22.12.12
მარციპანის ნაზუქი - გერმანული საშობაო ნამცხვარი
Approved by
Marzipan stolen
600 გრ ფქვილი (ყველა პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის ან თბილი),
40 გრ საფუარი, დაახლოებით 250 მლ თბილი რძე, 1 პაკეტი ვანილის შაქარი, 125 გრ შაქარი,
1 კვერცხი, 2 კვერცხის გული, 250 გრ დარბილებული კარაქი, ¼ ჩ/კ მარილი, 1 ლიმონის გახეხილი ცედრა, თითო მწიკვი
დაფქული მიხაკი, ჯავზის კაკალი (მუსკატი) და ილი, 2-3 წვეთი მწარე ნუშის ესენცია, 1
ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი, 100 გრ მუქი ქიშმიში, 100 გრ მსხვილი ყვითელი ქიშმიში, 50 გრ
ლიმონის ცუკატები, 50 გრ ფორთოხლის ცუკატები, 200 გრ მსხვილად დაჭრილი ნუში, 250 გრ
მზა მარციპანის მასა, 3 ს/კ ალუბლის ლიქიორი, 125 გრ შაქრის პუდრა
50
გრ კარაქი ნაზუქზე გადასასმელად, 2 პაკეტი ვანილის შაქარი და 100 გრ შაქრის პუდრა ზემოდან
მოსაყრელად
დიდი ზომის ჯამში ჩავაცრათ ქფვილი, შუაგულში გავუკეთოთ
ჩაღრმავება. ამ ჩაღრმავებაში ჩავყაროთ საფუარი, დავაყაროთ 1 კოვზი შაქარი, დავასხათ
რძე და ცოტა ფქვილიც გადავურიოთ. დავდგათ თბილ ადგილას 10-15 წუთით. მერე დავუმატოთ
დარჩენილი შაქარი, ვანილი, კვერცხი, კვერცხის გულები, მარილი და დარჩენილ ფქვილს შევაზილოთ.
პატარა-პატარა პორციებად შევაზილოთ კარაქიც. მერე გადავურიოთ ლიმონის ცედრა, სანელებლები,
ესენციები და მოვზილოთ ერთგვაროვანი მასა. ცომი ვზილოთ, სანამ ბუშტუკებს არ გაიკეთებს
და ჯამის კედლებ არ მოშორდება. გადავაფაროთ ჩაის ტილო და კიდევ 25-30 წუთი გავაჩეროთ
თბილ ადგილას. ზომაში ორჯერ უნდა გაიზარდოს.
სანამ ცომი ამოდის, ქიშმიშები, ცუკატები და ნუში ერთმანეთში
გადავურიოთ. მოვაყაროთ ცოტა ფქვილი და კარგად მოვურიოთ (ქიშმიში და ცუკატები ფქვილში
უნდა ამოიგანგლოს). მარციპანი მასა დავფშვნათ, დავუმატოთ ლიქიორი და შაქრის პუდრა და
კარგად მოვზილოთ. მერე ძეხვის ფორმაზე დავაგორგოლაოთ.
ამოსული ცომი კარგად მოვზილოთ და დავუმატოთ ქიშმიში,
ცუკატები და ნუში. დაფაზე ფქვილი მოვაყაროთ და ცომი გავაბრტყელოთ სადღაც 1,5 სმ-ი სისქის
არასწორი ოვალის ფორმაზე. ცომს შუაში სიგრძეზე გავუკეთოთ ჩაღრმავება და ამ ჩაღრმავებულში მოვათავსოთ მარციპანის ძეხვი (ძეხვის სიგრძე
ცომის გრძელ მხარეზე ოდნავ მოკლე უნდა იყოს). ცომის ჯერ ერთი მხრიდან გადავკეცოთ და მარციპანის „ძეხვს“
გადავაფაროთ, მერე მეორე მხარეც გადმოვკეცოთ, ისე რომ მარციპანი ცომში გახვეული აღმოჩნდეს.
ნაზუქის თავს და ბოლოს ხელის გულით დავაწეთ და „ჩავკეტოთ“. გამზადებული ნაზუქი ცხიმწასმულ
საცხობ ფირფიტაზე გადავიტანოთ ნაკეცითქვევით და კიდევ 20-30 წუთი გავაჩეროთ.
ამასობაში ღუმელი გავახუროთ 175°C-მდე. შევდგათ ნაზუქი
და ვაცხოთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში,
სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება.
გამომცხვარ ნაზუქს ცხლადვე გადავუსვათ გამდნარი კარაქი,
რომ გაცივდება, ხვავიანად მოვაყაროთ ვანილიან შაქარგარეული შაქრის პუდრა.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment