სუფრაზე თამადაზე უკეთესად და დიდხანს ლაპარაკი უწესობაა

Approved by Natia Jinjolava


ალბათ ძალიან ბევრის წყრომას და შეიძლება სამართლიანსაც დავიმსახურებ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ქართული ტრადიციული სუფრა, თავისი ტრადიციული სადღეგრძელოებით, დაწყებიდან სადღაც 2-3 საათის შემდეგ სასტიკად მწყინდება... სხვისი არ ვიცი და ძალიან მღლის ერთი და იგივე თემაზე, ანუ თითოეულ სადღეგრძელოზე 30 კაცის ერთი და იგივე აზრის ოცდაათჯერ შთაგონებული და ბედნიერი სახით მოსმენა. განსაკუთრებით მას მერე, თანამეინახენი რომ დათვრებიან და გონიათ რომ ყველაზე კარგი სადღეგრძელო ისაა, რომელსაც სხვებზე დიდხანს გაწელავ, თანაც ისეთ თემებზე, როგორიცაა სამშობლო, მეგობრობა, სიყვარული, ანუ რაზეც ახალს და აქამდე შენგან წარმოუთქმელს და სხვებისგან მოუსმენელს ვერაფერს იტყვი.
ქართული სუფრა, თავისი კლასიკური და ქრესტომათიული გაგებით მართლაც საოცარი რამაა, მაგრამ რეალობაში: „გაჩუმდით!“... „მოუსმინეთ!“... „კაცი სადღეგრძელოს ამბობს!“... და ხშირ შემთხვევაში ეს შეძახილები სკმაოდ აგრესიულ და შეურაცხმყოფელ ხასიათსაც ატარებს. სხვათა შორის, იგივე სუფრაზე მეც გასართობად ვარ მისული და მეც სუფრის სრულფასოვანი წევრი ვარ. ვიღაცის ნაბჟუტურებმა თუ ვერ დამაინტერესა, გვერდით მჯდომთან საუბარი მაინც მაცალონ. თუ, მთვრალი კაცების უაზრო ბოდიალით აღფრთოვანებული ტკბობა სუფრაზე მიპატიჟებისთვის გასაღები აუცილებელი საზღაურია? ყოველ შემთხვევაში, ასე გამოდის. ან ზარხოშის მატებასთან ერთად, რომ ავიწყდებათ უკვე რა დალიეს და ისევ და ისევ ახსენდებათ მეგობრობა და ბედნიერი მომავალი ან სრულიად უცნობი ადამიანები სავალდებულოდ რომ თვალიან გადღეგრძელონ და ცამდე აგიყვანონ? შენ კი უნდა იდგე მადლიერებით სავსე მზერით, უსმინო სათითაოდ სანამ მორჩებიან შენი პერსონის „ნამდვილი ქართველი ქალის“ ან „არაჩვეულე ადამიანს“  ეპიტეტებით შემკობას, იხადო მადლობები და გულაჩუყებულმა იქსუტუნო.  
ახლა, ლექსებიანი სადღეგრძელოები? პირველად შეიძლება მართლაც კარგი მოსასმენი იყოს, მაგრამ პოეზიისმოყვარული თამად თუ ახლობელია, მაშინ განწირული ხართ სუფრიდან სუფრამდე ლებანიძის, მაჭავარიანისა და გალაკქტიონ ტაბიძის რამდენიმე ლექსი ისმინოთ. ან იმ სადღეგრძელოს რა ვუთხარი, სახლში, სარკესთან რომაა წინასწარ მომზადებული და სკოლის თემასავით „საზეპიროებითაა“ გაზავებული.
მაგრამ ამ ყველაფერზე სხვა დროს: ამას წინათ რამდენიმე სუფრაზე ისეთი „ახალმოდური“ სადღეგრძელოები მოვისმინე, რომ ვატყობ, რაზეც ზედა ორ აბზაცში ვიწუწუნე, მალე სანატრელი გამიხდება. ჯერ წინაისტორიით დავიწყებ. მეგონა რომ უკვე მოძველებური და ნაფტალინმოყრილი „სამი ჩ“-ს (ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრის), სადღეგრძელოზე უაზროს ვერასდროს ვერაფერს მოვისმენდი, მაგრამ მალევე მომასმენინეს - „ოთხი ჩ“-ს სადღეგრძელო ანუ „ჩვენი ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრის“. სიტყვა „ჩათლახური“ როგორ შეეფერება და ზუსტად ასახავს იდეალური ქართულის სუფრის სულს ამაზე აღარ გავაგრძელებ. ყველა სიამოვნებით სვამდა და შეიძლება აღფრთოვანება არ გამოუხატავთ, მაგრამ რატომღაც არავის გაჩენია პროტესტის გრძნობა. თუმცა, ასეთი სადღეგრძელოები გემოვნების საკითხი უფროა და ამიტომ მათ არსებობას მაინცდამაინც არ შევუწუხებივარ.
ჩემი პირველი შეშფოთება დაახლოებით ხუთი წლის წინ მოსმენილმა საკუთარი თავის სადღეგრძელომ გამოიწვია, როცა ბავშვის ნათლობაზე, სუფრის ბოლოსკენ, ორმოცდაათს გადაშორებული მასპინძელი (ბავშვის ბაბუა) ადგა, თამადას ერთი სადღეგრძელო ნება თხოვა და „მსოფლიოში მისთვის ყველაზე საპატივცემულო და საყვარელი ადამიანი“ ანუ საკუთარი თავი ადღეგრძელა. მისმა შვილმა, იქვე ამაყად გამიმხილა, რომ ეს მათი ოჯახის საგვარეულო სადღეგრძელოა და ყველა სუფრაზე აუცილებლად მიირთმევენ... კი შევიშმუშნე, მაგრამ ასეთი არატრადიციულქართულსუფრულობა მათ სისვანეს მივაწერე. თუმცა, ზოგადად ტენდენცია არ მომეწონა - ხომ შეიძლება ვინმე სუსტი ნებისყოფის კომპლექსიანმა სტუმარმა მოისმინოს, მოიწონოს და თავის ოჯახშიც გაიმეოროს? ქართული სუფრა სტუმრის პატივსაცემად იშლება და არა საკუთარი თავის სადიდებლად. 
ახლა ცოტა შორიდან უნდა მოვუარო. ბევრი არ დაფიქრებულა, მაგრამ სუფრაზე მანდილოსნების სადღეგრძელოს რომ სვამენ, ამას თავისი ტრადიცია აქვს: ზოგადად ქალის არსებობა კი არ უხარიათ, ასე იმ დიასახლისებს უხდიდნენ მადლობას, რომლებმაც პურმარილი გაამზადეს და მერე სუფრას ემსახურებოდნენ. ეს იმ დროიდან მოდის, როცა „ოდეს ყოფილ არს აქამომდე დედათა და მამათა ერთად ეჭამათ პური“, რომ იყო და ქალები მაგიდასთან კაცების გვერდით არ ისხდნენ. ერთი სიტყვით, მშვენიერი ტრადიციაა და ამ სადღეგრძელოს ქართულ სუფრაზე სრულიად დამსახურებულად უჭირავს თავისი ადგილი. მაგრამ მის „მეგობარ“ სადღეგრძელოს რა ვუყოთ? 
ბოლო ნახევარი წლის ნამძილზე უკვე სამ ქორწილში მოვისმინე კაცების სადღეგრძელო.. .არა, არც კაცური კაცების, არც ნამდვილი ქართველი კაცების, არც ვაჟკაცების, ჩვეულებრივი კაცების სადღეგრძელო! და როგორ უხარიათ, რა ჟრიამული დება სუფრაზე და როგორი ენთუზიაზმით სვამენ?! როგორ არ იშურებენ საკუთარი თავისთვის საქებარ სიტყვებს „ჩემნაირ კაცებს გაუმარჯოსო“... აი, ეს უკვე არაფერ ქართულში და ტრადიციულში აღარ ჯდება და არც ჩვენთვის აწ ასე საყვარელ ამერიკულში. ამას რა ქვია ალბათ ყველა თავადაც კარგად ხვდებით და აქ ნუ დამაწერინებთ, ეს წესიერი და კულტურული ბლოგია. მით უმეტეს, რომ ბოდიშის მოხდა ისედაც მომიწევს შემდეგი სადღეგრძელოს ციტირებითვის.
ერთ-ერთ რესტორანში ერთ-ერთი ქართული ბანკის ცენტრალური ოფისის თანამშრომლები ქეიფობდნენ. უცებ, სუფრის თავიდან ერთი ახალგაზრდა კაცი  (ბიჭი არა, კაცი) წამოდგა, ჭიქა ხელში მოიმარჯვა, სასადღეგრძელო განმკლავი დაიჭირა და მაგიდის მეორე ბოლოში მჯდომ კოლეგას საკმაოდ ხმამაღლა გადასძახა: „გოგი, ამ ჭიქით ყველა ყლეს გაიმარჯოსო!“ (უკაცრავად ციტატისთვის, ავტორის სტილი დაცულია) და სასმისი ბოლომდე გამოცალა. მარტო იმათ სუფრაზე არა, მთელ რესტორანში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა ცოტა ხნით, მეგონა მოკლავდნენ. არაფერი, ზუსტად ნახევარ წუთში ჩვეულებრივი ზუზუნი გაგრძელდა. მერე ერთმა საერთო ახლობელმა მითხრა, ყველა სუფრაზე „ჩვენი თანამშრომელი ბოზების“ სადღეგრძელოს სვამს და ყველა თანამშრომელ გოგოს უხარია გულში, ყველა თვლის რომ სხვებზე ამბობსო...
მეგონი საგანგაშოდაა საქმე. მერე რა, რომ სუფრაზე მწყინდება და სადღეგრძელოების მოსმენაც არ მიყვარს - ქართული სუფრის ტრადიცია წმინდათწმინდა და ხელშეუებელია. მოდით, მოვუფრთხილდეთ რა იმას, რაც კარგი გვაქვს, ცუდი ისედაც ბევრი ავითვისეთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

1 კომენტარი.:

  1. Anonymous
    This comment has been removed by the author.

Post a Comment