Pizza Quattro Formaggi ანუ ოთხი ყველის პიცა

Approved by Mary Poppins


„ოთხი ყველის პიცა“ ჩემი უსაყვარლესი პიცების სიაში შედის და მისი უთვალავი ვერსია და ვარიანტი არსებობს, თუმცა მისი ვარიანტები რაღა გასაკვირია, როცა თავად  „ოთხი ყველიც“ „პიცა ბიანკოს“ (თეთრი პიცის) ერთ-ერთი ნაირსახეობაა.
იტალიაში მცხოვრბი ქართველებისგან გამიგია, საქართველო და ხაჭაპური ძალიან რომ გვენატრება, მივდივართ და „პიცა ბიანკოს“ ვუკვეთავთო - რაც სულ არაა გასაკვირი, იმიტომ რომ „თეთრი პიცის“ ყველაზე მარტივი ვარიანტი ცომისგან და მოცარელასგან (ჩვენი სულგუნის იტალიური ექვივალენტი) მზადდება, და პრაქტიკულად თავღია ხაჭაპურია. მაგრამ პიცის ცხობის ტრადიციებიდან გამომდინარე, პიცას მარტო მოცარელას არავინ აყრის, მინიმუმ სოუსს, ზეითუნის ზეთს და ორეგანოს მაინც ასხამ-აყრიან. აღარ ვლაპარაკობ მზეზე დაჩირებულ პამიდორებსა და შესანიშნავ იტალიურ ლორზე. ერთი, სიტყვით, ნებისმიერ პიცას, რომელსაც ჩვეულებრივზე მეტი ყველი აქვს, თამამად შეგიძლიათ თეთრი პიცა ანუ პიცა ბიანკო უწოდოთ. რაც შეეხება „ოთხ ყველს“, როგორც სათაურიდან ხვდებით, იგი ოთხი სახეობის ყველისგან მზადდება და რასაკვირველია მასაც ყველა დიასახლისი თავისი გემოვნებით უმატებს დამატებით იგრედიენტებს. 
ასევე არეულობაა მის სოუსთან დაკავშირებითაც (მოგეხსენებათ, ყველა პიცის ცომს აუცილებლად უნდა წაუსვათ სოუსი და მხოლოდ მერე დაალაგოთ ზევიდან დანარჩენი ინგრედიენტები): ზოგო ტრადიციულ პამიდორის სოუსს ხმარობს, ზოგიც ნიორიან ზეთს, რაც ყველს ძალიან უხდება. რაც შეეხება დამატებით გულსართებს - პამიდორს, ძეხვს, ლორს და ა.შ. ვისაც ობიანი ყველის და პარმეზანის მძაფრი გემო მოგწონთ, ამ პიცას დამატებითი არომატები აღარ ჭირდება და ვისაც ასეთი ყველი არ გიყვართ, ჯობს სხვა პიცა გამოაცხოთ.
რაც შეეხება ყველის ნაირსახეობებს მისი თქვები სურვილისამებრ შეცვლა შეგილძლიათ, მხოლოდ მთავარი პრინციპი დაიმახსოვრეთ: 1 ყველი ცისფერი ობით უნდა იყოს („დორ ბლუ“, „როკფორი“), მეორე - სულგინის ტიპის წელვადი, მესამე - მწკლარტე გემოთი („პეკორინო“, „გრუიერი“), მეოთხე კი ადვილად დნობადი („ჩედერი“, „ემენტალი“ „გაუდა“).

Pizza Quattro Formaggi
ინგრედიენტები: მზა პიცის ცომი 1 პორცია, 100 მლ პამიდორის სოუსი, 150 გრ ყველი მოცარელა, 150 გრ ყველი გორგონძოლა, 150 გრ ყველი ფონტინა, 150 გრ ყველი პარმეზანი, ორეგანო, ზეითუნის ზეთი მოსაწუწად

ღუმელი გავახუროთ მაქსიმალურ ტემპერაურამდე. ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ პიცის ცომი საცხობი ფირფიტის ზომაზე (ცომი მაქსიმალურად თხლად გავიყვანოთ და ირგვლივ ცოტათი ამაღლებული ბორტები დავუტოვოთ). ცომს წავუსვათ პამიდორის სოუსი. და მოვაყაროთ გახეხილი ან დაფშვნილი ყველი. შევდგათ ღუმელში. პიცა რომ გამოცხვება (ანუ ყველი ათუხთუხდება) მოვაყაროთ ცოტაოდენი ორეგანო და მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი.

Pizza Quattro Formaggi მეორენაირად
ინგრედიენტები: 1 პორცია პიცის ცომი, 2 ს/კ ნიორიანი ზეითუნის ზეთი, 50 გრ გახეხილი გორგონძოლა, 50 გრ გახეხილი პეკორინო, 50 გრ გახეხილი მოცარელა, 50 გრ გახეხილი პარმეზანი, ორეგანო, პილპილი

ღუმელი გავახუროთ მაქსიმალურ ტემპერაურამდე. ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ პიცის ცომი საცხობი ფირფიტის ზომაზე (ცომი მაქსიმალურად თხლად გავიყვანოთ და ირგვლივ ცოტათი ამაღლებული ბორტები დავუტოვოთ). ცომს წავუსვათ ნივრიანი ზეთი. (ნიორიანი ზეთის დასამზადებლად ტაფაზე გავახუროთ ზეთი და ამ ზეთში მოვხალოთ წვრილად დაჭრილი 1 კბილი ნიორი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ნიორი არ დაიწვას, თორემ ზეთს გემო გაუფუჭდება. ზეთი გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.) ზეთწასმულ ცომს მოვაყაროთ გახეხილი ან დაფშვნილი ყველი. შევდგათ ღუმელში. პიცა რომ გამოცხვება მოვაყაროთ ცოტაოდენი ორეგანო, პილპილი და მოვაწუწოთ ზეითუნის ზეთი.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment