საშობაოდ გადარეული ევროპა

Approved by Natia Jinjolava


რა ჯობია მოგზაურობას. მთლად გადასარევია მოგზაურობა საზღვარგარეთ და ეს მოგზაურობა თუ წინასაახალწლო პერიოდსაც დაემთხვა, როგორც ერთ საკმაოდ ძველ და ცნობილ ანეკდოტში იტყოდნენ: „ხომ გიგრიალია და გიგრიალია“. მართლაც დაუვიწყარია საშობაოდ მორთულ-მოკაზმული ევროპა, მაგრამ კიდევ უკეთესია თავბრუდამხვევი სადღესასწაულო შოპინგისა და ნაირფრად განათებული ქალაქების გარდა საშობაო ბაზრობებსა და ფესტივალებსაც თუ შევესწრებით.
მოკლედ, წლევანდელი საშობაო ღონიძიებების კალენდარი ასეთია:

ზამთრის საოცრებათა ფესტივალი - ბრიუსელი, ბელგია
ბრიუსელის ზამთრის საოცრებათა ფესტივალი განსაკუთრებულად სუვენირების შეძენის მოყვარულებს გაახარებს - 2 კილომეტრი სიგრძეზე გადაჭიმული სავაჭრო კიოსკები ნაირგვარი ასორტიმენტის სიმძიმისგან იზნიქება და ნებისმიერი გემოვნების მყიდველის ნებისმიერ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სასრიალო თოვლიანი გორაკები, საციგურაო მოედანი და საშობაო ილუმინაციები კი ნამდვილ სადღესასწაულო განწყობას ქმნის. ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და 27 ნოემბრიდან 3 იანვრამდე გრძელდება.

სტრაბურგის საშობაო ბაზრობა - საფრანგეთი
სტრასბურგის საშობაო ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი  ყველაზე ძველი საშობაო ბაზრობაა და ის პირველას 431 წლის წინ ჩატარდა. ყველაზე მეტ დამთვალიერებელს პატარა საფრანგეთი ანუ Petite France იზიდავს, სადაც სტუმრებს ათასნაირი საშობაო რამე-რუმით გაძეძგილი მაღაზიები და თაფლაკვერას სახელოსნოები ელოდებათ. თანაც, შეგიძლიათ თაფლაკვერის ცხობის პროცესსაც დაესწროთ და ეს სურნელოვანი ნამცხვარი ცხელ-ცხელი მიირთვათ.
ბაზრობა ტრადიციულად 29 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე გრძელდება.

დრეზდენის საშობაო ბაზრობა - გერმანია
შტიცელმარკეტი ანუ დრეზდენის საშობაო ბაზრობა პირველად 1434 წელს გაიმართა. ამიტომ ევროპის უძველესი საშობაო ბაზრობის ამაყი ტუტულისაც სწორედ ის ატარებს. ქალაქის ისტორიულ ცენტრში ტრადიციული სუვენირებისა და საახალწლო ატრიბუტიკის მაღაზიები დაგხვდებათ. მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარულობით გერმანული საშობა ნამცხვარი კრისტშტოლენი სარგებლობს. გარდა ამისა, დრეზდენის ბაზრობა მსოფლიოში ყველაზე დიდი მაკნატუნითა და საშობაო პირამიდითაა ცნობილი.

ნურემბერგის საშობაო ბაზრობა - გერმანია
გერმანიის ამ პატარა და ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ქალაქის ბაზრობას ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ასზე მეტ პაწაწინა მაღაზიაში მსურველებს ადგილობრივი სამზარეულოს კერძებს სთავაზობენ: დაბრაწულ ნურენბერგულ კუპატებს, შესუნელებულ ცხელ ღვინოს და რასაკვირველია ნაძვის ხის საჭმელ თუ არასაჭმელ სათამაშოებსა და მოართავებს. ბაზრობის მთავარი „უცნაურობა“ კი შავი ქლიავის ჩირისგან დამზადებული ადამიანის პაწაწინა ფიგურები გახლავთ.

პრაღის საშობაო ფესტივალი (ჩეხეთი)
ნოემბრის ბოლოდან ახალი წლის პირველ დღეებამდე პრაღა ფესტივალის საპატივცემულოდ ნაირფერი ნათურებით განათებულ სამოსში ეწყობა და სტუმრებს მთელი მსოფლიოდან უხმობს. ძველ ქალაქში სუვენირებითა და ტკბილეულით გამოტენილ უამრავ ხის კიოსკებს დგამენ, ტრადიციულ ჩეხურ ძეხვეულს იქვე მოედანზე წვავენ და ცხელ გლინტვეინთან ერთად მიირთმევენ. განსაკუთრებულად საინტერესოა ხისგან და კვერცხი ნაჭუჭისგან დამზადებული ნაძვის ხის სათამაშოები.

ზალცბურგის ზამთრის ბაზრობა - ავსტრია
ზამთრის არდედეგები იწყება თუ არა, მთელი ზალცბურგი სიმღერას იწყებს და უამრავი კონცერტი იმართება. ასე,  რომ სწორედ მისი მუსიკალურობა გამოარჩევს ამ ფესტივალს დანარჩენებისგან. აი, ირმებშემბული ციგით სეირნობა ყოველ კუთხე-კუნჭულში შესრულებული საშობაო ჰიმნების და ქორალების ფონზე კი  ზამთრის ზღაპრის ჯადოსნურ გარემოს იმიტაციას ქმნის.

ტალინის საშობაო ბაზრობა - ესტონეთი
ევროპი ერთ-ერთი ყველაზე ახალგზარდა დღესაწაული, თავისი მწირი ასაკისდა მიუხედავად სულ უფრო და უფრო დიდი პოპულარულობით სარგებლობს ტურისტებში. ტალინის ქუჩებში კიოსკების რიგებს დგამენ და ხის და ქარვის სუვენირებით, ხელით ნაქსოვი ნაძვის ხის სათამაშოებით, ტანსაცმლით, ესტონური კერძებითა და ტკბილეულით ვაჭრობა აჩაღებენ.

ტივოლის ბაღები - კოპენჰაგენი, დანია
კოპენჰაგენის ცენტრში, სახელგანთქმულ ტივოლის ბაღებში ყოველწლიურ საშობაო ფესტივალს და ტრადიციულ ბაზრობას გასართობი ატრაქციონებიც ემატება. ყველაზე პატარა სტუმრებისთვის გათვალისწინებულია საგანგებო ექსკურსია სანტა კლაუსის სახელოსნოში, სადაც ნორჩებს პოლარულ ირმებთან ნაცნობობა ელით და საკუთარი თვალით ნახავენ, როგორ ამზადებენ მექანიკური ელფები სათამაშოებს.

საშობაო დოღი ლეოპარდსთაუნში - დუბლინი, ირლანდია
საშობაო დოღზე დუბლინის ერთ-ერთ რაიონში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული საცხენოსნო სპორტის მოყვარული იკრიბება. 26-29 დეკემბრის შეჯიბრის გამარჯვებულს ჯილდოთ ცხრაასი ათასი ევრო ელოდება, VIP ბილეთების მფლობელებს კი დოღის განმავლობაში თბილ ღვინოსა და საკმაოდ მსუყე ირლანდიურ საშობაო სადილს სთავაზობენ.

კერსტცირკუსი - როტერდამი, ჰოლანდია
ამ საშობაო თეატრალიზირებულ წარმოდგენას უკვე ოცდაცხრამეტ წლიანი ისტორი აქვს და მთელი მსოფლიოს ცირკის მოყვარულებს იზიდავს. დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან საგანგებოდ ჩამოსული სახელგანთქმული ჯამბაზები, აკრობატები, ვეფხვების მომთვინიერებელი და ცირკის სხვა არტისტები შოუს 18-დან 30-დეკემბრამდე ყოველდღიურად მართავენ.

გლაზგოს ზამთრის ფესტივალი- შოტლანდია
ზამთრის არდედეგების პერიოდში გლაზგო საოცრებათა სამყაროს ემსგავსება - საშობაოდ მორთული კაფეები, გაჩახჩახებული მაღაზიები, სუვენირები და საახალწლო დეკორაციები, გიგანტური ნაძვის ხე ქალაქის ცენტრი და უზარმაზარი საციგურაო მოედანი ჭეშმარიტად სადღესასწაულო განწყობას ქმნის. ფესტივალის მთავარი თავისებურება კი საქველმოქმედო საშობაო მარაფონი გახლავთ, რომელში მონაწილეობასაც ნებისმიერი მოხალისე ღებულობს, ვისაც სანტა-კლასუსის კოსტუმში გამოწყობა და ხუთი კილომეტრი ძუნძული არ ეზარება.

ბელფასტის ტრადიციული საშობაო ბაზრობა - ჩრდილოეთ ირლანდია
ბელფასტის ცენტრში საშობაო სოფელს ყოველ წელს აშენებენ და მერე ტურისტებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობენ. ამ ბაზრობის ასეთი პოპულარულობა კი იმის ბრალია, რომ ბელფასტში არა მარტო ირლანდიური, მთელი ევროპიდან ჩამოზიდული სუვენირები და ტკბილეული იყიდება: იტალიური ნუგა, ფრანგული ყველი, ბელგიური შოკოლადი და სხვ. და, რაც მთავარია, თითოეულ სტუმარს ძირძველი ირლანდიური სტუმართმოყვარეობით ხვდებიან.

საშობაო ფესტივალი ვიქტორიანულ სტილში - პორტსმუტი, ინგლისი
უკვე მეცამეტე წელია, 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით ქალაქ პორტსმუტსმუტი მე-19 საუკუნის ვიქტორიანულ ინგლისში ბრუნდება და ჯადონური ლამპიონების შოუ, ძველმოდური მეჯლისები და თეატრალიზირებული წარმოდგენები იმართება. სუვენირების მოყვარულებსთვის კი გასული საუკუნეების სტილში შექმნილი ვინტაჟური ნივთები და ვიქტორიანული ეპოქის სტილის სუვენირები და სათამაშოები იყიდება.

ტამპერეს ზამთრის ფესტივალი - ფინეთი
9 დეკემბრიდან ახალი წლის პირველი დღეების ჩათვლით, ფინეთის უძველესი საშობაო ბაზრობა იხსნება. ნამდვილი ფინური შობის ატმოსფეროს ნაციონალური ტკბილეული, ნაირგვარი ნუგბარი, ახალი წლის სათამაშოები და საჩუქრები ქმნიან. დროსტარების მოყვარულთათვის კი საშობაო გასართობი პროგრამები და თამაშობები იმართება.

ვისაც ზამთრის სუხმა თავი მოგაბეზრათ და შობა-ახალი წლის ეგზოტიკურ და უჩვეულო გარემოში გატარება გინდათ, თბილ ქვეყნებშიც უამრავი საინტერესო რამ გელოდებათ:

გოა, ინდოეთი
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ შობას სრულიად არაქრისტიანულ ინდოეთშიც ზეიმობენ. გოას საშობაო დღესაწაულს კი ყველა რელიგიისა და ეროვნების წარმომადგენელი ერთნაირად ხალისიანად აღნიშნავს. ქეიფი, ცეკვები და საჩუქრების გაცვლა-გამოცვლა გოაშიც ტრადიციულია, თუ არ ჩავთვლით ეგზოტიკურ გარემოს, მზეს, სითბოს და ოკეანეს და ნაძვის ხის ნაცვლად მოღთულ მანგოს ხეს ან ბანანის პალმას  და გლნტვეინის მაგივრად მორთმეულ ქოქოსის წვენს.

სან-მიგელ დე ალენდეს საშობაო ფესტივალი - მექსიკა
შობის წინა პერიოდში მექსიკის ამ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კულტურული ცენტრს მილიონობით მოჩახჩახე ნათურისგან, პრაქტიკულად, ცეცხლი ეკიდება. ქალაქის მთავარ მოედანზე თეატრალიზირებული და კოსტუმირებული მსვლელობები, ფეიერვერკები, ლათინოამერიკული სიმღერები და ცეკვები იმართება. ტრადიციულ საობაო ნუგბარი - ადგილობრივი პონჩე „იროსკა დე რეისი“ ანუ პუნში ბრენდითა და ხილით და ტკბილი პური ყოველ ნაბიჯზე იყიდება.

საშობაო დღესასწაული ჩიკაგოში - აშშ
ზამთრის არდედეგების პერიოდში ეს საკმაოდ პირქუში ამერიკული ქალაქი ჯადოსნურად გარდაიქმნება და მთავარ ქუჩაზე ტრადიციული გერმანული ბაზრობა იხსნება - ნაციონალური გერმანული სათამაშოებით, სუვენირებით, კლასიკურად დადუღებული ლუდით და შემწვარი კუპატებით. ძალიან ლამაზია საოცრებათა ფესტივალი „ნავი პიერიც“ საზეიმდო მორთული პარკ-ატრაქციონითა და უზარმაზარი საციგურაო მოედნით.

როგორც ხედავთ, არჩევანი დიდია. მით უმეტეს, რომ ეს ჩამონათვალი დეკემბრის ბაზრობებისა და ფესტივალების მხოლოდ მცირე ნაწილია. ასე რომ, ახლა ისღა დაგვრჩენია, გადაწყვეტილება მივიღოთ და პირდაპირ ბილეთის შესაძენად გავემართოთ.

საუკეთესო საშობაო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment