Pizza Rustica - პიცა რუსტიკა ანუ სააღდგომო პიცა

Approved by Mary Poppins


ამერიკაში ემიგრირებული იტალიელები ყოველ აღდგომას საგანგებო ღვეზელსს, ანუ დახურულ პიცას - „რუსტიკას“ აცხობენ, რომელიც ძალიან, ძალიან გემრიელია და სულ არ გავს ჩვენთვის კარგად ნაცნობ პიცას. ამ უგემრიელეს სააღდგომო ღვეზელს იტალიის სხვადასხვა რეგიონებში „Torta Pasqualina“, „Pizza Rustica“,  „Pizza Chiena“-ს ან  „Tortano“-ს ეძახიან და ლორის, ძეხვი სალიამის, წიწაკის, ყველი პეკორინოსა და მაგრად მოხარშული კვერცხის გულსართით ამზადებენ. „რუსტიკას“ გასინჯვა თბილისშიც შეიძლება პიცერია „ფანტასტიკოსში“, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ორიგინალთან მაინცდამაინც დიდი მსგავსებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა გემრიელი ნამდვილადაა.
დღეს ცნობილი ამერიკული საკონდიტროს „Carlo’s Bakery“-ს მფლობელი ბადი ვალასტროს (Buddy Valastro) საოჯახო საფირემო რეცეპტის ადაპტირებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ:

პიცა რუსტიკა
(მომზადების დრო: 2 ½ საათი და კიდევ ცოტა ხანი სანამ შეგრილდება)
ცომისათვის: 6 ჭ ფქვილი და კიდევ ცოტა მეტი ყოველი შემთხვევისთვის, ¼ ჩ/კ მარილი, 450 გრ კარგად ჩაცივებული და დიდ ნაჭრებად დაჭრილი მარილიანი კარაქი, 5 დიდი ზომის კვერცხი (ათქვეფილი)
გულსართისათვის: 350 გრ ლორი პროშუტო 3,5 სმ-ის კუბიკებად დაჭრილი, 225 გრ მოხარშული ლორი 3,5 სმ-ის კუბიკებად დაჭრილი, 225 გრ ძეხვი პეპერონი 3,5 სმ-ის კუბიკებად დაჭრილი, 225 გრ ძეხვი „სოპრესატა“ 3,5 სმ-ის კუბიკებად დაჭრილი, 225 გრ ყველი მოცარელა 3,5 სმ-ის კუბიკებად დაჭრილი, 225 გრ ყველი პროვოლონე 3,5 სმ-ის კუბიკებად დაჭრილი, 900 გრ ყველი რიკოტა, 100 გრ გახეხილი ყველი პეკორინო რომანო, 10 დიდი ზომის კვერცხი (ათქვეფილი), 1 ჩ/კ წიწაკა, 1 დიდი კვერცხი (ათქვეფილი) ცომზე გადასასმელად

ცომისათვის: დიდი ზომის ჯამში ერთმანეთში ავურიოთ 6 ჭ ფქვილი და მარილი. ორი დანის ან დიდი ჩანგლის დახმარებით ჩაცივებული კარაქი ცომში რაც შეიძლება წვრილად ჩავაჭრათ და მანამდე ვჩეხოთ, სანამ ქადის გულის მსგავს მასას არ მივიღებთ. ჩავუმატოთ ათქვეფილი კვერცხები და დაახლოებით 1 წუთი ვზილოთ. დავუმატოთ 1 ¼ ძალიან ცივი წყალი ცოტ-ცოტაობით და ვზილოთ სანამ ერთგვაროვან ცომს არ მივიღებთ. მერე ცომის გუნდა ჯამიდან ამოვიღოთ და ფქვილმოყრილ დაფაზე ვზილოთ და ვაგორაოთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. გავახვიოთ ცელოფანში და 30 წუთით გვერდზე გადავდოთ.
გულსართისათვის ძეხვეული, ყველეული, წიწაკა და 10 ათქვეფილი კვერცხი დიდ ჯამში ერთმანეთში ავურიოთ.
ღუმელი 180°C-მდე გავახუროთ. ცომი ორ არათანაბარ ნაწილად გავყოთ, 2/3 წილი ფსკერისათვის და 1/3 თავზე გადასაფარებლად. ცომის უფრო დიდი ნაწილი ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ და 25სმX40სმ-ზე ოთკუთხედ საცხობ ფორმაში ამოვაფინოთ, ისე რომ ცომის ბოლოები კიდეებზე ცოტათი გადმოეფინოს. ჩავყაროთ გულსართი და ფრთხილად დავტკეპნოთ. ცომის გადმოფენილი კიდეები წყალში დასველებული თითით დავასველოთ. დარჩენილი ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე გავაბრტყელოთ და ზემოდან გადავაფაროთ. ღვეზელს კიდეები კარგად შემოვუკეცოთ. ღვეზელის ზედაპირი ჩანგლით რამდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ. ღუმელში შევდგათ და 45 წუთის შემდეგ გამოვიღოთ, თავზე ათქვეფილი კვერცხი გადავაუსვათ და კიდევ 45 წუთი ვაცხოთ.
რუსტიკას ცხლად არ ჭამენ, სანამ მიირთმევთ, ბოლომდე გააგრილეთ.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი


1 კომენტარი.:

  1. gvantsa ia

    უუუღრმესი მადლობა :)) რამდენი ხანია ამას ვეძებ, ბადის ყველა გადაცემა ვნახე, მაგრამ ასე დაწვრილებით რეცეპტი მაინც ვერ მივიღე :)))

Post a Comment