4.12.12
ლიმონჩელო - კიდევ ერთი სიცილიური დელიკატესი
Approved by
მას მერე რაც ერთხელ „შევცდი“ და „შინაური ლიმონჩელო“
დავაყენე, საკმარისია შეუწამლავი და სურნელოვანი ლიმონი ჩავიგდო ხელში, რომ ამ შესანიშნავი
და უგემრიელესი იტალიური ლიქორის გარდა, ვეღარაფერზე ვფიქრობ. მით უმეტეს, რომ მის
მომზადებას მოთმინების გარდა ბევრი არაფერი ჭირდება. „ლიმონჩელოს“ ერთადერთი ნაკლი
აქვს - რამდენიც არ უნდა დააყენოთ, საკმარისი მაინც არ არის; რამხელა ბოთლითაც არ უნდა
გამოიტანოთ მაგიდასთან მაინც ბოლომდე ისმება და ვინც ერთხელ გასინჯავს, მეორედაც აუცილებლად
ითხოვს.
მაშ ასე:
Limoncello
ავარჩიოთ 5-6 ცალი საუკეთესო ლიმონი და კანი ავათალოთ
რაც შეიძლება თხლად, ისე რომ შიგნითა თეთრი ფენა საერთოდ არ აყვეს, თორემ ლიქიორი გაგვიმწარდება.
აი, ეს გახლავთ ლიმონჩელოს მომზადების ყველაზე რთული და შრომატევადი ნაწილი. ათლილი
კანი ჩავყაროთ შუშის თავსახურიან ჭურჭელში და დავასხათ 500 მლ სპირტი, თავი მჭუდროდ
დავახუროთ, შევდგათ გრილ და ბნელ ადგილას და 10-15 დღით დავივიწყოთ (განსაკუთრებით
სულწრაფებმა, შეგვიძლია მივიაკითხოთ და შევანჯღრიოთ ხოლმე).
15 დღის შემდეგ სპირტი გადავწუროთ და ლიმონის ქერქები
გადავყაროთ. სქელძირიან საშუალო ზომის ქვაბში 450 გრ შაქრისა და 600 მლ წყლიგან მოვადუღოთ
სქელი, ოქროსფერი სიროპი (ძალიანაც ნუ დავწვავთ და კარამელადაც ნუ ვაქცევთ - მზა სიროპს
კოვზის წვერით ცერა თითის ფრჩხილზე რომ დავიწვეთებთ, წვეთმა იდეალური მრგვალი ფორმა
უნდა შეინარჩუნოს, ოღონდ თითს ნუ დაიფუფქავთ, სიროპის 1 წვეთზეა საუბარი). სიროპი გავაგრილოთ,
გადავურიოთ გადაწურულ სპირტში, ჩავასხათ მინის ბოთლებში და ერთი კვირით სადმე გადავმალოთ.
დათქმული ვადის გასვლის შემდეგ, ლიმონჩელო მზადაა.
ლიმონჩელო დალევის წინ აუცილებლად ჩააცივეთ!
ლიმონჩელო
ნაღებით (Crema di Limoncello)
როზეტა კოსტანტინოს რეცეპტებიდან (http://www.calabriafromscratch.com/)
8 ლიმონი ქერქი, 750 მლ სპირტი, 6 ჭ რძე, 4 ჭ შაქარი
ლიმონის ქერქს საგულდაგულოდ ავათალოთ შიდა თეთრი ფენა,
თორემ ლიმონჩელო მწარე გამოგვივა. ლიმონის კანი მოვათავსოთ მინის ჭურჭელში და დავასხათ
სპირტი. ჭურჭელს თავი მჭიდროდ დავახუროთ და 1 კვირით დავდგათ გრილ და ბნელ ადგილას.
ერთი კვირის შემდეგ რძე და შაქარი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე
და გავაცხელოთ მანამ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. შაქარი რომ გადნება, გადმოვდგათ
ცეცხლიდან და გავაგრილოთ ოთახი ტემპერატურამდე. ყურადღება მივაქციოთ, რომ რძის სიროპი
ბოლომდეა გაგრილებულია, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ლიმონჩელო აიმღვრევა. ლიმონის ქერქიანი სპირტი გადავწუროთ
და რძის სიროპში გადავურიოთ. ნაღებიანი ლიმონჩელო გადავწუროთ რაც შეიძლება წვრილ საცერზე
და ჩავასხათ ბოთლებში, დავახუროთ თავსახური და შევდგათ მაცივარში მინიმუმ 1 კვირით.
ნაღების ლიმონჩელოს გახსნის შემდეგაც მაცივარში ინახავენ
და ყოველთვის ცივად სვამენ.
საუკეთესო სირვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
P.S. ვისაც უმოწყალოდ გატყავებული ლიმონების ბედი ჩემსავით გაწუხებთ - წვენი გამოწურეთ და ინგლისური ლიმონის კრემი მოამზადეთ. ჯერ ერთი, უზომოდ გემრიელია და მეორე - მინის თავსახურიან ქილაში, მაცივარში ერთი თვე ინახება და ჯემის მაგივრობას არაჩვეულებრივად წევს.
0 კომენტარი.:
Post a Comment