წმინდა პატრიკი (Saint Patrick) და ოთხყურა სამყურა

Approved by Mary Poppins


ყოველ წელს, 17 მარტს ირლანდიელები წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავენ და ამ ზეიმმა ისეთი საყოვეთაო პოპულარულობა მოიპოვა, რომ უკვე სხვა ქვეყნებსაც მოედო. როგორც ამბობენ,  ამ დღეს ძალიან თუ მოინდომა,   ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიპოვოს საპატიო ირლანდიელის წოდება.
ოფიციალური ვერსიით, 415 წლის 17 მარტს უელსში, ერთ რომაულ ოჯახში ვინმე კალფურნიუსსა და კონჩესას ვაჟიშვილი მევინ სუკატი (Maewyn Succat) შეეძინათ. მიუხედავად იმისა, რომ კალფურნიუსი ფერმერობის გარდა სოფლის დიაკვნის მოვალეობასაც ასრულებდა (მხოლოდ გასამრჯელოს გამო), მაინცდამაინც დიდად მორწმუნეობით არ გამოირჩეოდა და შვილსაც თავისავით ნაკლებადრელიგიურად ზრდიდა. თექვსმეტი წლის მევინი როგორღაც მეკობრეთა ტყვეობაში აღმოჩნდა და ცოტა ხანში ირლანდიაში ამოყო თავი, სადაც იქაური ტომის ბელადის მილჩუს მონად იქცა და ახალგაზრდა პატრიციუსი ცხვრების სამწყემსად განაწესეს. მოგეხსენებათ, მწყემსებს ფიქრის დრო ბევრი აქვთ და სწორედ ირლანდიის მობიბინე მოლზე არხეინად წამოგორებულმა მევინმა ირწმუნდა ღმერთი და დაიწყო სისტემატიური ლოცვა. როგორც თავად წერდა, თურმე მონობაში ყოფნის მეექვსე წელს, ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ ზეციდან ხმა შემოესმა: „მალე შინ დაბრუნდები. შენი ხომალდი უკვე გელოდება“. გახარებული მწყემსი სანაპიროსაკენ გაიქცა და გემი მართლაც დახვდა, მაგრამ რას არ დაპირდა, კაპიტანმა ხომალდზე აყვანაზე მაინც მტკიცე უარი უთხრა. მაშინ ყმაწვილმა ისევ ლოცვა დაიწყო და კაპიტანმაც თავისი გადაწყვეტილება მოულოდნელად და უსაფუძვლოდ შეცვალა. სახლში დაბრუნებულმა პატრიკმა სასულიერო გზა აირჩია, მერე ბევრი იმოგზაურა და სამშობლოში რომის პაპის ცელესტინ პირველის დავალებით მისიონერად დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიაში ქრისტიანული ეკლესიები მანამდეც არსებობდა, რწმენის შემომტანად მაინც წმინდა პატრიკს თვლიან - როგორც ჩანს მანამდე ვერავინ შეძლო კელტებისა და დრუიდების გულის ბოლომდე მოგება. ითვლება, რომ წმინდა პატრიკი თავის დაბადების დღეზე, 493 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. წმინდა პატრიკის დაბადების ადგილად არაოციფიალურად Bannaviem Teberiae-ს მიიჩნევენ, მაგრამ მისი ადგილმდებარეობა დღემდე გამოცანად რჩება, ზოგ ირლანდიაში გონია, ზოგს შოტლანდიაში, ზოგსაც საერთოდ ბრიტანეთის ტერიტორიებს გარეთ. პატრიკის ირლანდიაში დაბრუნების დროც კი უცნობია და ისიც არ იციან მარტო დაბრუნდა თუ მეგობრებთან ერთად. და რაც მთავარია, სამყურა (წმინდა პატრიკის სიმბოლო) მართლა მან ჩაიტანა ირლანდიაში თუ ეს ყვავილი მის სახელს მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დაუკავშირეს? ისტორიკოსთა ნაწილი საერთოდ მიიჩნევს, რომ წმინდა პატრიკი საერთოდ არ არსებობდა და პატრიკის ბიოგრაფიის ქვეშ სამი სხვადასხვა მისიონერი ბერის მოღვაწეობაა გაერთიანებული.
სხვა ლეგენდების თანახმად ირლანდიაში ქრისტიანობა 380 წელს მისიონერმა პალადიუსმა შეიტანა, მაგრამ მერე პალადიუსს ეკლესიასთან განხეთქილება მოუვიდა და მისი სახელიც დაივიწყეს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ პალადიუსიც პატრიციუსის ტიტულს ატარებდა და მისი მიმდევარი კელტი ზუკატის ტიტულიც პატრიციუსი გახლდათ. თანაც პალადიუსის და წმინდა პატრიკის ბიოგრაფიები ორი წვეთი წყალივით გავს ერთმანეთს. ირლანდიის ისტორიაში კიდევ ერთი პალადიუსის, უკვე არასამღვდელო პირის ამბავიცაა შემონახული, რომელიც როგორც ხვდებით, ყველა სიკეთესთან ერთად პატრიციუსის ტიტულსაც ატარებდა და ალბათ, მართლაც არაა ის ფაქტი სიმართლეს მოკლებული, რომ წმინდა პატრიკის ისტორია რამდენიმე პირის ცხოვრებიდან არის შედგენილი, თავად პატრიკიც ხომ პატრიციუსიდან შექმნილი სახელია.
ასეა თუ ისე, წმინდა პატრიკის სახელთან ბევრი ლამაზი ლეგენდაა დაკავშირებული. მაგალითად, ის, რომ თურმე პატრიკი წმინდა სამების მცნებას მდაბიოებს სამყურა ყვავილის ფოთლის (shamrock) მაგალითზე უხსნიდა:  „ვითარცა სამი ფოთოლი შეიძლება იზრდებოდეს ერთ ტოტზე, ასევე ღმერთი შეიძლება იყოს სამი ერთში“. მას მერე ირლანდიაში ტრადიციად იქცა სამყურას ფოთლის ტანსაცმელზე დაბნევა, რომელიც ქრისტიანულ ჯვარს, კათოლიკური ეკლესიის ფერსა და თავად ზურმუხტოვანი ირლანდიის ფერს ერთდროულად განასახიერებს.
წმინდა პარიკის სახელთან კიდევ ერთი საინტერესო ლეგენდაა დაკავშირებული: ერთხელ, დიდი მარხვის დროს წმინდა პატრიკი ქროუს მთის წვერზე ავიდა და ორმოცი დღე-ღამე იმარხულა. ღმერთი შეწუხდა, მეტისმეტი შიმშილისგან პატრიკი არ მოკვდესო და მარხვის დარღვევა სთხოვა. რაზეც პატრიკი სამი პირობით დასთანხმდა: ირლანდიელები თავისუფალი ერი უნდა ყოფილიყო; საყოველთაო ნგრევის თავიდან ასაცილებლად, ქვეყანა სამყაროს აღსასრულამდე 7 დღით ადრე უნდა ჩაძირულიყო და ირლანდიელების ცოდვა-მადლი განკითხვის დღეს თავად პატრიკს უნდა განესაჯა. მას მერე მთას პატრიკის ქროუს (Croagh Patrick) უწოდებენ და ყოველწლიურად ათიათასობით მომლოცველი ადის ფეხშიშველი ზღვის დონიდან 765 მეტრის სიმაღლეზე აღმართულ მთის მწვერვალზე. სხვათა შორის, სწორედ ამ მთის წვერზე მიახდინა წმინდა პატრიკმა კიდევ ერთი სასწაული, როცა მთელი ირლანდიის გველები ჯერ ერთად შეკრიბა და მერე ქვეყნიდან გააძევა. თუმცა, ლეგენდა იმასაც მოგვითხრობს, რომ ერთი დიდი და ვერაგი გველი „ზურმუხტისფერი კუნძულიდან“ ცოცხალი თავით არ მიდიოდა და წმინდანსაც ეშმაკობის გამოუყენება მოუწია. პატრიკმა დიდი ყუთი გააკეთა და გველს უთხრა, იმხელა ხარ, ამაში ვერ ჩაეტევიო. გველმაც, ეს რა მაკადრეო და ყუთში დაუფიქრებლად დურთა თავი. პატრიკმაც ყუთს მაშინათვე თავი დაახურა და ზღვაში მოისროლა. ერთი სიტყვით, გინდ დაიჯერეთ გინდ არა - ირლანდიაში გველები მართლა არ არიან (სკეპტიკოსები ირწმუნებიან, არც არასდროს ყოფილანო, მაგრამ ვინ იცის?).
შემორჩენილია წმინდა პატრიკის ავტობიოგრაფია „აღსარება“ და მისი ერთ-ერთი ლოცვა - „წმინდა პატრიკის ფარი“, იგივე „ირმის ვედრება“ (St. Patrick’s Breastplate aka The Lorica (the Cray of the Dear). ლეგენდის თანახმად, წმინდა პატრიკსა და მისი მოსწავლეებს რომელიღაც წარმართმა მეფემ გზაზე მახე დაუგო. ჩასაფრებულების წინ ჩავლისას წმინდა პატრიკი თურმე ამ ლოცვას კითხულობდა და ჯარისკაცებიც გზაზე ადამიანების ნაცვლად გზაზე მიმავალ ირმების ჯოგს ხედავდნენ. დღემდე ითვლება, რომ ამ ლოცვას მთელი გულთ და გამოთქმით თუ წაიკითხავ, ნებისმიერი ბოროტებისგან დაგიცავს.
როგორც ყველა ქრისტიანული დღესასწაული, წარმართულ გადმონაშთებს წმინდა პატრიკის დღეც ვერ აცდა. ასე რომ, ამ დღის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი სამყურას ფოთოლთან და მწვანე ფერის ლუდთან ერთად ოქროთი სავსე ქოთნის მფლობელი ჯუჯა - მეწაღე ლეპრეკონიც გახლავთ. ლეგენდის თანახმად, განძის მაძიებელი პატარა მწვანე კაცუნას თუ დაიჭერთ, რაც როგორც ხვდებით ძალიან ძნელია, ამ არსებამ დამალული ოქროს ადგილსამყოფელი უნდა მიგასწავლოთ. თავად ლეპრიკონი კი დამარხულ განძს ოქროებით სავსე ქოთნიდის თავზე დამდგარი ცისარტყელით ადგნებს. სხვათა შორის, ლეპრეკონები წმინდა პატრიკის დღეს სულ ცოტა ხნის წინ მიეტმასნენ - მისალოცი ბარათებისა და სუვენირების გამყიდვლებს სამყურის გარდა სხვა სიმბოლოც სჭირდებოდათ (მკაცრი სახის წმინდანის გამოსახულება ამ საქმისთვის მაინცდამაინც არ გამოდგებოდა) და ამისთვის პატარა და ცბიერი მეწაღეების პერსონაჟი შეარჩიეს. სხვათა შორის, სანამ ლეპრეკონებს წმინდა პატრიკის დღესთან გააიგივებდნენ, მათ დღევანდელი მწვანის ნაცვლად ლურჯი ტანისამოსი ეცვათ და ლურჯი ცილინდრები ეხურათ.
გარდა ლეპტიკონების და მათი განძისა, რომლებთანაც სხვათა შორის, ფრთხილად უნდა იყოთ, იმიტომ რომ პაწაწინა მწვანე კაცუნები გულუბრყვილო ადამიანს ხშირად ატყუებენ, ამ დღეს კიდევ ერთი ტრადიცია უკავშირდება - ოთხყურა სამყურას ფოთლოს თუ მიაგნებთ იღბალი და კარგი ბედი მინიმუმ ერთი წლით გარანტირებული გექნებათ. ყველაზე დიდი პრობლემა გაგანია მარტში სამყურით გადაბიბინებული მდელოების პოვნაა, თორემ ოთხყურა ფოთოლი, იცოცხლემ იმდენია!
თავად დღესასწაულს რაც შეეხება, ამ დღე სტრადიციულად ხალხმრავალი აღლუმები და ზეიმი იმართება. განსაკუთრებით პოპულარულია სასულე ორკესტრები და გუდასტვირი. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, სახალხო მსვლელობის ტრადიცია ირლანდიის ნაცვლად ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოდის, სადაც ყველაზე დიდი დემონსტრაციები ბოსტონსა და ნიუ-იორკში იმართება. ნიუ-იორკელებს თუ დავუჯერებთ, სულ პირველი აღლუმი მანჰეტენზე 1762 წელს შედგა და ყველაზე მრავალრიცხოვანი და პომპეზური ზეიმი დღემდე იქვე ტარდება. მთელ მსოფლიოში უკვე რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი აღნიშნავს წმინდა პატრიკის დღეს, დუბლინიდან სიდნეიმდე და ნიუ-იორკიდან სანკტ-პეტერბურგამდე. მსოფლიოს არაერთი ქალაქი მწვანე ბაირაღებით ირთვება, მწვანდება ყველაფერი რისი გამწვანებაც კი შეიძლებ (ჩიკაგოში მდინარის წყალსაც კი მწვანედ ღებავენ) და მხიარულ კოსტუმებში გამოწყობილი ხალხი გუდასტვირის ჭყვიტინის და ირლანდიური ეროვნული ცეკვების ფონზე ირლანდიური ბარიდან ბარში დააბიჯებს და მწვანდ შეფერილ ლუდს და მწვანე ბუბლიკებს მიირთმევს. სხვათა შორის, ისიც აღსანიშნავია რომ ამ დღეს ყველა ბარი ირლანდიურია და ყველა მუსიკოსი ეროვნებით ირლლანდიელი ხდება. 
ჰო, რაც მთავარია, ერთი პატარა ჭიქა მაგარ ალკოჰოლიანი სასმელის დალევაც არ დაგავიწყდეთ - ესეც ტრადიციაა და რასაკვირველია, უპირატესობა ირლანდიურ ვისკის ენიჭება. გადმოცემის თანახმად, სანამ ვისკის ჩაასხამთ,  ჭიქის ფსკერზე სამყურას ფოთოლი უნდა ჩააფინოთ. სწორედ აქედან მოდის გამოთქმა „drowning the shamrock“ (სამყურას ამოშრობა), რაც ჭიქის ბოლომდე დაცლას ნიშნავს. ამ დღეს დალეულ ვისკის ოდენობასაც კი სპეციალური საზომით იზომება და მას „პატრიკის სირჩა“ ქვია.
ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ თავად ირლანდიაში გასული საუკუნის 70-იან წლებამდე ეს დღე მკაცრად რელიგიურ დღესასწაულად ითვლებოდა და 17 მარტს ირლანდიის ყველა პაბი ოფიციალურად იხურებოდა!


საუკეთესო სურვილებით, თქვენნი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment