21.12.12
იღბლის მომტანი საახალწლო მენიუ
Approved by
ეტყობა რაღაც გენეტიკის დონეზეა ჩადებული - ახალი წლის
დადგომასთან ერთად მორწმუნეც და ცრუმორწმუნეც, მეოცნებეც და პრაგმატიკოსოც, ოპტიმისტიც
და პესიმისტიც ერთნაირად ელის ან ემზადება უფრო უკეთესი, წარმატებული და იღბლიანი ცხოვრებისთვის.
ახალი წელიც ერთგვარი მომდევნო „ორშაბათივითაა“, რომლის მერეც იწყებ დიეტას, ვარჯიშს
ან თავს ანებებ სიგარეტის მოწევას. ოღონდ, იმ ყბადაღებული ორშაბათისგან განსხვავებით,
როცა საკუთარ კეთილდღეობაზე თავად უნდა იზრუნო (უარი თქვა ტკბილეულზე, იარო სპორტულ
დარბაზში ან ფრჩხილები დაიკვნიტო მორიგი სიგარეტის ნაცვლად), ახალმა წელმა სიახლე და
უკეთესობა ჩვენი შრომის გარეშე, თვითონ უნდა მოგვიტანოს. რითიც გარკვეულწილად ჯადოსნურ და
მითიურ ელფერს იძენს.
პირდაპირ გეტყვით, ზღაპრების და ჯადოსნობის არ მჯერა
და გულწრფელად მწამს, რომ ყველა ადამიანმა თავის თავს უნდა უშველოს თვითონ, მაგრამ
პატარა და უწყინარ სასწაულზე უარს არასოდეს არ ვამბობ - კარგი რამე თავისით თუ მოხდა,
აბა, რა არის ამაში ცუდი? ერთხელ მეგობარმა მასწავლა: ზღვაზე ზღვის ჩასვლის დროს, მზე
ზღვის ზედაპირს შეეხება თუ არა, კენჭი უნდა აიღო, მუჭში მოიმწყვდიო და სურვილი ჩიფიქრო,
თან ხმას ნუ ამოიღებ, მზეს თვალს ნუ მოაშორებ და როგორც კი მზე ბოლომდე ჩაიძირება ზღვაში,
კენჭი წყალში გადააგდე და სურვილი აუცილებლად აგისრულდებაო. უნდა გითხრათ, საკმაოდ
ძნელია მზის ასეთ მომენტში გამოჭერა - როგორც წესი ჰორიზონტზე გაჭიმული ღუბლები ეფარება
და სულ ორიოდეჯერ მოვახერხე ზემოთ მოყოლილის განხორციელება... უკვე გითხარით, რომ სასწაულის
არ მჯერა, მაგრამ თუ მართალია ხომ კარგი და თუ არა - განა რა გავაფუჭე ამით? მით უმეტეს,
რომ მზე წყალში სულ რაღაც 31 თუ 37 წამში იმალება.
ასეთ დროს ერთი საბჭოთა ანეკდოტი მახსენდება ხოლმე ვოვაჩკაზე:
ათეისტი მასწავლებელი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს
ასწავლის, რომ ღმერთი არ არებობს და მოუწოდებს: - აბა, ბავშვებო, მოვუქნიოთ ღმერთს
მუშტი და დავუძახოთ „არ არსებობ, არ არსებობ“! ვოვაჩკა, რატომ არ იქნევ მუშტს და რატომ
არ უძახი ღმერთს რომ არ არებობს? - მასწავლებელო, თუ არ არებობს, მუშტი რატომ ვუქნიო
და თუ არსებობს, რატომ ვაწყენინო...
ერთი სიტყვით, ჩემგან თუ არაფერი მიდის, რატომ არ დავიცვა
მარტივი „უსაფრთხოების“ ან იღბლის მოსაზიდი წესები? და, რადგან წესებზე ჩამოვარდა საუბარი,
ახალი წელი ახალ წლად, მაგრამ ეს წესები იმასაც ამბობენ, რომ ახალი წლის იღბალსაც მოზიდვა უნდა
და ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება საახალწლო სუფრაა. ოჯახში კეთილდღეობის და ბარაქის
შემოსატყუებლად ყველა ხალხი თავის კუთხურ ტრადიციებს მიმართავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ
არსებობს მეტ-ნაკლებად ყველასთვის მისაღები და უკვე კარგად ნაცად-გამოცდილ-აპრობირებული
პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ახალი წლი სუფრაზე უნდა იყოს ან არავითარ შემთხვევაში
არ უნდა იყოს. მაშ ასე:
ყურძენი
ესპანურენოვან ქვეყნებში საათის რეკვასთან ერთად 12
მარცვალი ყურძნის ყლაპვის ტრადიცია 1909 წელს ალიკანტელი მეღვინეების ხელდასმით ჩამოყალიბდა
და მალე თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო. ამ ქმედების არსი იმაში მდგომარეობს, რომ თითო
ზარის რეკვა და თითო გადაყლაპული მარცვალი წელიწადის თითო თვეს განასახიერებს და შესაბამისად
- ტკბილი ყურძენი - წარმატებული თვეა, მჟავე - ჩაფლავებული. ზოგან ეს ჩვეულება განავრცეს
და ყოველ მარცვალზე თითო სურვილს იფიქრებენ - რაც მერწმუნეთ მარტივი საქმე სულ არ არის:
ჯერ ერთი, შპარგალკის გარეშე არაფერი ამოგივათ, 12 სურვილის ზედმიწევნით დამახსოვრება
და საათის თითო ჩამოკვრაზე თანმიმდევრულად და უშეცდომოდ გამეორება სულ არ არის იოლი
და თან გააჩნია სად ხართ. სანამ სხვები ერთმანეთს ულოცავენ და ეხვევიან, თქვენ ჭიქით
ხელში დგახართ და ყურძნის მარცვლებს თვალებდაჭყეტილი და კონცენტრირებული ყლაპავთ...
ერთი სიტყვით, ყველაფერს აჯობებს, უბრალოდ სუფრაზე გამოტანილი ყურძნით შემოვიფარგლოთ.
მოთუშული
მწვანე ფერის ბოსტნეული
მოთუშული ისპანახის, ფოთლოვანი კომბოსტოს, ბრიუსელის
კომბოსტოს, მწვანე ლობიოს ან ნებისმიერი სხვა მწვანე ფერის ბოსტნეულის (პრასს არ გირჩევთ,
რაც არ უნდა იყოს მაინც ხახვის ჯიშისაა) კერძები ძალიან ბევრ ქვეყანაში დაპაჩკული დოლარების
სიმბოლოდ ითვლება და შესაბამისად ეკონომიკურ ზრდა და ბარაქას განაახიერებს.
ლობიო,
ბარდა, მუხუდო და მსგავსნი მისნი
ლობიო, მუხუდო, ბარდა, ოსპი და მსგავსი პარკოსანი თუ მარცვლეული მცენარეები თურმე
ფულის სიმბოლოა. მათი პატარა და წვრილი მარცვლები მონეტებს განასახიერეს და რაც უფრო
წვრილი და მეტია მარცვალი, მით უფრო მეტი იქნება
თქვენი ოჯახის ფინანსური წარმატება. მოხარშული და მომზადებული ლიბიო კი იტალიელებს
და გერმანელებს თუ ვენდოით, საერთოდ ფინანსურ ჯილდოს განასახიერებს. ამ მხრივ ევროპელები განსაკუთრებულად მწვანე ოსპს
წყალობენ, იაპონლები კი ბრინჯიან კერძებს.
ღორის
ხორცი
ახალ წელს ღორის ხორცის ჭამის ტრადიცია, გაგიკვირდებათ,
მაგრამ ღორის პროგრესულობათან და მის ურყევ წინსვლის სურვილთანაა დაკავშირებული. მოგეხენებათ, რაც არ
უნდა მოხდეს, ღორი არასდროს იხევს უკან და ყოველთვის პირდაპირ მიდის. ყველა გამოცდილმა
მძღოლმა, იცის: წინ თუ ღორი გადარბის, რაც არ უნდა უსიგნალოს, იკივლოს და იწივლოს,
ღორი გზა გააგრძელებს და არასდიდებით არ დაიხევს უკან. ავსტრიელები საახალწლო სუფრას
მარციპანისგან გამოძერწლილი ღორის პაწაწინა ფიგურებითაც კი რთავენ. იტალიელები და ამერიკელები
კი ღორს წინსვლათან ერთად წარმატებისა და ბარაქის მომტანადაც თვლიან.
თევზი
თევზს ყველა დროის და ეპოქის საახალწლო სუფრაზე ეკავა
ადგილი. ამ დღეს ვირთევზას ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მიირთმევდნენ. თევზის წვეულებებზე
მოხვედრას მარხვის დრო ხორცის წინააღმდეგ მებრძოლი ეკლესიაც უწყობდა ხელს. ვირთევზას
საყოველთაო პოპულარულობას კი მისი ერთი თვისება განაპირობებდა: უმაცივრობისა და სწრაფი
ტრანსპორტის არარებობის ეპოქაში იგი ლამის ერთადერთი თევზი იყო, რომელიც უპრობლემოდ
გადაჰქონდათ ხმელთაშუა ზღვიდან აფრიკამდე, იქიდან კი კარიბის ზღვამდე. ასე, რომ ვირთევზა,
ქაშაყი და კობრი შემწვარ, მოხარშულ თუ შებოლილ მდგომარეობაში ევროპის თითქმის ყველა
ქვეყნის და ამერიკული საახალწლო სუფრის განუყოფელ კომპონენტად იქცა. უფრო მეტიც, გერმანიის
ზოგიერთ რეგიონში თევზის ქერცლებს საფულითაც ატარებენ - ამბობენ, იღბალი მოაქვსო. იაპონიაშ
უმი ქაშაყი ბარაქის და ნაყოფიერების სიმბოლოა, კრევეტი - დღეგრძელობის, სარდინის ტარანი
კი კარგი შემოსავლის და მოსავლის.
ნამცხვრები
და მისთანანი
ახალი წლის სუფრაზე რომ ტკბილი უნდა ვჭამოთ და პირველი
გოზინაყი ჩავკბიჩოთ, ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ. მოგეხსენებათ, ახალ წელს როგორც
შევხვდებით, მთელ წელს ისე გავატარებთ.
ჩვენი გოზინაყის ალტერნატივად იტალიელები თაფლმოსხმულ
და შაქრის პუდრამოყრილ პასტის ცომის ბურთებს, Chiacchiere-ს აცხობენ; პოლონელები, უნგრელები
და ჰოლანდიელები პონჩიკებს მიირთმევენ; ძალიან ბევრგან საახალწლო ნამცხვარში მონეტას
მალავენ და ვინც იპოვის იმას ბედნიერი წელი ექნება; მექსიკელები Mexico’s rosce de
reyes - მრგვალი ფორმის ნამცხვარს ერთს კი არა, რამდენიმე სიურპრიზს აყოლებენ ცომში;
საბერძნეთში მონეტაჩაყოლებულ vasilopita-ს შუაღამის მერე ჭრიან, პირველ ნაჭერს წმინდა
ბასილს უძღვნიან, მერე კი ნამცხვარს ასაკის მიხედვით, უფროსიდან უმცროსამდე ურიგებენ
სტუმრებს; შვედები და ნორვეგიელები საახალწლო ბრინჯი პუდინგში ნუშის ლებანს აგდებენ
- ვისაც შეხვდება გარანტირებული წარმატება ელის; მოკლედ, არჩევანი დიდია.
ახლა მთავარი:
რა
არ უნდა ვჭამოთ ახალ წელს
კიბორჩხალა - იმიტომ რომ უკან-უკან მოძრაობს; ქათამი
- იმიტომ რომ მიწას ფეხებით უკან ფორჩხნის, ეს ყველაფერი კი წარსულზე სინანულ უკავშირდება.
კიდევ ერთი თეორია ფრთოსნების ჭამას საერთოდ კრძალავს - იღბალი რომ არ გაფრინდეს.
გარდა იმსა, რომ რაღაცის ჭამა აუცილებელი და რაღაცა არ იჭმევა, ჭამასაც თავისი წესები აქვს: გერმანელები საახალწლო სუფრაზე რასაც კი
ჭამენ, ყველა კერძის თითო ლუკმას ტოვებენ თეფშზე მომავალი წლის ბარაქის და სისავსის
გარანტიისთვის; ფილიპინელები კი მაგიდას ჩვენსავით 12 საათისთვის აწყობენ.
ერთი სიტყვით, არჩევანი მართლაცდიდია, ახლა ყველაფერი მხოლოდ
თქვენზე და თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
საუკეთესო სურვილებით, თქვენი მერი
პოპინსი
0 კომენტარი.:
Post a Comment