შინაური „Baileys“

Approved by Natia Jinjolava


„ბეილისი“ ჩემნაირად გიყვართ? და, თქვენც შეამჩნიეთ, რომ რაც არ უნდა დიდი ბოთლი იყოს, მაინც ძალიან მალე თავდება? მაშინ, მისი სახლში დამზადებაც არ დაგეზარებათ. მართალია, მთლად ქარხნულივით არაა, მაგრამ ძალიან გავს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ძალიან გემრიელია.



Baileys
1 ჭ წყალი, 2 ს/კ მუხის ქერქი (იყიდება აფთიაქებში), ½ ლ ირლანდიური ვისკი, 1 ქ შესქელებული რძე, 8 კვერცხის გული
მუხის ქერქს დავასხათ წყალი და ცხელი წყლი აბაზანაზე შემოვდგათ და ვადუღოთ 45 წუთი. ყურადღება! მუხის ქერქს წყლის აბაზანაზე თუ არ შემოვდგამთ, 1 ჭ წყალი პირდაპირ ცეცხლზე დუღილს 45 წყთი ვერ გაქაჩავს, ამოორთქლდება და დაიწვება! გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ. კვერცხის გულები, მუხის ქერქის გადაწურული ნახარში, ვისკი და შესქელებული რძე გადავურიოთ ერთმანეთში და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ. თქვეფისას ქაფს თუ გაიკეთებს, მოვხადოთ. ჩავასხათ ბოთლებში, 2 დღე თუ არა, 2 საათი მაინც გავაჩეროთ და დავლიოთ.
ვისაც „ბეილისი“ ყავის არომატით გიყვართ, დანარჩენ ინგრედიენტებს თქვეფისას 2 ს/კ ძალიან კარგი ხარისხის ხსნადი ყავა დაუმატეთ. კარამელიანისთვის კი კარგი კარამელის მოდუღება და მისი დამატება მოგიწევთ - ძირითადი რეცეპტი ერთია.

ახლა კიდევ ერთი „წაბეილისო“ ლიქიორი ვისკით და ნაღებით:

ვისკის და ნაღების ლიქიორი
250 გრ ლერწმის შაქარი, 750 მლ ნაღები, 4 ვანილის ჩხირი ან 4 პაკეტი ვანილის შაქარი, 500 მლ ვისკი
საშუალო ცეცხლზე სქელძირიან ქვაბში ჩავყაროთ შაქარი და დავუმატოთ ნაღები. ვანილის ჩხირები ვაფატროთ შუაზე, გამოვფხიკოთ თესლი და ქერქიანად ჩავყაროთ ნაღებში, ან ჩავყაროთ ვანილის შაქარი. ვურიოთ სანამ შაქარი არ გადნება ბოლომდე და მერე გადმოვდგათ ცეცხლიდან. გავაგრილოთ და გადავწუროთ ხშირ საცერზე. ხელის სათქვეფით ჩავათქვიფოთ ვისკი. გავანაწილოთ ბოთლებში და თავსახური დავაფაროთ მჭიდროდ. ინახება 3 კვირა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment