2.12.12
National Jandal Day - რატომ არ გვაქვს ქართველებს წაღების ან თუნდაც ჩოხა-ახალუხის დღე?
Approved by
დღეს ახალ ზელანდიაში რეზინის სანდლების ანუ ჩვენებურად,
შლოპანცების ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავენ. იკითხავთ, ამ შუაგულ ზამთარში ან რა გვეშლოპანცება,
ან რა განსაკუთრებული თარიღი ეგ არისო. აბა, გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, ასეთი
უჩვეულო თარიღისთვის გვერდი როგირ უნდა ამეარა? რამდენად დალხენილი და უპრობლემოა ერი,
რომ მისი მთავრობა და ხალხი მსგავსი „შინაარსის“ დღეასწაულს აწესებს? ჩვენ ლამის ერთადერთი
სამოქალაქო ზეიმი თბილისობა გვაქვს და დიდი ენთუზიაზმი ამ დღის მიმართ ჩემს თანაქალაქელებში
უკვე წლებია არ შემინიშნავს. აღარ ვლაპარაკობ სახალხო სეირნობებსა და მასობრივ გართობაზე.
ახალ ზელანდიაში კი, სადაც 4 მილიონზე ცოტა მეტ მოსახლეს
შინ მინიმუმ ერთი წყვილი შლოპანცი მაინც აქვს ამ დღეს საყოველთაო მხიარულებაში ატარებენ.
ისინი ხომ სახლშიც, ზღვის სანაპიროზეც, ქუჩაშიც, სტუმრადაც და ხშირად სამსახურშიც კი
ამ ტანგა ჩუსტებით დაიარებიან. მაგრამ, მათი ეროვნული სიამაყის მთავარი მიზეი მაინც
სხვაგანაა დამარხული. საქმე იმაშია, რომ დღეისთვის ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი და
აქამდე ჩემი ღრმა რწმენით ჩინურ-ვიეტნამური წარმოშობის მქონე ფეხსაცმელი თურმე ახალზელანდიელ ბიზნესმენს, მორის თუ მაურის იოკს გამოუგონია იაპონიაში მოგზაურობისა და
იქაური ეროვნული ხისძირიანი სანდლების ხილვის შემდეგ. სამშობლოში დაბრუნებულმა მოგზაურმა,
თავის იდეას ხორცი დაუყოვნებლივ შეასხა: დიზაინი შეიმუშავა, რეზინი ჰონკონგიდან ჩამოიტანა,
საკუთარ გარაჟში გამოჭრა, სანდალის ნაცვლად ჯანდალი ანუ იაპონური სანდალი (Japanese
Sandal) უწოდა და 1957 წელს შვილთან ერთად მის მასიურ წარმოებასაც ჩაუყარა საფუძველი.
და, მას შემდეგ, მსოფლიოს საკმაოდ დიდი ნაწილი მინიმუმ საკუთარ აბაზანაში მაინც დააბიჯებს
ჯანდალებში.
ასე რომ, ყოველი წლის დეკემბრის დასაწყისში, ახალზელანდიელები ამაყად ფეხის თითებგაფარჩხული სკოლებში და სამსახურებში შლოპანცებით მიდიან, ქვეყნის სანაპირო დაცვისთვის, როგორც შლოპანცების პროფესიონალური
მიზნისთვის ერთადერთი მომხმარებლებისთვის, შემოწირულობებს აგროვებენ, მიირთმევენ მარციპანის
შლოპანცებით მორთულ ნამცხვრებს და გულიანად ერთობიან საგანგებოდ ამ დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა კონკურსებსა თუ
ატრაქციონებზე.
სხვათა შორის, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ სანაპიროზე
23 წლიანი დაკვირვების შედეგად უტყუარადაა დადგენილი, რომ ზღვისგან გამორიყული დაკარგული
შლოპანცების მკვეთრი უმეტესობა მარცხენა ფეხისაა. კიდევ არ გჯერათ, რომ ბედნიერი ერია?
ნაპირზე ნაპოვნი ჩუტების სტატისტიკა აქვთ! ამისთვის ცალიათ! ამ გასაოცარ ფენომენს კი
მეცნიერები იმითი ხსნიან, რომ მეთევზეთა უმეტესობა ნავის ზღვაში შეცურებისა მარჯვენა
ფეხით ნავში დგებიან, მარცხენათი კი წყალში რჩებიან და ისე აწვებიან და წორედ ამ დროს ძვრებათ ფეხსაცმელი...
ახლა იცით რაზე ვფიქრობ? ნუთუ, არაფერი საამაყო არ გვაქვს
ქართველებს? ან ჩოხა, ან ჩიხტიკოპი, ან თუნდაც ხაშლამა? ერთადერთი, რომელიღაც გურული
ოჯახი ავლებს ხოლმე თურმე ყოველწლიურად გიგანტურ ჩურჩხელას ჩვენი პატრიარქისთვის და
ისიც რუსული საიტიდან გავიგე. „პახმელიის“ დღე მაინც როგორ არ უნდა გქვონდეს?
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment