პიცის ცომი და პამიდორის სოუსი ჯეიმი ოლივერისაგან

Approved by Natia Jinjolava


პიცის უთვალავი ნაირსახეობის გადამკიდე, იტალიის მთავრობა იძულებული გახდა "ნამდვილი პიცის" სტანდარტები შეემუშავებინა, რომლის თანახმადაც პიცა პიცის ამაყ სახელს რომ ატარედბეს, ამისათვის ცომი მხოლოდ ხელით უნდა მოიზილოს, ხელითვე გაიწელოს (არ გაბრტყელდეს!) და აუცილებლად შეშაზე უნდა გამოცხვეს საგანგებო პიცის ღუმელში 300-400 გრადუს ტემპერატურაზე. პიცის ცომი გარედან კნაწუნა, შიგნით რბილი რომ გამოვიდეს და ზემოდან დალაგებული პროდუქტები არ ჩაიხარშოს, სწორედ ამისთვისაა ასეთი მაღალი ტემპერატურა საჭირო, რომელზეც პიცა ზუსტად 2 წუთში მზადაა. გაზქურის თუ შეშის საგანგებო ღუმელში გამომცხვარი, პრინციპში, ნებისმიერი პიცა გემრიელია წესიერ ინგრედიენტებს თუ დაადებ თავზე - იტალიურიც, ამერიკულიც და თვით თბილისურიც კი. მაგრამ ნამდვილი იტალიური პიცის გაკეთებას თუ განიზრახავთ დაივიწყეთ მაიონეზის სოუსი და კიდევ ერთი თბილისიური ჩვევა: როცა პიცის ცომს სოუსს საერთოდ არ ასხამენ ან ამ დანიშნულებით კეტჩუპს იყენებენ. თქვენს სამზარეულოში ხმელთაშუაზღვის ჭეშმარიტი სურნელი რომ დატრიალდეს - ნუ დაიზარებთ პამიდვრის სოუსის მოდუღებას და ორი მარტივი წესი დაიმახსოვრეთ: იშვიათი გამონაკლისის გარდა (თუ რომელიმე ცნობილი შეფ-მზარეულის დიზაინერული პიცა არაა), ყველა პიცას უსვამენ ცომზე პამიდვრის სოუსს და მერე ალაგებენ დანარჩენ ინგრედიენტებს, აუცილებლად აყრიან ყველს და უკვე გამომცხვარს თავზე ზეითუნის ზეთს ასხამენ და ისე ჭამენ.
ამიტომ დღეს ინგლისელი მზარეული ჯეიმი ოლივერის პიცის ცომის და პამიდვრის სოუსის უნივერსალურ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც ნებისმიერი პიცისთვის გამოგადგებათ, ზემოდან რას დააწყობთ - თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ. სხვათა შორის, ბრიტანული გაზეთი "Daily Mail"-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ თანამედროვე ბრიტანელების უდიდესი ნაწილი ჯეიმი ოლივერს უფრო ენდობა, ვიდრე სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩევებს. იქ კი დამიჯერეთ, სამინისტრო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეონბიდან და მოსახლეობის ბიუჯეტიდან გამომდინარე სპეციალურ პროგრამას, რჩევების კრებულს და რეცეპტებსაც კი ადგენს, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებმა მინიმალური დანახარჯით (დროისა და ფინანსების) შეწვდეს ჯანმრთელ და გემრიელ საჭმლს.

პიცის ცომი
ინგრედიენტები: 1 კგ უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილი ან კიდვ უკეთესია - 800 გრ პურის ფქვილი და 200 გრ მანანის ბურღული, 1 ს/კ ზღვის მარილი, 14 გრ საფუარი, 1 ს/კ შაქარი, 4 ს/კ ზეითუნის ზეთი, 650 მლ ნელთბილი წყალი

ფქვილი და მარილი მაგიდაზე დავახვაოთ და შუაში კრატერივით ჩაღრმავება გავუკეთოთ. ცალკე ჯამში ერთმანეთში ავურიოთ წყალი, შაქარი, ზეითუნის ზეთი და საფუარი და ცოტა ხანი გავაჩეროთ, მერე ჩავასხათ ფქვილის ჩაღრმავებაში და კოვზით ნელ-ნელა დავიწყოთ წყალში ფქვილის გახსნა. კოვზით მოზელვა რომ გართულდება, ფქვილმოყრილი ხელები მოვიშველიოთ და ცომი კარგად მოვზილოთ და დავაგუნდაოთ. ცომის გუნდა ფქვილმოყრილ დიდი ჯამში ჩავდოთ, ტილო გადავაფაროთ და დაახლოებით 1 საათით თბილ ადგილას დავდგათ. ცომი ზომაში ორჯერ უნდა გაიზარდოს. ცომი ჯამიდან ამოვიღოთ და ფქვილმოყრილ დაფაზე ცოტა ხანი კიდევ ვზილოთ და ვაწვალოთ, ამ პროცესს ცომიდან ჰაერის განდევნა, ანუ ცომის ჩაფუშვა ქვია. ჩაფუშული ცომის შეგიძლიათ დაუყოვნებლივაც გამოიუენოთ და შეგიძიათ ცელოფანში გაახვიოთ და მაცივარში სამომავლოდ შეინახოთ (მისი გაყინვაც კი შეიძება). დაუყოვნებლივ თუ იყენებთ, მაშინ პორციებად დაყავით და ისე გააბრტყელეთ. ამ პორციიდან დაახლოებით 6-8 საშუალო პიცა გამოდის. პიცა განსაკუთრებულად კარგად ამოვა, გაბრტყელებულ ცომს 15-20 წუთი თუ გააჩერებთ გამოცხობამდე. მაგრამ უკვე გაბრტყელებულს ძალიან დიდხანსაც ნუ დატოვებთ უპატრონოდ. 




პამიდორის სოუსი პიცისთვის
1 კონა შაშკვლამი (ან რეჰანი), 4 კბილი ნიორი, 3 ქილა დაკონსერვებული მთელ-მთელი პამიდორები, 6-8 ს/კ ზეითუნის ზეთი

შაშკვლამი გავრეცხოთ, დავფერთხოთ და ფოთლები გავაცალოთ ტოტებს. ნიორი გავფცქვნათ და დავჭრათ ძალიან წვრილად. გახურებულ ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი და ზეთი რომ გაცხელდება, დავაყაროთ ნიორი და შევაოქროსფროთ. მერე დავუმატოთ შაშკვლამის ფოთლები (შეგიძლიათ შეცვალოთ რეჰანით), მოვურიოთ და დავასხათ დაკონსერვებული პამიდორები. მთელ-მთელი პამიდორები კოვზით დავაქუცმაცოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი და კარგად მოვურიოთ. ვადუღოთ 5-6 წუთი და მერე წვრილ საცერზე გადავწურით, თან კოვზის ზურგით დავაწვეთ, რაც შეიძლება მეტი პიურე რომ გაყვეს. გაწურული სოუსი ტაფაზე დავაბრუნოთ და კიდევ 5 წუთი ვადუღოთ. სოუსი მზადაა, გავაგრილოთ და გამოვიყენოთ. 




საუკეთესოსურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment