგილიან კარცერსაც სთავაზობენ.
კოსტა-რიკაში 1965 წელს ჩამოწერილი ბოინგი 727 ჯართში
ჩაბარების ნაცვლად, გადაღებეს, შეარემონტეს, 50 ფუტის სიმაღლის ქვის პოსტამენტზე შემოდგეს
და „727 Fuselage Home“-ად წოდებული შესანიშნავი ლუქსი გააკეთეს. სასტუმრო-თვითფრინავი სან-ხოსედან
180 კილომეტრში, კოსტა-ვერდეს ეროვნულ პარკშია წამოჭიმული ამაყად, 20 მეტრის სიმაღლეზე.
საგანგებოდ გამაგრებულ ბოინგში კუნძული იავადან ჩამოტანილი ხელით ნაკეთი ტიკის ხის
ავეჯით გამოწყობილი და იმავე ხით მოჭედილი მინი სამზარეულო, სასადილო ოთახი, ორი საძინებელი, ორი პირადი აბაზანა,
უზარმაზარი ლოგინები, უზარმაზარი ტელევიზორები და გარეშე თვალისაგან მოფარებული ხის
დახვეული კიბეც კია მოთავსებული. თვითფრინავის ფრთაზე მიშენებული ტერასიდან კი გარშემო
მდებარე ტროპიკული ტყის და ოკეანის შესანიშნავი ხედი მოსჩანს.
უკვე ოცი წელია, ყოველ ზამთარს შვედეთში, ქალაქ ოუკასიარვისთან
ახლოს, პოლარული წრიდან სულ რაღაც 200 კილომეტრში ყინულის ბლოკებისგან სატუმრო „Icehotel“-ს
აშენებენ. თანაც, მშენებლობაზე ყოველ წელს ახალ-ახალი არქიტექტორები და დიზაინერები
მოყავთ - შესაბამისად, მუდმივ კლიენტებს (თუმცა, ეჭვი მეპარება, ასეთები არებობდნენ)
ყოველ ზამთარს სურპრიზი ელოდებათ. 20 წლის წინ სასტუმროს ფართობი სულ რაღაც 60 კვადრატული
მეტრი იყო, დღეს კი, უკაცრავად, დღეს ნამდვილად გამდნარია - გასულ ზამთარს ყინულის
სასახლე 5500 კვ.მ-ზე იყო გადაჭიმული.
სასტუმროს მუდმივი ტემპერატურა მინუს 5-10 გრადუსს შორის
მერყეობს, ამიტომ ერთ ღამეზე მეტის გატარებას სასტუმროში არავის ურჩევენ. მით უმეტეს,
რომ წინდახედულ ყინულის სასტუმროს მეპატრონეებს, იქვე ჩვეულებრივი, გათბობიანი სასტუმროც
აქვთ გახსნილი.
შვედები დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით ყოველდღიურად დაახლოებით
100 გაყინვის მსურველს მასპინძლობენ, რამაც დანარჩენი ცივი ქვეყნები ისე წაახალისა,
რომ მსგავსი სასტუმროები სასწრაფოდ გაიხნა ნორვეგიაში, რუმინეთსა და კანადაში.
თითო ყინულის საახლის მშენებლობაზე კი 30 ათასი
ტონა თოვლი და 10 ათასი ტონა ყინული იხრჯება...
ამ სიცხეში ბრაზილიის ჯუნგლებში ხეზე ჩამოკონწიალებული
ან ირმის ტყავში გახვეული და ყინულის სარეცელზე
ნებივრად წამოგორებული ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე, გულმა ისევ საკუთარი უზარმაზარი,
გემრიელი, ორთოპედულლეიბიანი ლოგინისკენ გამიწია, როგორც ჩანს, ასეთი ავანტიურისთვის
ან მზად არ ვარ და ან ასაკიც თავისას შვება...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მეტრი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment