ფორთოხლის კანის ცუკატი

Approved by Natia Jinjolava


დაშაქრული ფორთოხლის ან ნებისმიერი ციტრუსის კანის ცუკატი ძალიან გემრიელია თვითონაც, შოკოლადში ამოვლებულიც და ნებისმიერ კექსში თუ ნამცხვარშიც. ერთნაირად კარგია ფორთოხალიც, მანდარინიც, გრეიპფრუტიც და ლიმონიც და რაც მთავარია, ერთხელ მზადდება და მერე დიდხანს ინახება და თანაც 5-6 ფორთოხლის ცედრა საკმაოდ ბევრი გამოდის.
მოკლედ, ავარჩიოთ 5-6 ჯანსაღი, შეუწამლავი და მწიფე ფორთოხალი და პატარა ბასრი დანით დავუსეროთ კანი დაახლოებით ლებნების ზომაზე, მერე კი მანდარინივით ხელით გავფცქვნათ. ნაფცქვენები ჩავყაროთ ჯამში და დავასხათ იმდენი ცივი წყალი რომ დაფაროს. შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და წამოვადუღოთ. ვადუღოთ ზუსტად 2 წუთი, მერე გადავწუროთ, კიდევ ერთხელ დავასხათ ცივი წყალი, ისევ წამოვადუღოთ, ვადუღოთ 2 წუთი და ისევ გადავწუროთ - ასე ფორთოხლის კანი მთელ სიმწარეს დაკარგავს. იგივე გავიმეოროთ მესამედაც. მერე გადავწუროთ, გავაგრილოთ და დანით ფრთხილად ავათალოთ შიგნითა თეთრი ფენა - ყურადღება მივაქციოთ, რომ ექერქი ძალიან არ გაგვითხელდეს. თეთრგულათლილი ქერქები ისევ ჯამში დავაბრუნოთ, დავასხათ წყალი და 2-ჯერ გავიმეოროთ იგივე პროცედურა რაც მანამდე. ანუ, სულ 5-ჯერ უნდა წამოვადუღოთ, 2 წუთი ვადუღოთ და გადავწუროთ.
4 ჭიქა შაქრის, 2 ჭიქა წყლის და 2 ს/კ ლიმონი წვენისგან მოვადუღოთ სიროპი. წამოვადუღოთ და ვხარშოთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. სიროპში ჩავყაროთ მოხარშული ფორთოხლის ქერქი და ასევე დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ მინიმუმ 1 საათი, სანამ წებოვანი და პრიალა არ გახდება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და მთელი ღამე გავაჩეროთ. მეორე დილისთვის სიროპი კარგა გვარიანად შესქელდება. ქერქები სათითაოდ ამოვოღოთ სიროპიდან, 2 თითს შორის ფრთხილად გავატაროთ დასაწურად და ცხაურზე დავალაგოთ გასაშრობად. ასე დავტოვოთ 24 საათი. მერე თეფშზე დავყაროთ შაქარი და ფორთოხლის ცუკატები სათითაოდ ამოვგანგლოთ, ფენებად ჩავალაგოთ რაიმე ჰერმეტულ ჭურჭელში (შეგვიძლია ფენებს შორის პერგამენტის ქაღალდი ჩავაყოლოთ), თავსახური კარგად დავაფაროთ და მაცივარში შევინახოთ.



საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment