Steak Diane - სტეიკი მონადირულად

Approved by Natia Jinjolava


ამ მეტად გემრიელ და ინგლისში საკმაოდ პოპულარულ სტეიკს „დიანა“ ნადირობის ქალღმერთის საპატივცემულოდ ქვია და გულგრილს არცერთ ხორცისმოყვარულს არ დატოვებს. ასე რომ, დღეს მის გორდონ რამზისეულ რეცეპტს გაგიზიარებთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენებური საქონლის ხორცი, ორიოდე სპეციალიზირებულ მაღაზიაში თუ არ შეიძენთ, შესაწვავად და მით უმეტეს, სტეიკისთვის არ გამოდგება. სტეიკს საგანგებო პირობებში მინიმუმ ორი კვირის დაძველების ხორცი ჭირდება. საქონლის ახალი ხორცი შეწვის შემდეგ მაგარია და პრაქტიკულად არ იკბიჩება. ამიტომ თამამად შეგიძლიათ მისი ღორის ხორცით ჩანაცვლება. 

Steak Diane მოთუშული კარტოფილით და მწვანე ბარდით
4 პორცია
4 დაახლოებით 200 გრამიანი სტეიკის მჭლე (ქონგაცლილი) ნაჭერი, 3 პატარა თავი ხახვი, 100 გრ ტყის სოკო, 15 გრ მარილიანი კარაქი, 1 კბილი ნიორი, 1-2 ს/კ ვორჩესტერის სოუსი, 1 ს/კ დიჟონური მდოგვი, 75 მლ ბრენდი, 225 მლ ცხიმიანი ნაღები, 1 პეშვი წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი;
მოთუშული კარტოფილისთვის: 450 გრ პატარა კარტოფილები შუაზე გაჭრილი, 2 კბილი ნიორი თავისივე ტყავში, 3 ტოტი როზმარინი, 40 გრ მარილიანი კარაქი, 300 გრ მწვანე ბარდა
კარტოფილები დავმდუღროთ და მერე მარილიან მდუღარე წყალში ვხარშოთ დაახლოებით 8-10 წუთი. გადავწუროთ თუშფალანგზე და გადავდოთ გვერდზე. ცომის საბრტყელებლით გავაბრტყელოთ სტეიკის ნაჭრები და მოვაჭრათ ზედმეტი ქონი ასეთის არსებობის შემთხვევაში. ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და პილპილი. სქელძირიან დიდი ზომის ტაფაზე (ოთხივე ნაჭერი რომ დაეტიოს) დავასხათ ძალიან ცოტა ზეითუნის ზეთი და კარგად გავახუროთ. დავბრაწოთ სტეიკის ნაჭრები თითო წუთი ორივე მხრიდან. გადმოვიღოთ ტაფიდან და გადავდოთ გვერდზე. ტაფიდან ზეთის ნარჩენები გადავწუროთ.
ავიღოთ მეორე ტაფა დავასხათ ზეითუნის ზეთი და გავაცხელოთ. გაჭრილი მხარით ქვევით დავყაროთ კარტოფილი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ნიორი თავისვე ტყავში ოდნავ დავჭყლიტოთ და დავაგდოთ ტაფაზე როზმარინის ტოტებთან ერთად. კარტოფილი რომ შეოქროსფერდება, ტაფაზე დავაგდოთ დაახლოებით 30 გრ კარაქი და კიდევ 1-2 წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე.
სოუსისთვის ხორცის დანაბრაწ ტაფაზე გავაცხელოთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. დავჭრათ ხახვი და დავყაროთ ტაფაზე. ხახვი ოდნავ დარბილდება თუ არა, დავამატოთ დაჭრილი სოკო და კარაქი. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორიც, ვორჩესტერი სოუსი და მდოგვი. ვთუშოთ კიდევ 1 წუთის განმავლობაში და ავუწიოთ ცეხლს და ტაფა დავხაროთ ჩვენგან დაშორებული მხრიდან, დავასხათ ბრენდი და  დახრილი მხრიდან წავუკიდოთ ცეცხლი (ნახეთ ვიდეოზე). ოღონდ ფრთხილად, წარბები და სახე არ აიტრუსოთ! ალკოჰოლი როგორც კი დაიწვება და ცეცხლი ჩაქრება, დავუმატოთ ნაღები.  სოუსი შესქელდება თუ არა, ცეცხლ დავუწიოთ.
სტეიკის ნაჭრები დავაბრუნოთ ტაფაზე და შევწვათ ბოლომდე. დავუმატოთ ოხრახუშის ნახევარი.
მწვანე ბარდა (შესანიშნავია განაყინი) პატარა ქვაბში მოვთუშოთ დარჩენილ 10გრ კარაქთან ერთად დაახლოებით 1-2 წუთის განმავლობაში. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ჭამის წინ სტეიკის ნაჭერი გადავიტანოთ თეფშზე. სოუსი მოვასხათ ზევიდან. გვერდით დავულაგოთ შემწვარი კარტოფილი და ბარდა. ბოლოს მოვაყაროთ დარჩენილი ოხრახუში.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment