გურული კაცის ნაამბობი: მობილური

Approved by Natia Jinjolava


ამას წინათ, თქვენს ბმლოგზე საინტერესო სტატია წავიკითხე,  ბანკებს და ზოგადად პროფესიონალიზმს რომ ეხებოდა. მეც მოგიყვებით ჩემს პატარა ისტორიას და თუკი თემატიკა და ფორმატი მისაღები იქნება, შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ (სტილისტური თუ სხვა აუცილებელი კორექტირების უფლებით, რათქმაუნდა). „ელიტელექტრონიკსსა“ და „თიბისი“ ბანკთან ჩემი ორდღიანი ურთიერთობის შესახებ მინდა მოგიყვეთ. ასეთ შემთხვევას ჰქვია წორედ - „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“-ო.
მოკლედ, ახალ სამსახურში პირველივე ხელფასის მომლოდინემ, დასარიგებელი ვალების კლანჭებს გამოვსტყუე მცირეოდენი თანხა და კაი ხნის განმავლობაში უღიმღამოდ მიმდინარე ცხოვრების ცოტაოდენი გახალისება გადავწყვიტე, არც თუ ისე ძვირბიუჯეტიანი მობილურის შეძენით. ეს ჩემი მონდომება იმითი დაიწყო, რომ ჩვეულებრივ მივედი ხსენებული კომპანიის ერთ-ერთ მაღაზიაში, შევათვალიერე ჩემთვის საურველი მოდელი და დავინტერესდი, ვიტრინაში გამოფენილისგან განსხვავებით, გააჩნდათ თუ არა შავი ფერის კორპუსის მქონე ეგზემპლიარი. გამყიდველ-კონსულტანტმა თავაზიანად შემომთავაზა დახმარება, მონაცემთა ბაზაშიც სწრაფად გაარკვია პროდუქტის არსებობა და ამობეჭდილი ინვოისით, ასევე თამამად მიმაცილა  ბანკის ოპერატორთან. ამ უკანასკნელმა, ასევე თავაზიანი ღიმილით, გამაცნო განვადების პირობები და პარალელურად, უამრავი საბანკო პროდუქტის შემოთავაზებაც მოასწრო. შემდეგ კი, ძალიან ჭკვიანი და ოდნავ დასერიოზულებული იერით, დაიწყო ჩემი გამოკითხვა ოჯახური მდგომარეობის, ოჯახის წევრთა შემოსავლების, სამსახურის ადგილის და განვლილი სამუშაო გამოცდილების შესახებ. იმითაც კი დაინტერესდა, თუ რა ტიპის (კერძო თუ კორპუსის) იყო სიდედრის კუთვნილი სახლი, რომელშიც მე ვცხოვრობ. აღარაფერს ვამბობ, კუთვნილი ავტომანქანის მოდელსა და გამართულობაზე, რასაც, ასევე, ჭკვიანური გამომეტყველებით მეკითხებოდა. რომ არა, ბანკის ოპერატორის საგრძნობლად ახალგაზრდა ასაკი, ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ რომელიმე სპეც. სტრუქტურაში იყო ნამუშევარი.
ნუ, ყველაფერი ეს მოთმინებით გადავიტანე და დაველოდე სათაო ბანკის პასუხს ჩემს განცხადებასთან დაკავშირებით. სათაო ოფისს დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდა იმისთვის, რომ ოპერატორისთვის დაევალებინა ჩემთვის სახელფაო ცნობის მოთხოვნა. ცოტა შეწინააღმდეგებაც ვცადე, რადგან სახელფასო ცნობის მიტანა იმავე ბანკში, სადაც ხელფასი მერიცხება, ცოტა აბსურდულად მომეჩვენა, თუმცა ვერაფერს გავხდი და დიდად კმაყოფილი დავრჩი იმითაც, რომ ცნობის არა ორიგინალის, არამედ ელ.ფოსტით გამოგზავნილი ასლის წარდგენა-მიღებაზეც დავითანხმე.
ამასობაში პირველმა დღემაც განვლო და უ(ახალ)ტელეფონოდ წავბუნძულდი სახლში. მეორე დილით, ოპერატიულად მივიღე სახელფასო ცნობა და სიხარულით გავექანე მაღაზიაში, მაგრამ წინ თურმე სიურპრიზების მთელი კასკადი მელოდა.. .. პირველი სიურპრიზი ის გახლდათ, რომ იმავე მაღაზიაში, იმავე ბანკის წარმომადგენლის იმავე მაგიდასთან სხვა ოპერატორი დამხვდა, რომელმაც ასევე ფართო ღიმილით დამშვენებული სახით მაცნობა, რომ „გუშინ აქ სხვა ოპერატორი მუშაობდა და არაფერი იცის ჩემი განცხადების შესახებ“. ჩემს მორიდებულ შეთავაზებაზე - ჩაეხედა თავის ბაზაში და იქნებ რამე გაერკვია, მისი პასუხი უკვე სიმკაცრეშერეული ტონით დამძიმდა: „იცით, განაცხადი სხვამ მიიღო და მის კლიენტებს მე ვერ მოვემსახურები“. ამას ცოტახნიანი პაუზა მოყვა, რადგანაც მიუხედავად ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებისა, მაინც დრო დამჭირდა მომხდარის გასააზრებლად. საბანკო პროცედურებისა და მომახურების ხარისხის შესახებ მცირეოდენი და უშედეგო საუბრის შემდეგ, ამჯერადაც კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ გავარკვიე წინა დღეს მომუშავე ოპერატორის ახლანდელი ადგილსამყოფელი და მადლობა შევწირე განგებას იმისთვის, რომ მისი დისლოკაციის ადგილზე მისავლელად მხოლოდ ერთი „მარშუტკა“ დამჭირდა. დაახლოებით ნახევარ საათში მივაკვლიე ჩემს მშველელს და სახელფასო ცნობის გადაცემის შემდეგ, ასევე ნახევარი საათი ვტკბებოდი მისი სახის გამომეტყველებით. ის კი მკაცრად ცდილობდა დაეცვა სამსახურებრივი ინსტრუქცია და მთელი ნახევარი საათი ვაჟკაცირად ინარჩუნებდა სახეზე სტანდარტულ ღიმილს, უფრო სწორად - მიმიკის მამოძრავებელი კუნთების რაღაც გაურკვეველ კომბინაციას.
მოკლედ, როგორც იქნა გამიფორმა ხელშეკრულება და მეც გახარებული დავბრუნდი მაღაზიაში. აქ კი სიურპრიზების უფრო დიდი ტალღა დამხვდა, რომლისაც თავისუფლად შეშურდებოდა ამერიკულ კატრინს თუ ნებისმიერ სხვა ქარიშხალს. ჯერ იყო და მაღაზიის ოპერატორმა ბანკის წერილობითი განცხადების ფორმა დამიწუნა - სხვანაირ ფურცელზე უნდა იყოს გამოწერილიო, თუმცა იგივე რეკვიზიტებით იყო შევსებული. „სხვის საქმეში ცხვირის არჩამყოფი“ ბანკის ადგილობრივი ოპერატორის დახმარებით ეს საკითხი დადებითად გადავწყვიტე, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ჩემი საოცნებო ტელეფონი მაღაზიაში რატომღაც არ ჰქონიათ. 
დიდის ამბით ავაფრიალე წინა დღეს გამოწერილი ინვოისი, რომელშიც ყველა ცნობილი მეთოდით (კურსივი, გამუქება, შრიფტის ზომა და ა.შ.), თვალსაჩინოდ იყო გამოკვეთილი შეკვეთილი ტელეფონის ე.წ. "იმეი" კოდი. მაგრამ, ნურას უკაცრავად, ასეთი ნომრის მქონე (და არც სხვა) აპარატი არც არსებულ მარაგში აღმოჩნდა და არც გაყიდული ტელეფონების სიაში. 
შემდგომი დიალოგის დეტალებზე აღარ დავკონკრეტდები. ბოლოს, ისევ მე მომიწია ბოდიშის მოხდა იმის გამო, არომ არ დავიმახსოვრე ინვოისის გამცემი კონსულტანტის სახელი-გვარი და სხვა დემოგრაფიული მონაცემები და არ გადავამოწმე მის მიერ ამობეჭდილი დოკუმენტის სისწორე. თუმცა, შემდეგ მისი ვინაობაც გავიგე და ისიც, რომ იმ დღეს ეროვნულ გამოცდებზე იყო და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდებოდა. დაუსწრებლად მაინც წარმატება ვუსურვე და უკვე გამოცდაჩაბარებულ და ადგილზე მყოფ მენეჯერს მივუბრუნდი, რომელმაც ბოდიში მომიხადა და საღამოს შვიდი საათითვის მთხოვა მისვლა, თან პიონერული ფიციც დადო, რომ ჩემს ტელეფონს დამახვედრებდა.

საღამოს შვიდ საათამდე დრო უსარულოდ გაიწელა, მაგრამ მოთმინების დიდი უნარის შემწეობით, ისევ მივლასლასდი მაღაზიაში. ამჯერად კონსულტანტისა და მისი მენეჯერის ურთიერთმზერას წავაწყდი, რომლებიც უაზრო გამომეტყველებით ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ტელეფონის ამბავი თუ გაირკვაო (თუმცა, მათ გარდა სხვას ვის უნდა გაერკვია, არ ვიცი). ახლა კი აივსო, აფეთქდა და ღვარცოფად გადმოვიდა ჩემი მოთმინების ფიალა, კასრი თუ რეზერვუარი. საკმაოდ მკაცრად და მოირიდებლად, ერთად შევყარე გამყიდველიც და ორი თუ სამი აღმავალი რანგის მისი ხელმძღვანელი და უსიტყვოდ დაველოდე მათგან რაიმე გონივრულ განმარტებას, მაგრამ უშედეგოდ. ეს მოლოდინი 2-3 წუთს რომ გადასცილდა, პრეტენზიულად განვაცხადე, რომ ტელეფონის მოტანამდე არსად წასვლას არ ვაპირებდი. შემდეგ საკუთარი მოთმინების ხარისხში ეჭვი შემეპარა და სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, ცოტა იუმორის მოშველიება გადავწყვიტე. ამიტომაც, იქვე მდგარ ერთ-ერთ მუშაკს (რომელიც კონფლიქტის მონაწილე არ იყო და უბრალო ინტერესით აკვირდებოდა მოვლენებს) ასევე მკაცრი ხმით დავავალე.. .. ყავის მოტანა. ჩემდა გასაკვირად, ისიც მაშინვე სადღავ გაეშურა საქმიანად. ამან ცოტა, მაგრამ იმ დოზით კი გამახალისა, რომ ინფარქტის საშიშროება აღარ მემუქრებოდა. ისევ მე შემეცოდა და უკან მოვაბრუნე. 
მაგრამ იცოცხლე, ატყდა რეკვები, საწყობის გამგის ძებნა და გამიშვი-დამაკავე. არ ველოდი, მაგრამ დაახლოებით 10 წუთში კურიერი შემოფრინდა მაღაზიაში და ტელეფონიც მოიტანა. მაშივე ვეტაკე და არავინ გავაკარე ჩემს ნანატრ, ლამის ოცნებად გადაქცეულ მობილურს. თავად შევამოწმე მისი გამართულობა და კომპლექტაციაც და საბოლოოდ, ორივე ხელჩაბღუჯული გამოვიტანე მაღაზიიდან. ცხოვრების გახალისებაზე რაღა ვთქვა, თუმცა მას შემდეგ 5 დღეა, ისე ვეფერები და ველოლიავები ჩემს შავ, მაგრამ საყვარელ მობილურს, რომ ცოლ-შვილიც კი შურით სკდება ალბათ.
ჰოდა, რიტორიკული კითხვაც თავისთავად ჩნდება - რა ვქნათ, ვიტიროთ თუ ვიცინოთ.. ..

საუკეთესო სურვილებით, პანტერაფობიასთან მებრძოლი

1 კომენტარი.:

  1. Natia Jinjolava

    С дебютом! გაგრძელებას ველოდები!

Post a Comment