დამარილებული ქაშაყი კამის მაიონეზით

Approved by Natia Jinjolava


(4 პორცია)
8 ნაჭერი ქაშაყის (ანუ „სილიოდკის“) ფილე, ½ ჭ რძე, 1 კვერცხის გული, 2 ს/კ მდოგვი, 1 ჩ/კ თეთრი ღვინის ძმარი, 1 მწიკვი მარილი და 1 მწიკვი დაფქული თეთრი პილპილი, ½ ჭ მცენარეული ზეთი, 4 ს/კ ნაღები, 150 გრ მჟავე კიტრი, 1 კონა კამა

ქაშაყი ზედმეტად მარილიანი თუ გამოდგა, რძე ¼ ჭ წყლით გავაზავოთ და თევზის ფილე 12 საათის განმავლობაში ჩავალბოთ. შემდეგ ფილე გადავწუროთ და საკმაოდ მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ. მერე ჯამში ან ფაიფურის ჭურჭელში ჩავალაგოთ. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის გული, ძმარი, მდოგვი, მარილი და პილპილი. თქვეფის პროცესში სულ ცოტ-ცოტა ზეთი (ლამის წვეთ-წვეთობით) ვუმატოთ. მაიონეზი კარგად რომ აითქვიფება, ანუ კვერცხს ზეთს ბოლომდე რომ ჩავათქვიფავთ დავუმატოთ ნაღებიც. მჟავე კიტრი დავჭრათ პატარა კუბიკებად. კამა გავრეცხოთ, წყლისგან კარგად დავფერთხოთ და დავჭრათ წვრილად (1 ტოტი კამა კერძის მოსართავად გადავინახოთ). კიტრის კუბიკები და კამა მაიონეზში გადავურიოთ და მოვასხათ ქაშაყის ფილეს და კარგად გადავურიოთ. ქაშაყიან ჭურჭელს თავსახური დავაფაროთ და მაცვარში შევდგათ 2 საათით. ჭამის წინ კერძი გადანახული კამის ტოტით მოვრთოთ.
გემრიელად მიირთვით!

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment