საახალწლო კოქტეილები შამპანურით

Approved by Natia Jinjolava


ახალი წლის მოახლოებასთან ერთად შამპანურის მაქსიმალური ოდენობის მოხმარების სეზონიც დგება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სასმელის დიდი მოყვარული არ ვარ - არის მომენტები, როცა სიატუაციას ჭიქა შამპანურივით არაფერი ამშვენებს და როცა ეს სასმელი მართლაც ენით აუწერელ სიამოვნებას მანიჭებს. თან, რაც მართალია მართალია, შამპანურს თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს და ისე არ უხდება ჩვეულებრივ სადილს ან თუნდაც ტრადიციულ ქეიფს, როგორც რამდენიმე კარატიან ბრილიანტიანი ან წავის ქურქიანი ქალი მარშუტკას. მით უმეტეს, რომ შამპანურით არ თვრებიან, შამპანურს განსაკუთრებულად კარგი განწყობის ხაზგასასმელად სვამენ და რეალურად ის ღვინოზე მეტად სადღესასწაულო ან გამორჩეული საღამოს ან თუნდაც დილის, ერთგვარი ალკოჰოლიანი ფეიერვერკის ექვივალენტი თუ ატრიბუტიკაა.
კიდევ უფრო სადღესასწაულო და ნეტარებისმომგვრელია, შამპანურიანი კოქტეილები, მით უმეტეს, რომ კოქტეილისთვის ნაკლებად სახელოვან და ნაკლებად ძვირფას შუშხუნა ღვინოებს, ანუ ჩვენში რომ იყიდება და იშოვება, ისეთს იყენებენ. თუმცა, ირიოდე მარტივი წესი აქვაც არსებობს: შამპანურიანი კოქტეილი მართლაც დაუვიწყარი რომ გამოვიდეს, ხილი (ასეთის გამოყენების შემთხვევაში), აუცილებლად ახალი და ხარისხიანი უნდა იყოს და კიდევ, მისატანებელი უნდა შევუხამოთ სწორად - ძეხვი ან ხაჭაპური ნამდვილად არ უხდება.



შამპანურის კლასიკური კოქტეილი - Classic Champagne Cocktail
1 ჭიქა
1 შაქრის კუბიკი, რამდენიმე წვეთი ბალზამი „Angostura“, შამპანური, ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭერი მოსართავად
შაქრის კუბიკი დავასველოთ ბალზამში და ჩავაგდოთ შამპანურის ჭიქაში. ჭიქა ავავსოთ შამპანურით. მოვრთოთ ლიმონის ან ფორთოხლის ნაჭრით.





ვაშლის შუშხუნა კოქტეილი - Sparkling Apple Cocktail
1 ჭიქა
30 მლ ვაშლის წვენი, 15 მლ კონიაკი, 15 მლ სიროპი, 4-5 მწვანე ვაშლის პატარა ნაჭერი, 75 მლ შამპანური
კოქტეილის შეიკერში ერთმანეთში გადავურიოთ ვაშლის წვენი, კონიაკი, სიროპი, ყინულის კუბიკები და ვაშლის ნაჭრები. ჩავასხათათ ჭიქაში და დავუმატოთ შამპანური.






სირინოზის სიმღერა - Siren’s Song
1 ჭიქა
75 მლ შამპანური, 25 მლ ელი, 15 მლ ჟოლოს პიურე, 15 მლ ჟოლოს ლიქიორი
ყველა ინგრედიენტი და ყინულის კუბიკები მოვათავსოთ შეიკერში და ვანჯღრიოთ დაახლოებით 5-10 წამი. ჩავასხათ ჭიქაში.







შუშხუნა ლიმონჩელო - Limoncello Sparkle
1 ჭიქა
30 მლ ლიქიორი ლიმონჩელო (იტალიური ლიმონის ლიქიორი0, 15 მლ ლიქიორი „კვანტრო“, შამპანური, ლიმონის კანის ბურბუშელა მოსართავად
ლიმონჩელო, კვანტრო და ყინულის კუბიკები ავრუოთ შეიკერში. ჩავასხათ შამპანურის ჭიქაში, ჭიქა ბოლომდე შევავსოთ შამპანურით და მოვრთოთ ლიმონი კანის ბურბუშელით.



ვარდისფერი ბელინი ლიმონით - Lemon Rosé Bellini
1 პორცია
1 სავსე კოვზი ლიმონის შერბეთი შემდნარი, 15 მლ ლიმონის არაყი, 75 მლ ვარდისფერი შამპანური, 2-3 ჟოლო მოსართავად
ლიმონის შერბეთი, ლიმონის არაყი და ყინული კარგად ავთქვიფოთ კოქტეილის შეიკერში. მერე დავასხათ შამპანური და მოვურიოთ. ჩავასხათ ჩაცივებულ შამპანურის ჭიქაში და ჩავაგდოთ ჟოლოები.


საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment