ისევ სარვამარტო ნოსტალგია - კოქტეილი „მიმოზა“

Approved by Natia Jinjolava



რა ვქნა, საკუთარ საბჭოთა წარსულს ვერსად გავექცევი: 8 მარტი ჩემთვის სამუდამოდ ცივი ზამთრის შემდეგ სკოლაში პირველად ჩაცმული გეტრების, კლასელი ბიჭების მიერ ნაჩუქარი პლუშის დათუნიებისა და აყვავებული მიმოზას ასოციაციად დარჩა. ჰოდა, მინდა ჩემს მოგონებებს ცოტა ბუჟუაზიულ-კაპიტალისტური ელფერიც შევძინო და სრულიად არასაბჭოთა კოქტეილი „მიმოზა“ გავიხსენო.
ამ კოქტეილს „მიმოზას“ მისი ფერის გამო ეძახიან და ფორთოხლის წვენით შეფერადებული შამპანური სიყვთლითაც და ბუშტუკებიანი სტრუქტურითაც მართლაც მოყვავილე მიმოზას წააგავს. როგორც გასტრო-ისტორიკოსები ყვებიან ორიგინალი „მიმოზა“ პირველად ლონდონში „Buck’s Club“-ის ბარმენმა ვინმე მაკგრეიმ დაამზადა 1921 წელს და მას იმ დროისთვის „Buck’s Fizz“-ი ერქვა. "ბაკის ფიზი" ერთმანეთში არეული 4/10 ფორთოხლის წვენისა და 6/10 შუშხუნა ღვინისაგან შედგებოდა. ცოტა მოგვიანებით, 1925 წელს საფრანგეთში პარიზში, სასტუმრო „რიცში“ ვიღაცამ ზუსტად იგივე კოქტეილი დაამზადა, ალუბლებით მორთო და „მიმოზაც“ დაარქვა.
დღეს ყველა ბარმენი ცდილობს „მიმოზას“ რამე განსაკუთრებული შტრიხი დაუმატოს. მაგალითად გრეიფრუტის წვენიან შამპანურს „გრეიფრუტის მიმოზას“ ეძახიან, ზოგიც რამდენიმე წვეთ ლიქიორს ან რომელიმე ხილის წვენსაც უმატებს. თვით შამპანურისა და ფორთოხლის წვენის შეფარდებასაც საკუთარი გემოვნებით ირჩევენ. მრავალრიცხოვან „მიმოზებს“ შორის განსაკუთრებული პოპულარულობით „გრანდ მიმოზა“ სარგებლობს, რომელშიც სულ ცოტა ფორთოხლის ლიქიორ „Grand Marnier“-ს უმატებენ. ჰო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: „მიმოზას“ შამპანურის მაღალი და თხელი ჭიქით მიირთმევენ.



Mimosa
1 პორცია
¾ ჭ კარგად ჩაცივებული შამპანური (ან ნებისმიერი თეთრი შუშხუნა ღვინო) და ¼ ჭ ცივი ფორთოხლის წვენი ერთმანეთში ავურიოთ და ჩავასხათ მაღალფეხიან თხელ შამპანურის ჭიქაში.




Grand Mimosa
1 პორცია
ჩაცივებული 25 მლ ფორთოხლის წვენი, ჩავიცებული 75 მლ შამპანური და 5 მლ ლიქიორი „Grand Marnier“ ერთმანეთში ავურიოთ, ჩავასხათ მაღალფეხიან შამპანურის ჭიქაში და მივირთვათ. ჭიქა შეგიძლიათ მორთოთ მარწყვით.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment