დაუბრუნეთ თბილისს მზე და სითბო!

Approved by Natia Jinjolava


ძალიან-ძალიან, უსაზღვროდ და უკიდეგანოდ მიყვარს თოვლი. თბილისურ თოვლ-ჭყაპსაც კი ყოველთვის სიხარულითა და ბავშბური ჟივილ-ხივიით ვეგებები და ამით, როგორც წესი, ახლობლების თუ ნათესავ-მეგობრების გულისწყრომასა და რისხვას (როგორც ახლა ვხვდები, თურმე სამართლიანს) ვიმსახურებ ხოლმე. მაგრამ რაც წელს ანუ ამ ზამთარში და აწ უკვე გაზაფხულზე ხდება, ამას ჩემი ულიმიტო ოპტიმიზმიც ვეღარ უძლებს. თოვლი გამიგია სამი-ოთხი დღე, მაქსიმუმი ერთი კვირა და ისიც ბაკურიანში ან გუდაურში!
ჯერ, თებერვლის დასაწყისში სუბსარქისი არ დამთავრად და ქარის ჩადგომას არ დაადგა საშველი, მერე ქარი ჩადგა და რად გინდა? თოვლი მოვიდა და აღარ დადნა. ათიოდე დღის წინ დადნა, მაგრამ ისევ ქარი ამოვარდა და გუშინდელმა ქარიშხალმა ისევ თოვლი მოიტანა...
რა უნდა მარტში თოვლს? აღარ მინდა ჩემს ეზოში დათოვლილი ხეების და ყინვისგან გაბრიგინებული ჩიტების და მეზობლების ყურება. არ არის არც ჩვენი ქალაქი და არც მისი მოსახლეობა თოვლისთვის მზად და რა ვქნათ? 
მახსოვს, ერთ წელს ზუსტად 8 მაისს მოთოვა თბილისში. თარიღი კარგად იმიტომ დამამახსოვრდა, რომ ახლობლის დაბადების დღეზე ვიყავით და ახალ ამბებში დათოვლილი წყნეთი აჩვენეს თუ არა, საქეიფოდ შეკრებილი შანტრაბა მანქანებში ჩავსხედით და წყნეთისა და თბილისის საზღვარზე, ზუსტად იქ, სადაც „თბილისის“ მაჩვენებელი დგას ვიგუნდავეთ. თბილი და მზიანი გაზაფხულის შემდეგ ერთი თოვლიანი დღე სასიამოვნოც კია, მაგრამ ამდენი და ამ დოზით...თქვენი არ ვიცი და მე - ყელში ამომივიდა.
უკვე თვეზე მეტია ჩემს სამზარეულოში თოვლის და სიცივის წინააღმდეგ უსიტყვო და მშვიდობიანი, თუმცა უშედეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და ჩვენი კლუბის წევრები ორ-ორად თუ ჯგუფად, კედელზე გამოკრული პლაკატების ფონზე ყავის სმით გამოვხატავთ ჩვენს გულისწყრომას და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა სითმოსმოყვარულს. ყველიერიც აღვნიშნეთ, ზამთარიც გავაცილეთ, ხაჭაპურებიც და ყველიანი კვერებიც ვაცხვეთ, მაგრამ რა ხეირი?! მაინც ცივა და მაინც თოვს. ლამის ჩვენი წინაპრებივით მეც ქუჩაში გამოვიდე ზამთრის ფიტული საჯაროდ დავწვა. 
ამას წინათ ერთი ლექსი გამახსენდა, თუ არ ვცდები სიმონ ჩიქოვანისაა:
„იანვარი, თებერვალი, მარტი
სამი თვეა მეტად უღიმღამო,
დამიგროვდა გულის კოვზში ჭვარტლი
მოგიზგიზე სიყვარულის გამო“...
სიყვარულის და გულის კოვზის რა მოგახენოთ, მაგრამ ამდენი ყინვის გადამკიდე, დღე და ღამე მოგიზგიზე შინაური სულთამხუთველი „ნიკალასგან“ სახლი აშკარად გამემურა და გამეჭვარტლა. გარეთ რომ ვიყურები თავი ლაპლანდიელი ირემი რუდოლფის ურქო და უბალნო ნათესავი მგონია და ახლა უკვე მოტივირებულად ვხვდები რატომ ემართებათ ასე ადვილად დეპრესია ჩრდილოეთის ხალხებს.

მალე გაზაფხულის მოსვლის სურვილით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment