ახალი წელი და ადამიანები

Approved by Natia Jinjolava


ახალი წლის თუ სეზონის დაწყებას მსოფლიოს სხვადასხვა ხალხები უხსოვარი დროიდან თავისი ტრადიციებისა და მოთხოვნილებების თანახმად განსაზღვრავენ. სურვილი და შესაძლებლობა თქვი, თორემ პირველ იანვარს რომ მივუსხდებით სუფრას, თამამად შეგვიძლია გავაგრძელოთ, ჯერ ძველით ახალ წლის, მერე ჩინური, პაკსიტანური, ინდური (ხვათა შორის, ინდოეთის სხვადასხვა შტატები ამ დღესაწაულს სხვადასხვა დროს აღნიშნავენ და მთელი მარტი გარანტირებულად დაკავებული გვექნება), ზოროასტრული, ირანული, ბენგალური, მექსიკური, ძველეგვიპტური, ებრაული, ეთიოპიური ახალი წლების აღნიშვნა და 18 ნოემბერს დავამთავროთ ჰავაის კუნძულებთან ერთად. მერე თვენახევარი დავისვენოთ და ამასობაში საკუთარიც მოგვისწრებს.
დღეისთვის, ლამის მთელ მსოფლიოს მოდებული ახალი წლის 1 იანვარს აღნიშვნის ტრადიციაც არ დამკვიდრებულა ასე მარტივად და ერთბაშად - ევროპული ქვეყნების უმეტესობა კარგა ხანს მიიჩნევდა ახალი წლის დასაწყისად 1 მარტს, 23-15 მარტს, აღდგომას, 1 სექტემბერს და 25 დეკემბერსაც კი. აღარ ვლაპარაკობ იმ ქვეყნებზე, რომლებიც დღესაც საკუთარი ლოკალური კალენდრით ცხოვრობენ და შედეგად ჩვენი დამდეგი 2013 წლის პარალელურად, ჩინელები 4698 (10 თევერვალს), ინდოელები 1922 (22 მარტს), ნეპალელები 2057 (13 აპრილს), მუსლიმები 1420 (21 ივნისს), ებარელები 5761 (15 სექტემბერს) წელს ხვდებიან. იაპონლებიც კი, რომელთა ახალი წელიც ჩვენსა ემთხვევა, 1 იანვარს კი აღნიშნავენ, მაგრამ წელთაღრიცხვა საკუთარი აქვთ და კაცმა არ იცის (რასაკვირველია, თავად იაპონლების გარდა) ახლა რომელი წელი დგება.
ცალკე სასაუბრო თემაა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთა საახალწლო ტრადიციები და სიმართლე გითხრათ ამ საკითხი წამოწევას სულ არ ვაპირებდი, მაგრამ რამდენიმე იმდენად საინტერესო ტრადიციას გადავწყდი, რომ ვერ ვჩუმდები:
ახალი წელი დადგება თუ არა, შოტლანდიელი კაცები სახლიდან სასწრაფოდ გადიან და მეგობრების სახლებიკენ მიეშურებიან - ქალი მეკვლე უბედურების მომტანად ითვლება. ამიტომ, ყველა ოჯახში პირველმა კაცმა უნდა შეაბიჯოს და რაც უფრო შავია კაცი და რაც უფრო მეტი თმა-ბანჯგვლ-წვერითაა შემოსილი, მით უფრო ბედნიერი და იღბლიანი იქნება ახალი წელი.  
უნგრეთში 1 იანვარს მონეტებით სავსე აბაზანაში ბანაობენ.
დანიელებმა შესანიშნავ გასართობს მიაგნეს - ახალი წლის ღამეს მეზობლის ღობიდან ჭიშკარს ხსნიან და მისივე სახლის სახურავზე ან ახლომდებარე ხეზე ააქვთ. ვერაფერს იტყვი, ჭეშმარიტად საახალწლო და გასართობი საქმიანობაა: მთელი ღამე რომ დაბოდიალობ, მძიმე ჭიშკერბს ხსნი და მერე ხეზე აგაქვს.
ფინელები ჯერ კარგად ბანაობენ და მერე მინიმუმ ცხრაჯერ უსხდებიან მაგიდას. ყველაზე მეტი კი მასპინძელმა უნდა ჭამოს.
დანიელებზე არანაკლებ საინტერესო და სრულიად საახალწლო საქმე გამონახეს პორტუგალიაში: 31 დეკემბერს ფანჯრებს რეცხავენ, 1 იანვარს კი სარკეებს.
ქეიფს შეყოლილი აბეზარი სტურმების ზრდილობიანად თავიდან მოშორების შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს იაპონელებმა - ცოცხი გამოაქვთ და გამოსაჩენ ადგილას ტარით ქვევით აყუდებენ, რაც ზრდილობიან იაპონურზე დაახლოებით ასე ჟღერს: „დროზე მოცოცხეთ აქედანო“ და სტუმრებიც მორჩილად მიდიან.
კიდევ უფრო შორს წავიდნენ ფილიპინელები: ახალი წლის მეკვლეებს და მომლოცველებს ორი დღის განმავლობაში ძღომამდე აჭმევენ, მერე კი ჩვარს, ცოცხს და იატაკის ტილოს აძლევენ და სახლს ალაგებინებენ.
კამბოჯელები ახალი წლის დადგომასთან ერთად, ხელში ბარს ან ნიჩაბს იღებენ და ქვიშის გორაკების მშენებლობას იწყებენ: თითო გორაკი, თითო მონანიებულ/ნაპატიებ ცოდვას ნიშნავს. ასე, რომ რომელიმე კამბოჯელის სახლთან ძალიან ბევრ გორაკს თუ შენიშნავთ, შორიდან შემოუარეთ - აშკარაა, რომ მისი პატრონი მაინცდამაინც კარგი ხასიათით ვერ დაიკვეხნის.
ინდოეთში კი ახალ წელს განსაკუთრებულად ზრდილობიანად საუბრობენ და წინა წლის მანძილზე დაგროვებულ ვალებს აბრუნებენ...
ერთი სიტყვით, აშკარაა, რომ ახალ წელს, სადაც და როდისაც არუნდა იყოს, ყველა თავისებურად უბერავს. მაგრამ ერთი საერთო ყველას აქვს: ამ დღეს ყველა ახალი ცხოვრების დასაწყებად ემზადება, ბევრს ჭამენ, ბევრს სვამენ და ბევრს მხიარულობენ, ერთმანეთს წყენას და შეცდომებს პატიობენ, ყველა უყვართ, ცხოვრება უხარიათ და ალბათ, ეს წელიწადის ლამის ერთადერთი დღეა, როცა ყველა ადამიანი ერთნაირად კეთილი და კარგია.

საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი პოპინსი

0 კომენტარი.:

Post a Comment