მასკარპონეს სემიფრედო ძალიან საშობაო განწყობისთვის

Approved by Natia Jinjolava


მასკარპონეს სემიფრედო ველერი გორდონის რეცეპტით
3 ჭ ცხიმიანი ნაღები, 2 ჩ/კ ჟელატინის ფხვნილი, ყინულივით ცივი წყალი, 12 კვერცხის გული ოთახის ტემპერატურის, 1 2/3 ჭ შაქარი, 1 ½ ს/კ ვანილის ექსტრაქტი, 400 გრ ყველი მასკარპონე, ½ ჭ ბრენდი; მოსართავად სიროპში მოხარშული ზამთრის ხილი
პატარა, სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ 1 ჭ ნაღები და ჟელატინი და დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ და ვურიოთ სანამ ჟელატინი არ გადნება. გადავდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ. დიდ ჯამში ჩავასხათ ყინულივით ცივი (ან ყინულებჩაყრილი) წყალი. საშუალო ზომის ჯამში ავთქვიფოთ კვერცხის გულები და 1 ჭ შაქარი ვანილის ექსტაქტთან ერთად. კვერცხის გულებიანი ჯამი ცეცხლზე დადგმულ მდუღარე წყლიან ქვაბზე შემოვდგათ (ჯამის ფსკერი მდუღარე წყალს არ უნდა ეხებოდეს) და გავაგრძელოთ თქვეფა დაახლოებით 10 წუთი, მივაქციოთ ყურადღბა, რომ კვერცხის გული არ აგვიდუღდეს და არ მოგვეხარშოს. მზა კრემში თითის წვერს რომ ჩავყოფთ, კრემი ცხელი უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა გვწვავდეს. ჯამი ცეცხლიდან გადმოვდგათ, ყინულებიან წყალში ჩავდგათ და ვთქვიფოთ სანამ არ გაგრილდება. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ დარჩენილი 2 ჭ ნაღები, მასკარპონე და შაქრის დარჩენილი 2/3. წვრილ ნაკადად ჩავათქვიფოთ ჟელატინიანი ნაღებიც. მიქსერი გამოვრთოთ და ათქვეფილ კვერცხში პორცია-პორციად გადავურიოთ ათქვეფილი და გაგრილებული კვერცხის გულის კრემი და ბრენდი. ჩვენი კრემი 10 ჭიქის მოცულობის სილიკონის ფორმაში ჩავასხათ, რაც შეიძლება მჭიდროდ გადაცაკრათ ცელოფანი, ისე რომ ცელოფანი კრემის ზედაპირს ეხებოდეს და 24 საათით შევდგათ საყინულეში. 
ჭამის წინ გამოვიღოთ საყინულედან, გადმოვაყირაოთ ლანგარზე და ფრთხილად ავაცალოთ ფორმა. მოვრთოთ სიროპში მოხარშული ზამთრის ხილით.
სილიკონის ფორმა თუ არ გაქვთ, ნებიმისმიერ ფიგურულ ფორმაში ჩაასხით, გადმოყირავების წინ კი ფორმა სულ 5-10 წამით ჩადგით ცხელ წყალში და სემიფრედო ეგრევე გადმოსრიალდება. 

სიროპში მოხარშული ზამთრის ხილი
2 ჭ მშრალი წითელი ღვინო, 1 ჭ პორტვეინი, 1 ½ ჭ წყალი, ¾ ჭ შაქარი, 1 ვანილის ჩხირი სიგრძეზე გაფატრული, 20 მარცვალი პილპილი მარლაში გამოკრული, 1 დარიჩინის ჩხირი, 3 კომში, გათლილი, კურკებგაცლილი და 8 ნაჭრად გაჭრილი, 4 ნაჭერი დაკარამელებული ფორთოხალი და ¼ ჭ დაკარამელებული ფორთოხლის კანი, 8 ცალი მსხლის ჩირი შუაზე გაჭრილი, 10 ცალი ლეღვის ჩირი, ½ ჭ კურაგა, ½ ჭ ქლიავის ჩირი
დიდი ზომის სქელძირიან ქვაბში წამოვადუღოთ ღვინო და პორტვეინი. დავუმატოთ შაქარი, წყალი, ვანილი, დარიჩინი, პილპილი და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. მერე დავუმატოთ კომში და დაკარამელებული ფორთოხალი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 45 წუთი, სანამ კომში არ დარბილდება. მერე დავამატოთ დარჩენილი ჩირებიც და ვადუღოთ სანამ ხილი არ დარბილდება - დაახლოებით 15 წუთი. ამოვიღოთ დარიჩინი, ვანილი და პილპილი, ხილი კი გავაგრილოთ. იჭმევა ცხლადაც და ცივადაც.

საუკეთესო სურვილებით, თქვები მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment