აბა, იპოვე ათი განსხვავება... უკაცრავად, შეცდომა!

Approved by Natia Jinjolava

ყოველთვის ასე იყო და ახლაც ასეა - ყველა ახალი იდეა, აზრი თუ ცვლილებების სურვილი ყოველთვის უნივერსიტეტებიდან მოდიოდა. ადგილიდან სადაც ერთად უნდა იყოს თავმოყრილი ორი უძლიერესი ძალა: ლექტორები, როგორც მოწინავე იდეის მატარებლები და სტუდენტები - როგრც ამ იდეების განმახორციელებელი რადიკალური საშუალება. „არის“ ნაცვლად „უნდა იყოს“-თქო, იმიტომ ვამბობ, რომ საკუთარ უმაქნისობაში დარწმუნებული და საკუთარ სკამზე უზომოდ შეყვარებული ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი წლების მთავრობები გასაოცარ ნიჭიერებასა და მონდომებას იჩენენ სწორედ განათლების სისტემისა და სტუდენტის, როგორც კლასის მოსასპობად. რატომ?
არ იქნებოდა არცერთი რევოლუცია, გადატრიალება და ცვლილება რომ არა განათლება  ანუ არსებულზე უკეთესის შენების სურვილი და რომ არა სტუდენტი, რომელსაც თავისი ახალგაზრდობიდან გამომდინარე მაქსიმალიზმი ახასიათებს და გამოუცდელს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს უკეთესი მომავლის რწმენა.
მთავრობა რა შუაშია ან დაჩაგრული სტუდენტი სად ნახეო, მკითხავთ. საქმე იმაშია, რომ მასწავლებელს ფიზიკურ ჩაგვრაზე (თუმცა, ბევრი ამასაც არ აკლებს) ბევრად უფრო მარტივი მექანიზმები აქვს ახალგაზრდის აზროვნების დაასამახინჯებლად და რაც შეეხება მთავრობას, აბა გადახედეთ სახელმწიფო უნივერსიტეტების ადმინისტრაციებისა და ლექტორების კონტიგენტს. არა, შემთხვევის წყალობით, ბევრი ღირსეული ადამიანი შემორჩა პროფესორ-მასწავლებელთა რიგებს, რომელთა წინაშეც მოწიწებით ვიხრი ქედს და ბოდიშს ვიხდი ამ სტატიისთვის, ეს მათ არ ეხებათ, მაგრამ უმეტესობა... სკოლის მუსიკის მასწავლებელი კათედრის გამგეა ბიზნესის ფაკულტეტზე და  წიგნს წერს ეკონომიკაზე, რუმინული პოეზიის სპეციალისტი ტურიზმის მენეჯმენტს ასწავლის სხვისი ნათარგმნი კონსპექტების მიხედვით, მე თავად ჰუმანიტარს ერთადერთ გამართლებად ის მაქვს რომ სახელმძღვანელოები მაინც მაქვს ორიგინალში წაკითხული სხვებისგან განსხვავებით, ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანი თავის დისერტაციას თავისივე სტუდენტების სადიპლოემებიდან აკოწიწებს, ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორს დისერტაციის პლაგიატს რომ უმტკიცებენ, მხოლოდ იმაზე წუხს, იმხელა ფული გადავუხადე ვიღაცას მის დაწერაში და სხვისი წიგნიდან როგორ გადმომიწერაო, ბიზნესის საფუძვლების ერთ-ერთი ლექტორი ლექციაზე სტუდენტებს ხელზე და სახეზე მკითხაობს. ეტყობა მათ მომავალზე ღელავს...
მოკლედ, ჰაერზე რომ არ ვილაპარაკო, რამდენიმე სადემოსნტრაციო მაგალითს მოვიყვან.
ამონარიდი ივ. ჯავახშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ერთ-ერთი ინსტიტუტის ხელმძღვანელის მოადგილის მიერ დაწერილი წერილიდან:
„მოგახსენებთ, რომ 2014 წლის 8 მაისს ხელშეკრულების საფუძველზე (...) შპს „ექსპრეს ჯგუფი“-მ დაამზადა ფირნიშები (...)  ხელის მოწერით ვადასტურებ რომ არ ვიმყოფები ინტერესთან კონფლიქტში შპს „ექსპრეს ჯგუფი“-სთან“.
რამდენი შეცდომა იპოვეთ? არ დაგვიწყდეთ, რომ ხელმძღვანელი პირის, ეკონომიკის დოქტორისა და პროფესორის ამაყი სახელის მატარებლის „ნაშრომია“. არ ვიცი იმ ფირმასთან ინტერესთა კონფლიქტში მართლა არის თუ არა, მაგრამ ქართულ ენის ინტერესთან რომ კონფლიქტი აქვს, ფაქტია. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, ინტერესთა კონფლიქტი რას ნიშნავს აშკარად რომ არ იცის. თან რომ იცოდეთ რა სიამოვნებას ღებულობს სხვებისთვის გრამატიკის გასწორებით... ვინმეს შენიშვნა თუ არ მისცა ის დღე მისთვის დაკარგულია. 
აი, ბაკალავრიატის სალექციო კურსის ძირითადი და ერთადერთი სახელმძღვანელოდან ერთ-ერთი ლექციის თემის სრული ვერსია. შეგიძლიათ არ წაიკითხოთ, მხოლოდ მოცულობის სადემოსნტრაციოდ მომყავს. თუმცა, თუ არ დაიზარებთ, მის ღრმა შინაარსზეც იხალისებთ. ერთადერთი ის მახარებს, რომ თრგმანის ავტორი მშობლიურ ენასთან მეგობრობს.
„თავი 10
ტურის დასრულების შემდეგ კლიენტთან კონტაქტის შენარჩუნება

ტურის დასრულების ემდეგ ტურისტებთან კონტაქტის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.  არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ სეგმენტს ეკუთვნის ტურისტი, ყოველთვის მოიძებნება ტური რომელიც მან შეიძლება მომავალში შეიძინოს. წერილის ან საფოსტო ბარათის მეშვეობით შეგიძლიათ შეახსენოთ ტურისტებს, რომ თქვენ ისისნი არ დაგვიწყნიათ და მათზე ზრუნავთ, ეს საქციელი გამოკვეთს თქვენს პროფესიონალიზმს.
ტურის მენეჯერს შეუძლია გაუგზავნოს ტურისტებს “სამადლობელო“ წერილი ტურის დასრულების შემდეგ საკმაოდ მოკლე დროში. ეს სასიამოვნო ფაქტი იქნება ტურისტებისათვის, რომლებსაც ჯერ კიდევ ნათლად ემახსოვრებათ მოგზაურობა.  აქ უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ აუცილებელია ტურისტი კმაყოფილი იყოს ვიზიტით. შესაძლოა ტურისტს ისევ გაუჩნდეს თქვენთან სტუმრობის სურვილი.
ტურისტებთან ურთიერთობის შენარჩუნების გზები:
  •   საინფორმაციო შეტყობინება (Newsletters)- ტურისტებს გაუგზავნეთ ინფორმაცია თქვენს კომპანიაში არსებული სიახლეების შესახებ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
  • ახლად შექმნილი ტურისტული პროგრამები-  გაავრცელეთ ინფორმაცია ახალი ტურების შესახებ
  • სამომავლო ფასდაკლებები- შესთავაზეთ თქვენს ტურისტებს გარკვეული ფასდაკლებები.“

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ლექტორის გონებრივი შესაძლებლობები არაფერ შუაშია, სტუდნტებზე ზრუნვისგან დაღლილ ხელმძღვანელობას აქვს ასეთი სახელმძღვანელო შერჩეული. რას ამბობთ, ამერიკელი ავტორისაა წიგნი! ცუდი როგორ იქნება. პატარა გადახვევას გავაკეთებ, მაგრამ: ამერიკის ხამი ხარ და ავტომანქანის ნომრის სერიად „LION”-ს შეირჩევ თუ რუსეთუმე გოიმი და - “VOLK”-ს, მენტალიტეტი და შედეგი აბსოლუტურად ერთია.
ახლა კიდევ უფრო გაგირთულებთ ამოცანას. აბა თუ გამოიცნობთ, რისი თქმა უნდოდა ავტორს?
ციტატა 1:  ბიზნესის მომვლელის როლი
საქმიანობის ბოლო ფუნქცია – ბიზნესის მოვლა – მოითხოვს გენერალური მენეჯერისაგან გრძელვადიანი კაპიტალური მოთხოვნებისა და სასტუმროს ორგანიზაციული სტაბილობისა და სიცოცხლისუნარიანობის ხედვას. ამ კუთხით გენერალური მენეჯერის როლი როგორც მეკავშირის, მეთვალყურის და შიდა და გარე ინფორმაციის აღმავალი გზით გამავრცელებლის კორპორაციის აღმასრულებლებამდე ან მეპატრონეებამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან ესაა მწირი ფინანსური რესურსების განმათავსებლის როლი.“
ციტატა 2:  „გენერალური მენეჯერის ცხოვრება
სრული პასუხისმგებლობა სასტუმროს მოგებასა თუ დანაკარგზე და მთელი ოპერირების წარმატებაზე არის გენერალური მენეჯერის ხელში. ეს მისი შესაძლებლობაა, რომ წინ გაუძღვეს უფროს მენეჯერთა გუნდს მეპატრონისა, თუ მენეჯმენტის კომპანიისათვის სასურველი შედეგების მიღწევისაკენ. იგი ტონს აძლევს ოპერირებას და აწვდის შედეგებს ზემდგომ დონეს.“
ციტატა 3: სასტუმროს ლობიში არსებული ატმოსფერო ხშირად აინტრიგებს სასტუმრო მენეჯმენტის სტუდენტებს. ყველანაირ ადამიანს, განსხვავებული მიზეზებით მოსულს შეხვდები აქ. შეკითხვები ჩამოსვლის თაობაზე, ტარიფების, სურსათითა და სასმელით მომსახურებაზე, სატრანსპორტო მომსახურებაზე, ან მენეჯმენტის სტაფის შესახებ და სხვ. ქმნის ურთიერთობას, რომელიც ხშირად უსაშველოდ დამქანცავად მოგეჩვენებათ. პროფესიონალს, რომელიც ისახავს მიზნად სასტუმროს გენერალურ მენეჯერობას, და იმედოვნებს, რომ მისი მუშაობა ფრონტ–ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე გაივლის სწრაფად, აღმოაჩენს, რომ ეს როლი გამომწვევია.“
ციტატა 4: „შემოსავლების მენეჯმენტი, როგორც ტერმინი, სულაც არაა აღმაფრთოვანებელი. თუმცა, წარმატებულად განხორციელებული შემოსავლების მენეჯმენტის პროგრამა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია. სწორად დანერგილი, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს შეუძლია მეტი ფულის შოვნა. მთავარია მეტი გაყიდო და გაყიდო მეტი მომგებიანი მომსახურებები.
გეტკინათ ტვინი? ახლა სტუდენტებს კითხეთ რა ხასიათზე არიან ამას რომ სწავლობენ და თან ცოდნასაც ფასდაუდებელს ღებულობენ. ცოტაც კიდევ გაუძელით.
ციტატა 5: ზოგიერთმა სასტუმრო კომპანიამ გაიტანა დალაგების დეპარტამენტი ოთახების სამსახურის გარეთ და მისცა მას სტაფის ფუნქციები, დირექტორით სათავეში, რომელიც ანგარიშვალდებულია უშუალოდ გენერალური დირექტორის წინაშე. სხვა კომპანიები ახდენენ დალაგებისა და სასტუმროს მენეჯმენტის სხვა ფუნქციების (მაგალითად, საინჟინრო) კომბინირებას. ერთ–ერთი კურორტის დალაგების დირექტორს მიენიჭა მომსახურების დირექტორის ტიტული და ტრადიციულ დალაგების ფუნქციებთან ერთად პასუხს აგებს მთელს რეკრეაციაზე.“
ციტატა 6: მეტრ–დ’ოტელი (Maître d’Hôtel) წარმოადგენს სართულის მენეჯერს (მეტრ დ’ოტელი რესტორნის დარბაზის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა სინამდვილეში) ... კაპიტანი წარმოადგენს ოთახების მენეჯერს და დაკავშირებულია სურსათით მომსახურებასთან სპეციფიკურ დარბაზებში. ისინი, როგორც წესი, ზედამხედველობას უწევენ  ყველა აქტივობას ფუნქციურ დარბაზებში, ან დარბაზის ზომებზე დამოკიდებულებით – მის ნაწილში... სხვა პერსონალი გულისხმობს: სურსათისა და სასმელის სერვერებს (სერვერებში მიმტანებს გულისხმობს დარგის სპეციალისტი)..."
და ბოლოს, ციტატა 7: ამ სასმელებს შესაძლოა ამდიდრებდნენ სუნელებით, ბალახებით და კიდევ სხვა ეგზოტიკური ყვავილოვანი აგენტებით, რომლებიც დავიწყებას მიეცა საუკუნეთა განმავლობაში. რაც ნამდვილად ცნობილია, ის გადმოცემულია აღწერილ ისტორიაში და თუ გავითვალისწინებთ Homo sapiens erectus–ის ასაკს, განეკუთვნება შედარებით ახლო წარსულის“... სუნელს ბებიაჩემი უმატებდა გურიაში ლობიოს, აქ კი სანელებლებზეა საუბარი. აღარ ვლაპარაკობ „ყვავილოვან აგენტებზე“.
ხვდებით, რომ განგაშია ასატეხი? გარდა იმისა, რომ ამას ვასწავლით, ფულსაც ვახდევინებთ სწავლაში. თან, ვინმე უბრალოს ნაშრომი არ გეგონოთ, ამის ავტორი თავს დარგის ნომერ პირველ სპეციალისტობაზე დებს და სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესორია.
განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო პროგრამების სააკრედიტაციო სამსახური 7 ათას ლარს იღებს თითო პროგრამის შემოწმებაში. უგავს ახლა ზემოთ რაც დავწერე ამას რამე შემოწმებულს?
პირველი სალექციო კურსის კონსპექტები რომ მოვამზადე ორი წლის წინ, სიჩქარეში (ხვალისთვის ჭირდებოდათ) რამდენიმე მექანიკური შეცდომა გამეპარა, და დიდად არ მინერვიულია იმ იმედით, რომ საგნის ლექტორი ანუ სპეციალისტი წაიკითხავდა და ჩაასწორებდა. მოგვიანებით, თვითონ რომ შევედი სემინარებზე, მაშინაც არაერთხელ ვაღიარე „დანაშაული“. დღემდე 1905 წელი წერია კონსპექტში ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყების თარიღად 1095-ის ნაცვლად და მეტროდოტელი მეტრდ’ოტელის მაგივრად. უნდა გითხრათ, ლექტორთა უმრავლესობას არც კი შეუმჩნევია. 

საუკეთესო სურვლებით, თქვენი მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. Unknown

    swrafi sesxebi onlain, aiget saxlidan gausvlelad yvela sesxi uprocento sesxebi

Post a Comment