მომსახურება ქართულად

Approved by Mary Poppins


ძალიან ვამაყობთ (და არცთუ უსაფუძვლოდ) და ძალიან ბევრს ვასაუბრობთ ხოლმე ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, ქართულს პურ-მარლსა და ქართული ქეიფის ფილოსოფიაზე. ქაღალდზე და თეორიაში ყველაფერი მართლაც შესაშური და შესანიშნავია, რეალობაში კი აბა, რა გითხრათ. მიუხედავად გენეტიკის დონეზე გურმანობისა (რასაც ყველა ჩვენთაგანი იჩემებს), ჩვენთან ყველაზე უგემური საჭმლით ცნობილ, ყველაზე ბინძურ და მომსახურე პერსონალზე მეტი ვირთხით დასახლებულ სასადილოსაც კი თავისი კლიენტი ყავს. ძალიან ცოტა თუ ვიცი ჩემს ნცნობებში  ვისაც რომელიმე საზკვების ობიექტში ცუდად მოემსახურნენ და მან ან საყვედური თქვა და ან მეორეჯერ აღარ შევიდა იგივე ადგილას - ნებისმიერ აგდებულ დამოკიდებულებას რესტორნების მესვეურთა მხრიდან, ჩვენ, ქედმოუხრელი და ამაყი ქართველები გასაოცარი უსიტყვო მორჩილებით და თავდახრილი ვეგუებით. მაგალითად, სარდელები აშკარად გუშინდელი და განაცხელები იყო, ჭიქებსაც ნათითურები ეტყობოდა, ზედმეტიც გვიანგარიშეს, ოფიციანტი ისე გვიბღვერდა, ალბათ თავის მოვალეში შევეშალეთ... მერე რა? მეგობრებთან ერთად ხომ ვიჯექით და კარგადაც გავერთეთ. ჰო, თან რაც მთავარია, სურათები გადავიღეთ ფეისბუქზე გამოსაფენად - ყველამ რომ გაიგოს, რომ საღამოობით სახლში კი არ ვზივართ კომპიუტერთან - დროს ვატარებთ და მჩქეფარე ცხოვრებით ვცხოვრობთ.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ცუდი მომსახურება მარტო იმათი, ანუ რესტორატორების ბრალი არაა, ამაში ჩვენ, მორჩილი კლიენტებიც ვართ დამნაშავე. ამა სწინათ ახლობელმა საქორწილოდ მთელი რესტორანი დაიქირავა, თან უბრალო არა, დიდი პრეტენზიების მქონე რესტორანი. მხოლოდ იმიტომ რომ იმავე რესტორნის დეკორატორი არ აიყვანა, ტორტის დასადები მაგიდა არ მისცეს - არ გვაქვსო. უნდა ადგე და გამობრუნდე, მაგრამ სად წახვალ? მე შენ გეტყვი, დიდი არჩევანი გვაქვს. ჰოდა, ისიც იძულებული გახდა თავისი გაეშვა და „აბორიგენი“ დიზაინერის ხელოვნურ ვარდებში გადაეხადა 500 ლარი. იმდენად გახზულუქდნენ, რომ მხოლოდ შემოსავალზე მუშაობენ - მთელ დარბაზს სულ 100 ლარის ცოცხალი ყვავილები ეყოფოდა, მაგრამ რატომ? ხომ გასდით? არაფერს ვამბობ, რომ ქარიანი დღე იყო და ყველა ფანჯარაში ქუჩასავით უბერავდა - ეტყობა, ძალიან ძნელია ღრიჭოების ამოსილიკონება. თუმცა ეგეც ხომ ხარჯია - საქეიფოდ შემოსული კაცი კი დალევს და ისედაც გათბება.
კიდევ უფრო მაწუხებს, მიმტანი რომ მოდის და თეფშს შენ გაჩეჩებს ხელში, გინდა ჩადგი მაგიდაზე და გინდა თავზე დაიდგიო. ქართული სუფრის საქები მთავარი ფრაზა გახსოვთ? „თეფშები სამ რიგადა ელაგა ერთმანეთზეო“. სხვისი არ ვიცი და მე აშკარად არ მინდება ხოლმე სხვა თეფშის ფსკერი რომაა ჩადგმული შიგნით (კაცმა არ იცის მაგიდაზე მოხვედრამდე სად იდგა ან მიმტანმა რა ხელები მოკიდა) იმ კერძის ჭამა. ტკბილს, მწარეს და მლაშეს ერთ თეფშზე და ერთ ჯამში ძაღლს უყრიან - მე, ცნობისათვის, ადამიანი ვარ.
სახინკლეები? რამდენიმე ცალი ხინკალი რომ დარჩება ლანგარზე ოფიციანტი დაგეშილი ძაღლივით მოქრის და ან საერთოდ მიაქვს ან ხელს დასტაცებს და ქაბაბიან ან სხვა, უფრო პატარა ზომის თეფშზე გადააქვს შიშველი თითებით. მე პირადად არ შევსწრებივარ, მაგრამ მითხრეს, რომ ჩვენს პრესტიჟულ სახინკლეებში ფრიად სარფიანი ნოვაცია დაუნერგავთ: ხინკლის გაცხელება (გახუხვა) ფასიანი გამხდარა. ანუ, ერთხელ ნაყიდ ხინკალს სამზარეულოში გასაცხელებლად თუ გაატან, მის საფასურს მეორეჯერ გახდევინებენ!
ფეხით მოსიარულეებისათვის ფეხების დასახიჩრებაში პრიზი რომ იყოს დაწესებული, ჩემპიონი ცალსახად „ლიბერთი ბანკის“ წინ ტროტუარის მომპირკეთებელი გახდებოდა. ბანკის ცენტრალური ოფისის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, რამდენი გავდივარ, სულ  მგონია, რომ იმ ქვაფენილის შერჩევისას, ბანკის მესვეურებს ერთადერთი ფარული განზრახვა ქონდათ - კლიენტებს ბანკის კარამდე ვერ მიეღწიათ. აშკარად იგივე მიზანი ამოძრავებდა მცხეთაში მანქანების პარკინგიდან სვეტიცხოვლისკანე მიმავალი ქვაფენილის „შემოქმედს“. აი, ვისთვის უნდა მოეკვეთათ მარჯვენა და თან პროთეზის გაკეთების უფლების გარეშე. ვისაც ქუსლებზე ამხედრებულს გაუვლია ის გზა, ყველა დამეთანხმება - უცრემლოდ და უსისხლოდ (გადატყავებული ფეხის ტერფები მაქვს მხედველობაში) მისი განვლა შეუძლებელია. 
სამაგიეროდ, სვეტიცხოვლის პარკინგზე დაბუდებული ვითომდა მერსედესის ემბლემიანი გაურკვეველი ჯიშ-ჯილაგის ვაგონეტ-კაბრიოლეტების მეპატრონეები ხარობენ, რომლებიც გამოპრანჭულ პატარძალს და მის ამალას სულ რაღაც 10 ლარად მიახრიგინებენ ტაძრის კარამდე ჯვრის დასაწერად და იქვე ჩამოყრიან - არ გეგონოთ, დაგელოდოთ და უკან წამოგიყვანონ. ესეც ქართული სერვისის და სტუმართმოყვარეობა-კაცთმოყვარეობის თავისებურებაა. იქაური პარკინგის კიდევ ერთი "ღირშესანიშნაობა" შეგინიშნავთ? შესასვლელის შლაგბაუმი მექანიკურია, ყოველ დასიგნალებაზე ქალი გამოდის და უმძიმეს რკინის ძელს ხელით წევს ზევით მანქანა რომ გაატაროს - წარმომიდგენია, მარჯვენაზე რა ბიცეპსი აქვს დაყენებული.
თეკუნა გაჩეჩილაზე "შუადღის შოუს" ეთერში
მოდით, გულახდილად მითხარით რა, „ემ-ჯგუფის“ რესტორნები მართლა მოგწონთ? ბევრი რამე ნამდვილად კარგი აქვთ, მაგრამ ხარისხი და ფასი, სახელი და მომსახურების დონე ერთმანეთს არ შეესაბამება. მათი ერთ-ერთი უცნობილესი შეფმზარეულის, თეკუნა გაჩეჩილაძის მიერ ტელევიზიის ეთერში საჯაროდ დასახიჩრებული და დაგლეჯილი შემწვარი ინდაური არ დამავიწყდება - მზარეულმა რომ ხორცის დაჭრა არ იცის და ბასრი დანა არ აქვს მანდ სალაპარაკო აღარაფერია. და ახლა არ მითხრათ, რომ ტელევიზიაში თავისი დანით ხომ არ მივიდოდაო. ინდაური თუ ქონდა დასაჭრელი, აბა, რა უნდა ექნა? ეს იგივეა წერით გამოცდაზე პასტის გარეშე რომ მიხვიდე. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, ინდაურს სურათზევე რომ ეტყობა, როგორი გამომშრალია - მაგრამ მაგდენს ჩვენს მზარეულებს ვინ სთხოვს. 
თუმცა, მას მერე არაფერი მიკვირს, რაც მათი ერთ-ერთი მენეჯერის გაოცებული წუწუნი მოვისმინე, „ISO“ სერთიფიკატი მანამდე არ მოგვცეს, სანამ ყველაფრისთვის ცალ-ცალკე დანები არ შევიძინეთო და მართლა გულწრფელად წუხდა, გამაგებინეთ ყველის დანით ხორცის დაჭრა რატომ არ შეიძლებაო. იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ვინმეს, მაგალითად რძეზე, ალერგია თუ აქვს და, შესაბამისად, ყველის დანაჭრელი დანით პურს თუ დაუჭრი, შეიძლება ალერგიული შოკისგან მოკლა. უბრალოდ, უსაფრთხოების წესებია და მეტი არაფერი.
შეფმზარეულის გამოცდილი მარჯვენით
დასახიჩრებული ინდაური
სხვათა შორის, „მეტეხის ჩრდილში“, სადაც მართლაც უგემრიელესი კალმახი აქვთ, ჩემი მეგობრის ქორწილში ტორტთან ერთად უკვე ჭიქებში ჩამოსხმული კონიაკი მოიტანეს. გულით მინდოდა დამელია, მაგრამ გეფიცებით, ნავთის სუნი ასდიოდა.
ყველაზე მეტად კი იცით რა მაკვირვებს, თუკი ბოლო წლების მანძილზე თბილისში რამე მართლა კარგი გაიხსნა - მათი უმეტესობა დაიხურა, უვარგისები კი დგანან, დგანან, დგანან და არიან...

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment