14.12.12
მზე, ზღვა, ახალი წელი და კუბა
Approved by
თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ახალი წელი პირდაპირ ასოცირდება
თოვლთან, მწვანე ნაძვის ხესთან, ბუხართან და ჰაერში დატრიალებულ საახალწლო სუფრის არომატებთან და
იმის შეგრძნებასთან, რომ გარეთ ზამთრის სუსხია და შენ კი თბილ, გაჩახჩახებულ და საზეიმოდ
მორთულ ოთახში საყვარელ ადამიანებთან ერთად ფუსფუსებ. ამიტომ, ახალი წლის სახლს გარეთ
შეხვედრაზე როცა ვფიქრობ, ჩემი წარმოსახვა დათოვლილი წიწვიანი ტყის, შიგნიდან კარგად
გაღუღუნებული ხის კოტეჯის და ჭიქა სურნელოვანი გლინტვეინის იქით ვერ მიდის და იქვე
მებადება კითვა, როგორია ახალი წელი სიცხეში ან შემიქმნის თუ არა ასეთივე თბილ განწყობას
გირლიანდებით მორთული ბანანის პალმა ბრაზილიაში? არა, გართობით კი გავერთობი, ამაში
ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ჩემი ტვინი კატეგორიულ უარს აცხადებს, ბრაზილიური საახალწლო
კარნავალის საახალწლო მოვლენად აღქმაზე. აბა, წარმოიდგინეთ მინი-ბიკინიში გამოწყობილი
მდედრობითი სქესის შოკოლადისფერი სანტა-კლაუსი როგორ ცეკვავს სამბას სტილზე გადაკეთებულ "კოკა-კოლის" რეკლამის მელოდიაზე.
საკუთარი ტენდენციურობის დასამარცხებლად ინტერნეტში შეძრომა
და ცხელი ქვეყნების საახალწლო ტრადიციების გადაქექვა განვიზარახე და ძიება-ძიებაში კუბას მივადექი. კუნძულს, სადაც წლიური
საშუალო ტემპერატურა +26°C-ია და ზღვაში წყლის ტემპერატურა კი +24°-26°C-ზე ქვევით პრაქტიკულად
არ ეცემა.
კუბური ახალი წელი შუაგულ ზამთარის სეზონზე უწევს და
საკარნავალო მსვლელობების, ხმაურიანი მხიარეულებისა და ფეიერვერკეის ფონზე მიმდინარეობს.
საკმაოდ ფერადოვანი და ლამაზი დღეასწაულის მთავარი ატრიბუტი კუბაზეც ჩვენი არ იყოს,
საახალწლოდ მორთული ხეა, ოღონდ კუბელები ნაძვის ნაცვლად კუბურ წიწვოვან ხეს - არაუკარიას
რთავენ. ეს პატარა, ოთახის დეკორატიული ნაძვის ხე ნატურალურს გარეგნულადაც და წიწვებითაც
წააგავს და საკმაოდ კარგად ცვლის თავის გიგანტურ თანამოძმეს. თუმცა, კუბაზე სათამაშოებით მორთულ კაქტუსებს და
პალმებსაც ბევრგან ნახავთ. კუბელი ბავშვები კი თავის საახალწლო სურვილებით სავსე წერილებს
სანტა კლაუსის ნაცვლად სამ კეთილ ჯადოქარს - გასპარს, ბალთაზარსა და მელქიორს უგზავნიან (გეცნოთ ხომ მოგვები?).
არაუკარია |
ახალი წელის კუბის ერთ-ერთი უმთავრესი სახალხო დღესასწაულია, მით
უმეტეს, რომ შობის აღნიშვნა მხოლოდ 1998 წლიდან დაიწყეს (მანამდე აკრძალული იყო) და
ამ კუნძულზე ქრისტიანობაც არ სარგებლობს მაინცდამაინც დიდი პოპულარულობით. 31 დეკემბერს,
უძველესი ტრადიციის თანახმად, კუბელები სახლში ყველა ჭურჭელს - ბოთლებს, ვაზებს, ჯამებს
და ტაშტებს ზღვის წყლით ავებენ და საათის ისარი 12-ზე მივა თუ არა, ამ წყალს ფანჯრებიდან
ასხამენ. რაც იმას ნიშნავს, რომ მიმავალ ახალ წელს წყალივით სუფთა და გამჭვირვალე გზას
უსურვებენ. ამ ნათელი ტრადიციის წყალობით ქუჩაში გამვლელი და უმოწყალოდ გაწუწული კუბელები
დიდად არ დარდობენ, დეკემბერში ხომ კუბაზე მინიმუმ 30°C სითბოა.
გარდა ამისა, კუბაზე კიდევ ერთი ტრადიციაც არსებობს:
საათის თორმეტ ჩამოკვრასთან ერთად ყურძნის 12 მარცვალი უნდა ჭამოთ და 12 თვეზე 12 სურვილი ჩაიფიქროთ. რაც ადვილი საქმე სულაც არ
გეგონოთ, სურვილები წინასწარ თუ არ ჩამოწერეთ და რეპეტიცია საგულდაგულოდ არ გაიარეთ,
არაფერი გამოგივათ. სახვათა შორის, ზოგიერთი ცნობის თანახმად, ახალ წელს კუბის მთავარი
საათი 12-ის ნაცვლად 11-ჯერ რეკავს. მეთორმეტე დარტყმა სწორედ ახალ წელსე უწევს და
საათს თურმე დასვენების და ახალი წლის მშვიდად შეხვედრის საშუალებას აძლევენ.
კუბურ ახალ წელს, ჩვენი არ იყოს, ტრადიციული სადღესაწაულო
კერძებიც ამშვენებს და რასაკვირველია, სახელგანთმული რომის გარეშეც არაფერი გამოვა.
ოღონდ, ახალ წელს, სუფთა რომის ნაცვლად ფორთოხლის წვენით და ძალიან ბევრი ყინულით გაზავებულს ეტანებიან.
ახლა ორიოდე კუბური საახალწლო რეცეპტი, იქით თუ ვერ
წავალთ, ჩვენს სუფრასთან მოვიტანოთ იქაური განწყობა.
ინდაურის
სალათი კუბურად
200 გრ ინდაურის მოხარშული ფილე, 1 მსხვილი ფორთოხალი,
1 ვაშლი, 1-2 ს/კ არაჟანი ან ნაღები, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი, მარილი, წვრილად დაჭრილი
კამა და ოხრახუში და ცხარე აჯიკა
ინდაურის ფილე დავჭრათ სიგრძეზე ან კუბიკებად. გავთალოთ და კურკები
გავაცალოთ ვაშლს, გავფცქვნათ ფორთოხალი და ორივე დავჭრათ გრძელ ნაჭრებად ან კუბიკებად.ერთი სიტყვით, როგორ დაჭრით ნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ხილსაც და ინდაურსაც ერთნაირი ფორმა ქონდეს. არაჟანში გადავურიოთ
აჯიკა, მწვანილი, ლიმონის წვენი და მარილი. შესუნელებულ არაჟანში ჩავყაროთ ინდაურის
ხორცი, ვაშლი და ფორთოხალი და კარგად ამოვგანგლოთ. გამზადებული სალათა დავახვავით პატარა
ფიალაზე და მოვრთოთ ფორთოხლის ნაჭრებით და კამის ტოტებით.
წიწილა
კუბურად
2 წიწილა, 4 კბილი ნიორი, 1 თავი ხახვი, 200 მლ ქათმის
ბულიონი, 80 გრ ერბო, 1 ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი და მწვანილი გემოვნებით
წიწილები გავრეცხოთ, შევამშრალოთ და დავჭრათ ნაჭრებად.
მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ტაფაზე გავაცხელოთ ერბო და მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი
ხახვი, ჩავალაგოთ წიწილის ნაჭრები და ტაფა შევდგათ ღუმელში სანამ წიწილის ხორცი სანახევროდ
არ გამზადდება. მერე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ლიმონის წვენი, ბულიონი, დავაფაროთ
თავსახური და უკვე გაზქურაზე მივიყვანოთ ბოლომდე. ჭამის წინ წიწილი ნაჭრები ლანგარზე
გადმოვალაგოთ და ზევიდან მისივე ნახრში სოუსი მოვასხათ. ძალიან უხდება მოხარშული ბრინჯი
ან ლობიო.
კუბელები გამორჩეულად
სტუმართმოყვარეები არიან და გაითვალისწინეთ, რომ მიპატიჟებაზე უარის თქმა შეურაცხყოფად
ითვლება. კლასიკური კუბური ახალი წელი კი - ტროპიკული მზე, ფირუზისფერი ზღვა, თეთრი პლიაჟები, მარჯნის რიფები
და ცეცხლოვანი ლათინოამერიკული ცეკვებია.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment