ურბანისტური ბოსტანი

Approved by Natia Jinjolava


ყოველი  წლის თებერვალი-მარტის დადგომასთან ერთად, მიჩნდება დაუძლეველი და მწველი სურვილი რამე სასწრაფოდ ავამწვანო და ავაბიბინო. თანაც უმოკლეს ვადებში და პრაკტიკულად თვალის დახამხანებაში. ერთხელაც ბედნიერი ბავშვობა გამახსენდა, ბოტანიკის გაკვეთილები და წყლიან ქილაში მოთავსებული ხახვის ბოლქვზე წარმოებული დაკვირვება,  მართლა ბლოქვიდან  იზრდება მისი მწვანე ღეროები თუ არა? 
ამჯერად ერთი ხახვი ქილაში, თუნდაც მწვანე ბუჩქად ქცეული, მეცოტავა და პატარა პლანტაციის გაშენება გადავწყვიტე. შედეგად, ყველა ყვავილის ქოთანში, სადაც კი ადგილი იყო (მაგ. ლიმონის ხის ძირას), იმ წელს, ჩემს სახლში საითაც არ უნდა გაგეხედათ, ყველგან მობიბინე ხახვი დაგხვდებოდათ. მას მერე, სხვადასხვა ოდენობითა და ხერხით, ყოველ გაზაფხულზე მომყავს მწვანე ხახვის პატარა, მაგრამ საკუთარი ხელით მოწეული მოსავალი. სხვათაშორის, ამ ყველაფრის მოწმე წლიდან წლამდე ჩვენი მერი პოპინსი გახლავთ, რომელიც მისთვის ჩვეული სათანადო გაფორმებითა და იუმორით არ ასვენებს ჩემეულ ექსპრეს-მებოსტნეობას და ხალისით უზიარებს ყველა ნაცნობს თავის „შეხედულებებს“ გარემოს გამწვანების მარტივ ხერხებზე.
დაკიდებული პამიდორები
 თუმცა, შარშან იმასაც გადაედო ჩემეული ენთუზიაზმი და თავის აივანზე პამიდორის დაკიდებული ბაღებიც კი გააშენა და პირველი მოსავალიც აიღო.
მოკლედ, გაზაფხულის მოსვლასთან და მზის გამონათებასთან ერთად მიწის ყივილმა ჩემსავით თუ შეგაწუხათ და რაიმე მწვანე და ხასხასა მოგინდათ, თამამად მომბაძეთ, ყველაფერი ისეთივე მარტივია და ისეთივე ძველი. თან, როგორც  ამბობენ მწვანე ხახვი ოთახში მიკრობებს კლავს და ჰაერს წმინდავს.
დაგჭირდებათ:
ხახვის თავები, სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს;
მიწიანი ქოთანი ან წყლიანი ქილა (გააჩნია გაზრდის რომელ მეთოდს მიმართავთ)
ქოთნის შემთხვევაში, კარგად მორწყულ ნიადაგზე ფესვებიან მხარით ქვევთ და კუდით ზემოთ ოდნავი დაწოლით ათავსებთ ხახვებს (ბოლომდე ჩამარხვა არ ჭირდება). დარგული ხახვების ოდენობა დამოკიდებულია იამზე, თქვენი ქოთანი რამდენს დაიტევს პერიმეტრზე, ჩარგეთ ძალიან მჭიდროდ და ზედაპირულად.
წყლიან ქილაში გაზრდას აქვს ერთი უპირატესობა, მას მორწყვა არ სჭირდება, მაგრამ ქილის ან ჭიქის ზომის მორგება ხახვის ზომაზე, ისე, რომ არც ჩავარდეს და წყალსაც წვდებოდეს  - ცოტა სახლაფორთოა.  რომელ მეთოდს ამჯობინებთ, არჩევანი თქვენზეა.
ნიორი
წელს, ინტერნეტში ნანახი იდეა გადმოვიღე. ქოთნის როლში  იქ სხვადასხვაგვარად ამოჭრილ-გალამაზებული პლასტიკური ბოთლები გამოდიოდნენ. რთული დეკორი პლასტიკზე საჩემო ხელოვნება არ აღმოჩნდა, ამიტომ ბოთლი პრიმიტიულად გავჭერი სიგრძეზე ორ არათანაბარ ნახევრად. ერთი, უფრო ღრმა გავხვრიტე და  ჩავსვი მეორე ნახევარში. ქვედა ქოთნის ქვეშ ამოსადმელი ფიალის მოვალეობას შეასრულებს და მასში ზედმეტი წყალი დაგროვდება.
ბოთლში ხახვის გაზრდას ნიორიც მივაყოლე. შედეგი ფრიად და ფრიად სასიამოვნო აღმოჩნდა, თანაც ვიტამინიზირებული. მომბაძეთ, არ ინანებთ, ვიზუალურადაც ლამაზია და თან, ვისაც საჭმლის კეთება გიწევთ, ზედმეტი კონა მწვანე ხახვისთვის მაღაზიაში ჩარბენა აღარ მოგოწევთ.


საუკეთესო  სურვილებით, თქვენი იუფიმია ენდრიუ

0 კომენტარი.:

Post a Comment