პიცა პეპერონი და პიცა სალიამით

Approved by Natia Jinjolava


ამერიკული პიცის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეობა პეპერონია, რომელიც პამიდორის სოუსით, ყველი მოცარელათი და რასაკვირველია, თავად ძეხვი „პეპერონით“ მზადდება. ამ ძეხვის მთავარი თავისებურება კი იმაში მდგომარეობს რომ, რისი ხორცისაგანაც არ უნდა იყოს დამზადებული (საქონლის, ღორის, ინდაურის, სირაქლემის), სხვადასხვა ჯიშის წიწაკებითაა უხვად შესუნელებული და პიცას ძალიან სასიამოვნო არომატს აძლევს. ასე, რომ „პეპერონის“ მეგობრის გამოცხობას თუ განიზრახავთ, თამამად გამოიყენეთ ნებისმიერი პაპრიკიანი ძეხვი. ვერ დაგვპირდებით, რომ თბილისში ასეთს ადვილად მიაგნებთ, მაგრამ, თუ მოინდომებთ, შანსი არის.

პიცა პეპერონი
1 პორცია პიცის ცომი:
ვარიანტი I (ჯეიმი ოლივერის რეცეპტი)
ვარიანტი II (ვოლფგანგ პაკის რეცეპტი)
¾ ჭ პამიდორის სოუსი (ჯეიმი ოლივერის რეცეპტი)
გულსართი: ზეითუნის ზეთი ცომზე მოსასმელად; 1ს/კ პიცის სანელებლკების ნაკრები (ხმელი ორეგანო, რეჰანისა და პილპილის ნარევი); 50 გრ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი ყველი მოცარელა, 50 გრ თხლად დაჭრილი ძეხვი „პეპერონი“, 50 გრ გახეხილი ყველი პარმეზანი
ღუმელი და პიცის საცხობი ფორმა გავახუროთ მაქსიმალურ ტემპერატურამდე (დაახლოებით 40 წუთი მაინც). ფქვილმოყრილ დაფაზე დავდოთ დამრგვალებული ცომის გუნდა და ხელებით დავაწვეთ - დავაბრტყელოთ. ნელ-ნელა გავწელოთ ცენტრიდან კიდეებისკენ. გაბრტყელებულ ცომს კიდეები ცენტრზე სულ ოდნავ მაღალი უნდა ქონდეს. ცომის კვერს მოვუსვათ ზეითუნის ზეთი. მერე მოვუსვათ პამიდორის სოუსი (თანაბრად გავანაწილოთ) და მოვაყაროთ პიცის სუნელები. ოღონდ ზეთი პიცის მთელ ცომს წავუსვათ, პამიდორის სოუსი კი მხოლოდ ცენტრში, კიდეები (დაახლოებით 1-1,5 სმ) ისე დავტოვოთ. მერე მოვაყაროთ გახეხილი მოცარელა (შეგიძლიათ შეცვალოთ რძიანი სულგუნით ან სახაჭაპურე ჭყინტი ყველით), შემდეგ დავაწყოთ ძეხვის ნაჭრები და სულ ბოლოს თავზე პარმეზანიც მოვაყაროთ. პიცის ნიჩბის დახმარებით გადავიტანოთ პიცის საცხობ ფირფიტაზე და ვაცხოთ დაახლოებით 9-12 წუთი (კიდეების გაოქროსფერებამდე).
პიცის გამოსაცხობად სასურველია კერამიკული საცხობი ფორმა, რომელიც მხურვალებას რკინაზე უკეთ ინარჩუნებს, თუმცა ამ საქმისთვის დიდი ზომის კეციც იდეალურად გამოდგება.

კიდევ უფრო ადვილია სალიამიანი პიცის დამზადება - სალიამი ნამდვილად გვაქვს. როგორც სათაურიდან ხვდებით, ასეთი პიცის მთავარი ინგრედიენტი, მოცარელასთან ერთად ძეხვი სალიამია.

პიცა სალიამით
1 პორცია პიცის ცომი:
გულსართისათვის: ზეითუნის ზეთი ცომზე მოსასმელად; 2 ცალი პამიდორი, 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა, 1 პატარა ქილა კურკაგაცლილი ზეთის ხილი, 150-200 გრ სალიამი, 100 გრ გახეხილი ყველი მოცარელა, 50 გრ გახეხილი ყველი პარმეზანი, 1 ს/კ პიცის სუნელების ნარევი (ხმელი ორეგანო, ხმელი რეჰანი, პილპილი)
ღუმელი და პიცის საცხობი ფორმა გავახუროთ მაქსიმალურ ტემპერატურამდე (დაახლოებით 40 წუთი მაინც). ფქვილმოყრილ დაფაზე დავდოთ დამრგვალებული ცომის გუნდა და ხელებით დავაწვეთ - დავაბრტყელოთ. ნელ-ნელა გავწელოთ ცენტრიდან კიდეებისკენ. გაბრტყელებულ ცომს კიდეები ცენტრზე სულ ოდნავ მაღალი უნდა ქონდეს. ცომის კვერს მოვუსვათ ზეითუნის ზეთი. მერე მოვუსვათ პამიდორის სოუსი (თანაბრად გავანაწილოთ) და მოვაყაროთ პიცის სუნელები. ოღონდ ზეთი პიცის მთელ ცომს წავუსვათ, პამიდორის სოუსი კი მხოლოდ ცენტრში, კიდეები (დაახლოებით 1-1,5 სმ) ისე დავტოვოთ. დავალაგოთ თხლად დაჭრილი პამიდორის ფენა, მერე თხლად დაჭრილი (თესლგაცლილი) ბულგარული წიწაკის ფენა, მოვაყაროთ გახეხილი მოცარელა, ზემოდან დავალაგოთ თხლად დაჭრილი სალიამის ფენა, მოვაყაროთ დაჭრილი ზეთის ხილი და სულ ბოლოს ზემოდან მოვაფრქვიოთ გახეხილი პარმეზანი. პიცის ნიჩბის დახმარებით გადავიტანოთ პიცის საცხობ ფირფიტაზე და ვაცხოთ დაახლოებით 9-12 წუთი (კიდეების გაოქროსფერებამდე).
პიცის გამოსაცხობად სასურველია კერამიკული საცხობი ფორმა, რომელიც მხურვალებას რკინაზე უკეთ ინარჩუნებს, თუმცა ამ საქმისთვის დიდი ზომის კეციც იდეალურად გამოდგება.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment