ძალიან სარვამარტო სალათა "მიმოზა"

Approved by Natia Jinjolava



პოპულარული სალათების ციკლის გაგრძელება მოვინდომე და 8 მარტმა სალათა „მიმოზა“ გამახსენდა - დიდი ხნის მივიწყებული და საკმაოდ გემრიელი კერძი საბჭოთა წარსულიდან. ამ სალათის შექმნის თარიღსა და ავტორს ვერსად მივაგენი, ერთადერთი იმის დადგენა მოვახერხე, რომ „მიმოზა“ საბჭოთა კავშირის მოქალაქეების სადღესასწაულო სუფრებზე სადღაც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამოჩნდა და „ოლივიესა“ და „შუბის“ გვერდით საპატიო ადგილიც დაიმკვიდრა. თანაც „მიმოზა“ დელიკატესების რიცხვში შედიოდა და მას მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს და წვეულებებისთვის ამზადებდნენ.
კერძის სათაური მისი გარეგნული იერიდან გამომდინარეობს: თეთრი მაიონეზის ფონზე ფაფუკად დაფიფქული ძალიან წვრილ სახეხზე გახეხილი კვერცხის გული მართლაც მიმოზის ყვავილების ასოციაციას იწვევს. თავად სალათის კლასიკურ რეცეპტში მოხარშული კვერცხის ცილა და გული, თევზის კონსერვი, ხახვი, რომელიმე მაგარი სახეობის ყველი და მაიონეზი შედის და ამ კომბინაციის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ სალათის თითოეული ლუკმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ენაზე დნება. „მიმოზა“ მართლაც უნაზესი და უგემრიელესი სალათაა. სალათის პუპულარულობამ, რასაკვირველია რეცეპტის ცვლილება და ინგრედიენტთა მატებაც გამოიწვია, ასე რომ  თანამედროვე „მიმოზაში“ მოხარშული ბრინჯის, კაროფილის და სტაფილოს პოვნაც კი შეიძლება.

სალათა „მიმოზა“ (კლასიკური)
ინგრედიენტები: 5 მაგრად მოხარშული კვერცხი, 100 გრ მაგარი ყველი („ჩედერი“, „გაუდა“), 100 გრ საყინულედან გამოღებული კარაქი, 1 ქილა თევზის კონსერვი, 1 პატარა თავი ხახვი, 1 პაკეტი „მაიონეზი“
 კვერცხის გული და ცილა სახეხზე გავხეხოთ ცალ-ცალკე, გავხეხოთ ყველიც და გაყინული კარაქიც. ხახვი დავჭრათ ძალიან თხლად. დაკონსერვებული თევზის ფილე დავაქუცმაცოთ ჩანგლით (საჭიროების შემთხვევაში გავაცალოთ ძვლები). ავიღოთ თეფში და დავალაგოთ ფენებად: ჯერ კვერცხის ცილა, მერე ყველი, მერე თევზის კონსერვის ნახევარი, მოვასხათ მაიონეზი დაუნანებლად, მერე მოვაყაროთ ხახვი, კარაქი და დარჩენილი თევზის კონსერვის ფენები. ისევ მოვასხათ მაიონეზი. თავზე მოვაყაროთ რაც შეიძლება წვრილად გახეხილი კვერცხის გული.
სხვათა შორის, რატომღაც ითვლება, რომ ეს სალათა დიეტურია.

სალათა „მიმოზა“ ორაგულის კონსერვით
ინგრედიენტები 2 პორციისათვის: 1 ქილა ორაგულის კონსერვი (ან თინუსის), 1 ც კარტოფილი, 1 დიდი ზომის სტაფილო, 3 ცალი კვერცხი, 1 პატარა კონა მწვანე ხახვი, 4 ს/კ „მაიონეზი“
კარტოფილი, სტაფილო და კვერცხები მოვხარშოთ. მწვანე ხახვი დავჭრათ წვრილად. ორაგული დავქნათ ჩანგლის დახმარებით. მაგრად მოხარშული კვერცხი გავფცქვნათ, ცილა და გული დავაცალკევოთ და ცალ-ცალკე გავატაროთ წვრილ საცერში. კარტოფილი და სტაფილო გავფცქვნათ და გავხეხოთ სახეხზე. ინგრედიენტები დავალაგოთ შემდეგ ფენებად: კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, მაიონეზი, კვერცხის ცილა, თევზი, კვერცხის გული, მაიონეზი, კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, მაიონეზი, კვერცხის ცილა, თევზი, მაიონეზი, კვერცხი გული. გამზადებული სალათა გავაფორმოთ სათალის ვარდებით, მწვანე ხახვით და კვერცხის გულის ფიფქებით.

სალათა მიმოზა კიბორჩხალას ჩხირებით
ინგრედიენტები: 5 მაგრად მოხარშული კვერცხი, 200 გრ კიბორჩხალას ჩხირები, 200 გრ ყველი, 200 გრ გაყინული კარაქი, 1 თავი ხახვი, 2 ვაშლი, 1 პაკეტი მაიონეზი
ხახვი დაცჭრათ რაც შეიძება თხლად და ცივ წყალში ჩავყაროთ 30 წუთით, მერე გადავწუროთ და შევაშროთ. კვერცხის ცილა და გული, კიბორჩხალას ჩხირები, ვაშლი და ყველი გავხეხოთ. ავიღოთ თეფში და დავალაგოთ ფენებად: კვერცხის ცილა, ყველი, გაყინული კარაქი, ხახვი, მაიონეზი, კიბორჩხალას ჩხირები, ვაშლი, მაიონეზი და კვერცხის გული.
შეგიძლიათ მორთოთ კამის ან ოხრახუშის ტოტებით.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი 

0 კომენტარი.:

Post a Comment