9.3.12
მზე, მიმოზა და მხიარული ბარათები
Approved by
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჯიშისა და ჯურის დღესასწაული მიყვარს და მათი
აღნიშვნის უმცირეს საბაბსაც არ ვუშვებ ხელიდან, არის დღესასწაულები რომლებიც რატომღაც ვერ მივიღე. სიმართლე გითხრათ, ეს „ვერმიღების“ მიზეზები ბოლომდე მე
თვითონაც არ მაქვს გაცნობიერებული, მაგრამ პირადად ჩემში არანაირ ემოციას არ იწვევს
ვალენტინობა და დედის დღე, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი, რომელიც რვა მარტს უმცროსი
ძმასავით არის მიტმასნული. თანაც კარგად მახსოვს, მისი სასწრაფოდ და ხელოვნურად დაწესების
ამბავიც, როცა ჩვენში მორიგჯერ გაიღვიძა რუსოფობიამ და სასწრაფოდ "რუსული" 8 მარტის ალტერნატივის
მოფიქრება და კიდევ უფრო მეტად ამერიკანიზაცია (დედის დღე სუფთა ამერიკული დღესასწაულია)
განვიზრახეთ.
დავიწყოთ იქიდან რომ 8 მარტი სულ არ არის რუსული, ამერიკული წარმოშობა
აქვს და მას მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ, თანაც საბჭოთა კავშირში რაც ხდებოდა, ყველაფერი
ავტომატურად ცუდს არ ნიშნავს. გარდა ამისა, ქართული ფსიქოლოგიიდან და მენტალიტეტიდან
გამომდინარე, ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ დამიწესონ დღე, როცა დედა განსაკუთრებულად
უნდა მიყვარდეს - მე მაგალითად დედაჩემი დანარჩენი 364 დღეც მახსოვს და ისეთივე პატივს
ვცემ, როგორც 3 მარტს. ჩემი აზრით, ქართული დედის დღის ერთადერთი ღირსება ისაა, რომ
უქმეა და ალბათ ყვავილების გამყიდვლებს უხარიათ კიდევ. 8 მარტს ანუ ქალთა საერთაშორსიო
დღეს კი სხვა დატვირთვა აქვს, ამ დღეს ზოგადად ქალის არსებობას კი არა, ქალების მიერ
საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლაში გამარჯვებას აღნიშნავენ. ამ უფლებების მოპოვება და
ემანსიპაცია-ფემინიზაცია რამდენად საჭირო იყო და რეალურად რა სიკეთე მოგვიტანა ეს სხვა
საკითხია, მაგრამ თავად დღესასწაულს ჯანსაღი და მყარი საფუძველი აქვს.
იგივე შემიძლია ვთქვა ვალენტინობაზეც - ამ უაზრო ცხოვრებას რა ვუთხარი,
თორემ შეყვარებულ კაცს საგანგებო თარიღის დაწესება რომ დასჭირდება სატრფოსთვის შოკოლადის
საჩუქებლად, კაფეში დასაპატიჟებლად და რომანტიული საღამოს მოსაწყობად...
სულ არაფერს,
რასაკვირველია ესეც ჯობს, მაგრამ რაღაც „ყვავს კაკალს, რომ გააგდებინებ“-ს პრინციპს
გავს.
რაც შეეხება რვა მარტს, ეს დღე მართლაც ძალიან მიყვარს და იმიტომ არა,
რომ კლარა ცეტკინის ან როზა ლუქსემბურგის თაყვანისმცემელი ვარ ან არჩევნებში მონაწილეობის
მიღების უფლების ფლობა მიხარია. ეს დღე ჩემთან სითბოსთან, გაზაფხულთან, მზესთან, მზესავით
თბილ მიმოზის თაოგულთან და გაზაფხულის ყვავილებთანაა ასოცირებული, დღესთან რომლის მერეც
ამინდები თუ გაამართლებდა, სულ მალე სკოლაში გეტრებით წასვლის ნებას დამრთავდნენ, რომლის
მერეც სკოლის მერხზე აკრეფილი ფულით ნაყიდი საჩუქარი მხდვდებოდა, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში,
მანამდე 23 თებერვალს გოგოები თუ ვაჩუქებდით რამეს ბიჭებს... სხვისი არ ვიცი და ამ დღესთან მხოლოდ თბილი და ნათელი მოგონებები და ემოციები მაკავშირებს.
ახლა მივხვდი, ყველაზე მეტად რა მაღიზიანებს 3 მარტში - შეგიმჩნევიათ,
ამ დღეს რამდენი ქალი იმართლებს თავისდაუნებურად თავს, რომ დედა არაა? რამდენი ულოცავს
ამ დღეს „პოტენციურ“ თუ „მომავალ“ დედებს? 8 მარტი კი ყველასია, ყველას ერგება თავისი
წილი დამსახურებული მილოცვა, ამ დღეს ბავშვობაში ერთნაირი ხალისით ვხატავდი თუ ვავსებდი
მისალოც ბარათებს დედისთვისაც, ბებიისთვისაც და მეზობელი უშვილო ან შვილიანი ინჟინერი ქალისთვისაც.
რა ვიცი, ვის როგორ, მაგრამ მე ჩემდათავად ხელოვნური მგონია ყველა დღესასწაული, რომელიც
ვინმეს, ამ შემთხვევაში კი ქალების დიდ ნაწილს ყველაზე მტკივნეულ ადგილზე აჭერს ფეხს
- ჯერ გაუთხოვრობაზე და მერე უშვილობაზე.
ეჰ, სხვისი არ ვიცი და მე აშკარად მაკლია და მომნატრებია სარვამარტო ყვავილებიანი და ბაჭიებიანი მისალოცი ბარათები... სასიამოვნო ნოსტალგია მომეძალა.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment