28.3.12
რაში იხდის ხალხი ფულს
Approved by
ზოგადად, ყველაზე ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელად კონიაკი
ითვლება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნასვ იმას, რომ სხვა კატეგორიის სასმელი არ შეიძლება
იყოს უფრო ძვირფასი ან უფრო იშვიათი. სასმელის ფასს ძველად მის ხარისხი, ისტორიული
მნიშვნელობა ან რომელიმე ცნობილი კოლექციისადმი კუთვნილება განაპირობებდა, დღეს კი
მისი ღირებულება შიგთავსის ნაცვლად, მარტივად შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე ცნობილის
დიზაინერის ესკიზის მიხედვით შექმნილი, ერთიანი მთის ბროლისგან გამოკვეთილი, ოქროში
ამოვლებული ან სულაც ბრილიანტებით მოოჭვილი ტარის ანუ ბოთლის უჩვეულო მორთულობამ.
და მაინც, როგორ შეიძლება ერთი ნახევარლიტრიანი ან თუნდაც
ლიტრიანი ბოთლი ღირდეს ხუთოთახიანი ბინის ან სულაც ქალაქგარეთ აგარაკის ფასი?
ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ყველაზე თავგადაკლულმა კოლექციონერებმაც არ იციან. უბრალოდ,
სანამ მყიდველი არსებობს - ფასიც შესაბამისი იქნება. 2011 წლისთვის გაყიდული
ან გაყიდვაში არსებული ყველაზე ძვირიანი ალკოჰოლური სასმელების ათეული ასე გამოიყურება:
საპატიო მეათე ადგილზე სრულიად კანონზომიერად აღმოჩნდა
დანარჩენებზე იაფიანი და უბრალო მოკვდავთათვის ხელმისაწვდომი ლუდი. ალკოჰოლის ყველაზე
მაღალი შემცველობის (25%) მქონე ლუდი "Tutankhamun"-ის პირველი ბოთლი აუქციონზე 7 686
დოლარად გაიყიდა, დარჩენილი პარტიიდან თითოეული ბოთლის ღირებულებამ კი 76 დოლარი შეადგინა.
მიუხედავად შთამბეჭდავი ფასისა, „ტუტანხამონს“ ყველაზე
ძვვირიანის ტიტული ლუდმა „Ville Von Secours” ჩამოართვა, რომელიც ლონდონის ერთადერთ
ბარში, „Bierdome“ იყიდება - ბოთლი 500 გირვანქად (დაახლოებით 800$).
ასევე ლონდონში, რესტორან „Belgo“-ში ინახება 1995 წლის
ბელგიური ელი „Vieille“-ს უიშვიათესი 12 ლიტრიანი ბოთლი, რომელიც 700 გირვანქა სტერლინგად
ანუ 1 172 დოლარადაა შეფასებული. რესტორანმა იშვიათი ლუდის სამიდან 2 ბოთლი უკვე გაყიდა,
მესამე კი დღესაც დგას და თავის მყიდველს ელის. როგორც ამბობენ, ამ ლუდის მთავარი ღირსება
მისი რთულ გემოშია, რომელიც ლიმონის, გარგრის, კარამელის, ტორფისა და ანისულას არომატებს
შეიცავს.
მეცხრე ადგილი ხერესს უკავია. მასანდრას კოლექციის 1775
წლის „ხერეს დე-ლა ფრონტერას“ ერთი ბოთლი Sotheby-ს აუქციონზე 2001 წელს 43 ათას ხუთას დოლარად
გაიყიდა. მასანდრას ღვინოების კოლექცია მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება
(1988 წელს გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა), თავად ღვინოს კი, სპეციალისტების
აზრით, ასაკი გარდა რამე განსაკუთრებული ღირსება არ გააჩნდა.
მერვე ადგილზე რომი გახლავთ. 53 ათას დოლარიანი იამაიკური
რომი მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში 1940 წელს ჩამოსახეს, რეალურად 1915 წლამდე
დაყენებულ ნაზავს შეიცავს და მსოფლიოში არსებული ოთხი ბოთლიდან ერთერთია. ევროპის პირველ
რომის ფესტივალზე (რომფესტი) გაყიდული „Wray
& Nephew Rum“-ის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მისი დამზადების ტექნოლოგია
სამუდამოდ დაიკარგა. დროის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, 1930 წლიდან რომის წარმოების
წესები შეიცვალა და ნამდვილი ძველებური რომის გასინჯვის და 1934 წლის ყველაზე პოპულარული
კოქტეილი „Mai Tai“-ს დაგემოვნების (რომელიც მხოლოდ ამ რომისგან მზადდება) შანსი ამქვეყნად მხოლოდ შემორჩენილი ოთხი ბოთლის მფლობელებს აქვთ.
მეშვიდე ადგილზე ღვინო მოხვდა. 1787 წლის ერთი ბოთლი
„ბორდო“ უცნობმა ამერიკელმა მყიდველმა 2006 წელს 90 ათას დოლარად შეიძინა. ამ შემთხვევაში
ღვინოს ფასი მისი გამოშვების თარიღთან დაკავშირებულმა
ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა: 1787 წელს, სანამ ბორდოს მევენახეები ყურძენს კრეფდნენ
ჯორჯ ვაშინგტონი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, ფრანგი რევოლუციონერები მარია-ანტუანეტას
თავის მოკვეთას უპირებდნენ, ჯეიმს ვატი კი პირველი ორთქლის ძრავის გამოგონებაზე მუშაობდა.
კვლავაც 1787 წლის „Château Lafite“ ჯერ საფრანგეთში სამოგზაუროდ მყოფმა
ღვინოების დიდმა კოლექციონერმა და ამერიკის შეერთებული შტატების მომავალმა პრეზიდენტმა
თომას ჯეფერსონმა შეიძინა, მერე კი, 1985 წელს იგივე ბოთლში კრისტოფერ ფორბსმა 160
ათასი დოლარ გადაიხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ მის ეტიკეტზე თავად ჯეფერსონის ხელით მიწერილი
ინიციალებია ამოტვიფრული.
თომას ჯეფერსონისეული კოლექციის 1787 წლის „Château Margaux“ 1989 წელს
ნიუ-იორკში, რესტორან „ოთხ სეზონშო“ გამოფინეს. საღამოს დასასრულს, ექსპონანტებიან
მაგიდას ერთ-ერთი მიმტანი წამოედო და საკოლექციო ღვინო დაღვარა. აღმოჩნდა, რომ ბოთლი
225 ათას დოლარად იყო დაზღვეული. სხვათა შორი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ზოგიერთი
სახეობის ღვინო დიდი ხნის მანძილზე შენახვას არც ექვემდებარება და დროთა განმავლობაში
საკმაოდ ძვირადღირებული ძმარი ხდება.
1811 წლის „Château d’Yquem“ კოლექციონერმა Christian
Vanneque-მ 75 ათას გირვანქა სტერლინგად შეიძინა და განაცხადა რომ სულ მალე, პარიზში
50 წლიანი სამუშაო სტაჟის აღსანიშნავ საიუბილეო სადილზე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად
დააჭაშნიკებს. სპეციალისტები „Château d’Yquem“ -ს ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ თეთრ ღვინოდ
მიიჩნევენ და როგორც 1811 წლის კლიმატოლოგიის ანალიზმა აჩვენა, იგი მართლაც საუცხოო
უნდა იყოს. თანაც, თურმე ამ წელს დედამიწას დიდმა კომეტამ ჩაუქროლა, ტრანზიტული კომეტის
სიახლოვე კი, მეღვინეებს თუ ვენდობით, ღვინის დადუღების პროცესზე და შედეგად, მის გემოზე სასწაულებრივად მოქმედებს.
ღვინის აუქციონების ყველა რეკორდი 1947 წლის „Château
Cheval-Blanc“-მა მოხსნა, რომლის 6 ლიტრიანი ბოთლიც „Christie’s“-ს აუქციონზე 304
375 დოლარად გაიყიდა. როგორც ღვინის ექსპერტი მაიკლ ჰენი აცხადებს, ამ ღვინის მთავარი
ღირსება მისი ხარისხის გარდა, შენახვის ვადაშიცაა და მას უახლოესი ორმოცდაათი წლის
მანძილზე აძმარების საშიშროება ნამდვილად არ ემუქრება.
მეექვსე ადგილი ტეკილას ერგო. თუმცა, ამჯერად თავად
ტეკილას ფასი არაფერ შუაშია, მისი გადაჭარბებული სიძვირე, მხოლოდ და მხოლოდ ტარის დამსახურებაა.
ლოს ალტოს ჰასიენდა „La Cappilla“-ს ულტრა პრემიუმ ტელიკა „Ley.925.“ პლატინითა და
თეთრი ოქროთი მოპირკეთებულ ბოთლში ასხია და ერთ-ერთ აუქციონზე, 2006 წელს, 225 ათას დოლარად გაიყიდა.
დიზაინერი ფერნანდო ალტამირანოს ესკიზით დამზადებული 1,3 ლიტრი მოცულობის ბოთლის შექმნაზე, იმისდა
მიხედვით დამკვეთი რომელ მეტალს ამჯობინებს, რამდენიმე კილოგრამი ოქრო-ვერცხლი და პლატინა
იხარჯება. მისი შიგთავსი კი, კვლავაც დამკვეთის სურვილით, 7, 8 ,10 ან 12 წლის დაძველების
41%-იანი აგავისგან გამოხდილი სპირტით ივსება.
იგივე კომპანიამ მილიონ ევროდ შეფასებული ბოთლიც ჩამოასხა,
რომელსაც „La Ley del Diamante“ დაარქვეს, 6 ათასი ალმასით დაამშვენეს და 4 კგ პლატინათა
და ვერცხლით შეჯავშნეს. მილიონიან ბოთლში სასმელს მყიდველის, რომელიც დღემდე არსად
ჩანს, გემოვნებით ჩაასხამენ (ჩამონათვალში კონიაკიც შედის). სხვათა შორის, მყიდველის
მპოვნელს კომპანია საკომისიოდ 100 ათას ევროს პირდება.
მეხუთე ადგილზე შამპანური მოხვდა. შამპანურის ერთ-ერთი
ყველაზე ძვირიანი ბოთლი 1900 წლის „ბრუტი“ აღმოჩნდა, რომელიც აუქციონზე უცნობმა მყიდველმა
17 ათას ექვსასოცდახუთ დოლარად შეიძინა. ასევე აუქციონზე, შეზღუდული ოდენობით გამოშვებული
(სულ 100 ყუთი) შამპანური „Pernod-Picard Perrier-Joet“-ის შემორჩენილი 12 ბოთლიდან
თითოეული დაახლოებით 50 ათას დოლარად გაიყიდა და სრულიად დამსახურებულად
ატარებდა მსოფლიოში უძვირესის სახელს 1998 წლამდე. საქმე იმაშია, რომ 1998 წელს
1916 წელს პირველის მსოფლიო ომის დროს გერმანული წყალქვეშა ნავისგან ტორპედირებული
და ფინეთის ყურეში ჩაძირული გემი „Jönköping“-ის ადგილსამყოფელს მიაგნეს და მისი ტრიუმიდან
1907 წელს ჩამოსხმული 2 ათასი ბოთლი შამპანური „Hiedsieck Diamant Blue“ ამოიტანეს.
რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II-სთვის განკუთვნილი შამპანურის თითო ბოთლი 275 ათას
დოლარზე მეტად გაიყიდა. როგორც ამბობენ, თავად შამპანური ღვინო რეალურად 300 წლისაა
და ხარისხი და გემო დღემდე საუცხოო აქვს.
„Luxury-group Leon Verres”-მა საგანგებოდ ახალი რუსებისთვის
(„Special for Russian!“) ბრილიანტებით მოოჭვილ ბეწვიან ქუდსა და ქურქში გამოწყობილი მილიარდელების შამპანური ანუ „Le Billionaire Champagne“ შექმნა. 2,75 მილიონი დოლარი ღირებულების 9 ლიტრიანი ბანჯგვლიანი 5 ბოთლიდან 4 უკვე გაიყიდა
და სხვათა შორის, დუბაისა და ჩინეთში.
მეოთხე ადგილზე არაყია. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს,
ყველაზე ძვირიანი არაყი, რუსეთის ნაცვლად შოტლანდიაში დაამზადეს და მისი ბოთლი ალკოჰოლური
სასმელის ჭურჭელზე მეტად, სუნამოს ფლაკონს წააგავს. არაყი „Diva“-ს თითოეულ ბოთლში
48 ცალი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვით ავსებული შუშის მილია ჩადგმული. თვლების განლაგების თანმიმდევრობასა და სახეობებს მყიდველი ირჩევს. თავად წმინდა წყაროს
წყლისაგან გამოხდილი არაყი სამმაგ ფილტაციას
გადის: ჯერ ყინულში, მერე სკანდინავიური არყის
ხის ნახშირში და ბოლოს, ქვიშის, წვრილი ალმასებსა
და სხვა ძვირფას ქვების ნარევში. ერთი ბოთლი „Diva”-მინიმალური ფასი 3 ათას შვიდასი
დოლარიდან იწყება და მილიონ სამოციათასამდე ადის.
მესამე ადგილი კონიაკმა დაიკავა. მუხის კასრში 100 წლის
დაძველების „Henri IV Dudognon Heritage” 41% ალკოჰოლს შეიცავს და თავისთავად საკმაოდ
ძვირიანი და მაღალხარისხიანი სასმელია, მაგრამ მისი ღირებულების ლომის წილი ამჯერადაც
ბოთლზე მოდის. არც მეტი, არც ნაკლები, მილიონ ევროდ შეფასებული კონიაკის ბოთლი ბროლისგანაა
დამზადებული და მას 4 კგ ოქრო და პლატინა და ცნობილი იუველირი ჟოზე დავალოს ხელით დამუშავებული
6 ათას ხუთასი ბრილიანტი ამშვენებს.
ყველაზე ძვირიანი კონიაკების სიაში, ასევე, 155 ათას
დოლარად შეფასებული „Hennessy Beaute de Siecele“ და „Louis XIII Black Pearl Magnum“-იც
შედის. „Baccarat“-ს სახლის ოსტატების ხელით შექმნილი „ლუდოვიკოს“ ბოლო ბოთლი ვანკუვერის
აეროპორტის დიუთი-ფრიში ჩინელმა ცოლ-ქმარმა 34 ათას დოლარად შეიძინა.
მეორე ადგილზე ვისკი აღმოჩნდა. შოტლანდიური „Isabella’s
Islay“-ს ორი გამოშვება არსებობს - „Isabella Original“ და „Isabella Special Edition“.
„Original“-ი 6,2 მილიონი დოლარი ღირს და თეთრი ოქროთი მოვარაყებულ და 8500-ზე
მეტი ბრილიანტითა და 300 ლალით მოოჭვილ საუკეთესო ხარისხის ბროლისგან დამზადებულ ბოთლს, თავსახურს მთლიანი, ხალასი ოქროსაგან აქვს ჩამოსხმული. ბევრად უფრო იაფიანია სპეციალური გამოშვება, რომელიც
მხოლოდ 740 ათასი დოლარი ღირს, მისი ბოთლი თეთრ ოქროთი მოჭედილი ინგლისური ბროლისაა
და ბრილიანტებით შემკობილი წარწერა ამშვენებს.
„Isabella’s Islay“-მა ყველაზე ძვირიანი ვისკის წოდება
1906 წლის „Aisla T’Orten“-ს
წაართვა, რომელიც 1,4 მილიონად იყოს შეფასებული და ცნობილი შოტლანდიელი ისტორიკოსის
სახლში ინახებოდა.
რაც არ უნდა საოცარი იყოს, პირველ ადგილზე ალკოჰოლური
სასმელების ყველაზე იაფიანი და ნაკლებად პრესტიჟული სახეობა - ლიქიორი გავიდა. ბოთლი
„D’Amalfi Limoncello Supreme“ 43,68 მილიონი დოლარი ღირს და მის ყელს 13 კარატიანი
სამი უზადო ბრილიანტი ამშვენებს, თავად ბოთლზე კი 18,5 კარატიანი უიშვიათესი ალმასია
მოთავსებული. სულ ლიმონის ლიქიორის 2 ბოთლი დაამზადეს, რომელთაგანაც ერთი მშვენიერ
იტალიელ სინიორას ეკუთვნოდა, მეორე კი დღემდე იყიდება. ასე რომ, შანსი ჯერ კიდევ გვაქვს...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპისნი
0 კომენტარი.:
Post a Comment