ჰუბერტ კელერის შვარცვალდის ალუბლის ტორტი

Approved by Natia Jinjolava


ამ ჩემი უსაყვარლესი ტორტის ახალი და ახალი ვერსიების ცხობა, გასინჯვა და მერე პოსტვა არასდროს მომწყინდება:

ჰუბერტ კელერის შვარცვალდის ალუბლის ტორტი
ბისკვიტისთვის: 3 ს/კ კარაქი გამდნარი და გაგრილებული, ½ ჭ ფქვილი, ¼ ჭ კაკაო, მწიკვი მარილი, 6 მსხვილი კვერცხი ოთახის ტემპერატურის, ¾ ჭ შაქრის პუდრა ან ძალიან წვრილი შაქარი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
დასანამად: ½ ჭ შაქარი, 30 მლ კირში (ალუბლის შნაპსი)
მოსართავად: 4 ჭ ცხიმიანი ნაღები, 1 ჭ შაქრის პუდრა, 2 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 2 ჭ დასპირტული ალუბალი გადაწურული, 8 ცალი ცოცხალი ალუბალი ყუნწით (საურველია), დაახლოებით 100 გრ 60%-იანი შავი შოკოლადის მთლიანი ფილა, დაახლოებით ½ ჭ წვრილად გახეხილი 60%-იანი შავი შოკოლადი, შაქრის პუდრა მოსაფრქვევად
ბისკვიტისთვის: გავახუროთ ღუმელი 175°C-მდე. 25 სმ დიამეტრის მრგვალი საცხობი ფორმა დავცხიმოთ, მოვაყარო ფქვილი და დავფერთხოთ. კაკაო, ფქვილი და მარილი ერთმანეთში გადავურიოთ. მიქსერით, ყველაზე მაღალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ კვერცხები, შაქარი და ვანილი. ვთქვიფოთ სანამ მასა ზომაში ორჯერ არ გაიზრდება და გაღიავდება, დაახლოებით 8 წუთი. მიქსერის სიჩქარეს დავუწიოთ და ნელ-ნელა ჩავათქვიფოთ ფქვილის და კაკაოს ნარევი. მიქსერი გამოვრთოთ და ცომში ჩავასხათ გამდნარი კარაქი და ფრთხილად გადავურიოთ ხის კოვზით ან ნიჩბით. ცომი ჩავასხათ საცხობ ფორმაში და შევდგათ ღუმელის შუა თაროზე 40 წუთით. მზა ბისკვიტი გამოვიღოთ ღუმელიდან და 5 წუთი ფორმაშივე გავაჩეროთ. მერე გადმოვაბრუნოთ და ბისკვიტი თავდაყირა გადმოვიტანოთ ლანგარზე (ასე ამობურცული თავი გაუსწორდება). გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
დასანამად პატარა სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ შაქარი და ½ ჭ წყალი, შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და ვადუღოთ სანამ შაქარი არ გადნება, თან ვურიოთ. დავუმატოთ კირში და გადმოვდგათ ცეცხლიდან. სიროპი გადავასხათ ჭიქაში ან ფიალაში და გადავდგათ გვერდზე.
კრემისთვის ფართო ჯამში ავთქვიფოთ ნაღები, შაქარი და ვანილი, სანამ ნაღები ფორმის შენარჩუნებას რა დაიწყებს (გაითვალისწინეთ: ნაღები ზედმეტ თქვეფას ვერ იტანს - კარაქად იქცევა. ამიტომ გამაგრდება თუ არა, თქვეფას შეეშვით). კრემი ოთხ თანაბარ პორციად გავყოთ და გვერდზე გადავდგათ.  გადაწურული და შემშრალი ალუბლებიც გავყოთ ორად. ცოცხალი ალუბლები თუ არ გვაქვს 8 ან 12 ცალი კრაჭუნა ალუბალი შევინახოთ მოსართავად.
გაგრილებული ბისკვიტი ამოვატრიალოთ (თუ გახსოვთ, თავდაყირა გავაგრილეთ), ფრთხილად ავათალოთ თავზე გაკეთებული ქერქი და გამაგრებული კიდეები. გავჭრათ სამ თანაბარ ფენად. 1 ფენა გადავიტანოთ ლანგარზე, დავნამოთ, გადავუსვათ კრემის 1/4, ზევიდან დავალაგოთ ალუბლების ნახევარი. დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ფენა, ხელით ოდნავ დავაწვეთ, დავნამოთ, წავუსვათ კრემის მეორე მეოთხედი და დარჩენილი ალუბლები მოვაყაროთ. ბოლოს, დავაფარით ბისკვიტის ბოლო ფენა, დავაწვეთ, დავნამოთ და გადავუვათ ათქვეფილი ნაღების მესამე მეოთხედი. დარჩენილი კრემის ნაწილი სქლად წავუსვათ გვერდებზე, გახეხილი შოკოლადი ჩავიყაროთ პეშვშვი და ტორტ გვერდებზე შევაყაროთ.  შოკოლადის ფილიდან ბასრი დანით ავთალოთ ბურბუშელები და დავყაროთ ტორტის ზედაპირზე. მორჩენილი კრემი მოვათავსოთ საკონდიტრო ტომსიკაში და ტომსიკის ვარსკვლავიანი თავით ტორტის კიდის გაყოლებაზე დავსვათ მსხვილი როზეტები - 8 ან 12 ცალი. როზეტებში ჩავსვათ ცოცხალი ან დასპირტული ალუბლები. შევდგათ მაცივარში მინიმუმ 4 საათით. ჭამის წინ მოვაფქრვიოთ შაქრის პუდრა.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment