11.12.12
ლათინოამერიკული ცეკვა აფრიკული დოლის ბრაგუნის ქვეშ
Approved by
არის ამ ქვეყნად უცვლელი ჭეშმარიტებების და მოცემულობების
მთელი რიგი, რასაც არ სწავლობენ, რაც უბრალოდ ვიცით და მორჩა. ხშირად მიყვარს ხოლმე
გამეორება და ახლაც ვიტყვი, რომ მეტ-ნაკლებად „ოჯახში გაზრდილმა“ და „წერა-კითხვის
მცოდნე“ ადამიანმა ლამის გენეტიკის დონეზე იცის, რომ დეზდემონა ოტელომ მოკლა, ოტელო
იყო შავი, პირამიდა კი ეგვიპტეშია აღმართული და ამისთვის სულ არ არის საჭირო შექპირის
წაკითხვა ან აფრიკის მონახულება - მგავსი ინფორმაცია გარემოცვიდან გვესმის და ერთგვარი
თანდაყოლილი ცოდნის რანგში გადის.
სწორედ ასეთ კატეგორია განეკუთვნება ტანგოც - შეიძლება
არცერთ კონცერტზე არ იყო ნამყოფი, არ ცეკვავდე თვითონ ან სულ ვერ ერკვეოდე ქორეოგრაფიაში,
მაგრამ ტანგოს თუ ვერ ცნობ... დავიბენი, ვერ ჩამოვყალიბდი რა კატეგორიის ადამიანი შეიძლება
ვერ ცნობდეს ტანგოს. ალბათ მაუგლი და ტარზანი, ისიც ცივილიზაციაში დაბრუნებამდე. შეიძლება
არ მოგწონდეს, არ იწვევდეს შენში განსაკუთრებულ ემოციებს მაგრამ ისევე წარმატებულად
უნდა არჩევდე ბრეიკ-დანსისგან, როგორც ოპერას ბრეიკ-ბითებისგან და ამისთვის სულ არ
არის მოცეკვავეობა საჭირო.
დღეს კი, ტანგოს საერთაშორისო დღეა და სანამ მთელი მსოფლიოს
ტანგომანები ცეკვავენ (და იმედს ვიტოვებ, რომ თბილისის ტანგოს კლუბიც გეგმავს რამეს),
გადავწყვიტე ჩემი მოკრძალებული ხმა მეც ამომეღო, საწერად გავემზადე და უცებ მივხვდი:
გულწრფელად გაინტერესებთ ვინმეს ტანგოს ისტორია, ან მისი სახელის წარმოშობა? არა, კითხვა არასწორად დავსვი
- რა გირჩევნიათ, ტანგოს თეორიაზე ჩემი ყბედობის მოსმენა თუ პროფესიონალების მიერ შესრულებული
ტანგოს ყურება? ალბათ ძალიან კარგია, როცა არგენტინულ-ურუგვაულ, სამეჯლისო ან ფინურ
(დიახ, ასეთიც არსებობს) ტანგოს ერთმანეთისგან არჩევ, მაგრამ ამისთვის სულ არაა საჭირო
ზუსტად იცოდე სიტყვა „ტანგო“ ლათინური tangere ანუ „შეხებისგან“ წარმოიშვა თუ ესპანური
tambor - „დოლისგან“ და მართლა ნიშნავს თუ არა ნიგერიული ტომი იბიბიოს ენაზე „დოლის
მუსიკი ქვეშ ცეკვას“.
ერთი სიტყვით, ის დროა მე გავისუსო და სცენა... უკაცრავად,
ფურცელი კონოფილმებს და პროფესიონალებს დავუთმო -
ჩემი აზრით, კინოს ისტორიის ყველა დროის ყველაზე მაგარი
ტანგო
კლასიკური ტანგოს ნაკლებად ცნობილი სცენა ფილმიდან:
„Take It Lead“
და, რასაკვირველია, ტანგო სამის შესრულებით. ამ ცეკვაში
იმდენი ცეცხლია ჩადებული, აბა, სხვანაირად როგორ...
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment